სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის 92 იურიდიულ პირში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება 2022 წელს გაიზარდა,
- შესაბამის
კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში მომუშავე 8 406 ადამიანზე მიმდინარე წელს უკვე გაცემული და წლის ბოლომდე გასაცემი შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა 52,237,836 ლარია, რაც რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ჯამური ასიგნებების 24%-ს შეადგენს.
"ათინათი" აღნიშნულ კვლევას სრულად გთავაზობთ:
"წინამდებარე კვლევაში თავმოყრილია ინფორმაცია ზუგდიდის, ფოთის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მესტიის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების შესახებ, ასევე მხოლოდ იმ შპს-ების შესახებ რომლებიც სუბსიდიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020-2022 წლებს.
ძირითადი მიგნებები:მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებენ ისეთი იურიდიული პირები, რომელთა ფუნქციები დუბლირებულია ერთმანეთთან ან სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა უწყებებთან.
ცალკეული იურდიული პირების მმართველ, ადმინისტრაციულ რგოლებში არაგონივრულად დიდი ოდენობის საშტატო ერთეულებია შექმნილი.
მუნიციპალიტეტების უმეტესობას ერთი ტიპის მომსახურების მისაწოდებლად რამდენიმე ა(ა)იპ აქვს შექმნილი, ძირითადად სპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროში.
მუნიციპალური შპს-ების უმეტესობა წამგებიანია და საბიუჯეტო სუბსიდიაზეა დამოკიდებული.
2022 წელს მუნიციპალურ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა აბაშისა.
თუკი 2020 წელს რეგიონის 9 მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში 7,798 ადამიანი მუშაობდა, 2021 წელს 8,216-მდე, 2022 წელის მარტის მდგომარეობით კი 8,406-მდე გაიზარდა.
2022 წელს გაიზარდა შრომის ანაზღაურების მოცულობაც, ყველაზე მეტად - 29 პროცენტით სენაკში, ყველაზე მცირედ - 7 პროცენტით კი ხობის მუნიციპალიტეტში.
2020 წელს ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში 36,411,064 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურება გაიცა, 2021 წელს 41,100,298 ლარამდე გაიზარდა, 2022 წელს კი უკვე გაცემული და გასაცემი ანაზღაურების ჯამური მოცულობა, წინა წელთან შედარებით, თითქმის 10 მილიონი ლარით მეტია და 52,237,836 ლარს შეადგენს.
ყველაზე მეტი - 20 იურიდიული პირი ფოთის მუნიციპალიტეტს აქვს დაფუძნებული, 18 ა(ა)იპ-სა და 2 შპს-ში, ჯამში 1,425 ადამიანი მუშაობს. ფოთის მუნიციპალიტეტს ასევე აქვს კიდევ ერთი შპს "კომპიუტერული სტამბა", თუმცა იგი დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით ფუნქციონირებს.
ყველაზე მეტი, 2 628 ადამიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 13 იურიდიულ პირში მუშაობს, მათზე 2022 წელს გასაცემი შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა კი 19,397,087 ლარია.
აბაშის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, სადაც იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს შემცირდა. აბაშის (ა)იპ-ებში 2020 წელს 645 ადამიანი იყო დასაქმებული, 2021 წელს 669, 2022 წლის მარტის მდგომარეობით კი მათი რაოდენობა 619-მდე შემცირდა.
ფუნქციათა დუბლირებაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში ორი იდენტური ფუნქციის მქონე ა(ა)იპ მუშაობს: “წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური" და “ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური”. ერთი ქალაქ წალენჯიხასა და წალენჯიხის სოფლებს, მეორე კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალ ქალაქ ჯვარს ემსახურება დასუფთავების, გარეგანათების, წყალმომარაგების და ა.შ. საკითხებში. ორივე ა(ა)იპ-ში 169 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ადმინისტრაციულ რგოლში 30-ზე მეტი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მომსახურების მიწოდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ერთი ა(ა)იპ-სა და უფრო მცირე ადმინისტრაციის მეშვეობითაც შეუძლია.
2019 წლიდან ფოთის მუნიციპალიტეტში ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ოთხი ა(ა)იპ ფუნქციონირებს. მანამდე ამ მომსახურებას ერთი ა(ა)იპ - "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრი" ახორციელებდა.
ფოთის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, რომელსაც ცალკე ა(ა)იპ აქვს დაფუძნებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობის მიზნით. ეს სერვისი სხვა ყველა მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის საკითხებზე მომუშავე იურიდიულ პირებს აქვთ შეთავსებული. ა(ა)იპ "ფოთის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრში" 14 ადამიანია დასაქმებული, ამათგან 4 მესაფლავეა, 10 პოზიცია კი დირექტორს, მის მოადგილეს, ორი განყოფილების უფროსსა და სპეციალისტებს აქვთ გადანაწილებული.
ფოთში, ასევე ცალკე არსებობს იურიდიული პირი "ფოთის ცენტრალური პარკი", რომლის ძირითადი ფუნქცია, დაახლოებით 4 ჰექტარზე გაშენებული პარკის მოვლა-პატრონობაა. იდენტური ფუნქციებით ("სკვერების მოვლა-პატრონობა, სანერგე მეურნეობა და გამწვანების განყოფილება") დატვირთულია ა(ა)იპ "სერვისების ცენტრი". ვფიქრობთ, რომ ცენტრალური პარკის მოვლაც ამ ა(ა)იპის ფუნქცია უნდა იყოს.
ფოთის მუნიციპალიტეტმა მოქალაქეთათვის სოციალური და ჯანდაცვის სერვისების მისაწოდებლად ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი" დააფუძნა. ერთის მხრივ, ცენტრის ფუნქციები დუბლირებულია ფოთის მერიის, იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციებთან, მეორეს მხრივ კი ცალკეული მომსახურების შესყიდვა ტენდერის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. ა(ა)იპ-ს საქმიანობაში არსებული ხარვეზები აღწერილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, 2022 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განათლებისა და კულტურის სფეროში 5 ა(ა)იპ საქმიანობს. მათ შორის 3 ა(ა)იპ თითქმის იდენტურ/მონათესავე ფუნქციებს ახორციელებს, ესენია: "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი", "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე" და "სახელოვნებო სკოლების გაერთიანება". ეს უკანასკნელი "სასახლეს" 2021 წლიდან გამოეყო და ცალკე იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა იმსჯელოს ამ სამი ა(ა)იპ-ს რეორგანიზაციაზე და ისინი ერთ იურიდიულ პირად გარდაქმნას.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მიზნით ზუგდიდის მერიამ ორი ა(ა)იპ - "ზუგდიდდასუფთავება" და "კეთილმოწყობის მართვის ცენტრი" დააფუძნა. ამ ა(ა)იპ-ებში, 2022 წლის მარტის მდგომარეობით, ჯამურად 858 ადამიანია დასაქმებული, მათზე გასაცემი ხელფასის ჯამური მოცულობა კი 7,136,068 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სხვა მუნიციპალიტეტებში ორივე სერვისი მოსახლეობას ერთი ა(ა)იპ-ის მეშვეობით მიეწოდება.
ა(ა)იპ-ების ადმიანისტრაციებში მომუშავეთა სიმრავლეზუგდიდის ა(ა)იპ "ზუგდიდდასუფთავების" დირექტორს 4 მოადგილე ყავს, იმაზე მეტი ვიდრე ზუგდიდს და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სხვა მუნიციპალიტეტების მერებს. ოთხი მოადგილიდან ერთი პირველი მოადგილეა, დანარჩენი სამი კი არიან დირექტორის მოადგილეები - ტრანსპორტის დარგში, კონტროლისა და ზედამხედველობის დარგში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის დარგში. ასევე ცალკე ფუნქციონირებს ზედამხედველობის და სატრანსპორტო განყოფილებები. ა(ა)იპ "ზუგდიდიდასუფთავების" მმართველ ნაწილში ჯამში 35 ადამიანია დასაქმებული, რაც ერთი იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვნად მსხვილი ბიუროკრატიული აპარატია.
42 ადამიანია დასაქმებული ა(ა)იპ "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის მართვის ცენტრის" ადმინისტრაციაში, მათ შორის დირექტორი, მისი მოადგილე, 10 განყოფილების უფროსი და 6 განყოფილების უფროსის მოადგილე.
51 ადამიანი მუშაობს ა(ა)იპ "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის ცენტრის" ადმინისტრაციაში. მათი მიზანი ზუგდიდში არსებული 62 საჯარო ბაღის მართვაა, რომელთაც, თავის მხრივ, ასევე ჰყავთ გამგეები. ბაღების საქმიანობის კოორდინაციაზე ასევე პასუხისმგებელია მერიის განათლების სამსახურიც.
ფოთში, ა(ა)იპ "თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების" ადმინისტრაციაში, რომლის ფუნქციასაც ფოთში არსებული 15 საჯარო ბაღის მართვა წარმოადგენს, 24 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის დირექტორის 3 მოადგილე.
სენაკის ა(ა)იპ "სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრში" სულ 127 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 20 მმართველობით ნაწილში, რომელთაგან 13 ადმინისტრაციის თანამშრომელია, 7 კი სხვადასხვა განყოფილების უფროსი.
მუნიციპალური შპს-ები:შპს "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის" დაფინანსების წყარო, ერთის მხრივ, საკუთარი შემოსავლები, მეორეს მხრივ კი - მუნიციპალური სუბსიდიაა, რადგანაც საკუთარი შემოსავლები არ ჰყოფნის მომსახურების სრულად გასაწევად.
მუნიციპალურ სუბსიდიაზეა დამოკიდებული შპს "Anaklia-Ganmukhuri Resorts"-იც, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ანაკლიასა და განმუხურის სანაპირო ზოლის საკურორტო სეზონისთვის მოსამზადებლად შექმნა. სწორედ ამ კომპანიის საქმიანობაზეა დიდწილად დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ტურიზმი შავი ზღვის სანაპიროს ამ მონაკვეთზე. მიუხედავად იმისა, რომ შპს-ს საკუთრებაში არაერთი ქონება აქვს გადაცემული, მისი არაეფექტური მართვის გამო კომპანიის საკუთარი შემოსავლები მიღებულ სუბსიდიას ბევრად ჩამორჩება. 2020-2021 წლებში შპს-მ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით 1,632,700 ლარი მიიღო, მისმა საკუთარმა შემოსავალმა კი მხოლოდ 416,952 ლარი შეადგინა. 2022 წელს “Anaklia-Ganmukhuri Resorts”-ის დასაფინანსებლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან 780,000 ლარი გამოყო, კომპანიამ კი მხოლოდ 183,700 ლარის საკუთარი შემოსავლის მიღება დაგეგმა.
ფოთის მუნიციპალიტეტის 3 შპს-დან, საკუთარი შემოსავლებით მხოლოდ ერთი - შპს "კომპიუტერული სტამბა" ფუნქციონირებს. საკუთარ შემოსავლებთან ერთად სუბსიდიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ შპს "ფოთის სატრანსპორტო კომპანია" და შპს "ლაბორატორიული კვლევების ცენტრი", ამ უკანასკნელის საკუთარი შემოსავლები მიღებულ სუბსიდიაზე მეტია.
საკუთარი შემოსავლები არ ყოფნით და მუნიციპალურ სუბსიდიაზე არიან დამოკიდებული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შპს "ჩხორწყალი და ქიმბატი" (წყალმომარაგების კომპანია) და შპს "ჩხოროწყუ-სამეგრელო" (საფეხბურთო კლუბი), ხობში - შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“ და შპს "ხობის დასუფთავება და განათება", სენაკში კი - შპს "სენაკის საინფორმაციო ცენტრი".
იურიდიულ პირებში ნეპოტიზმის მანკიერი პრაქტიკასაჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, მუნიციპალურ იურიდიულ პირებში დასაქმებისთვის არ ცხადდება კონკურსი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ა(ა)იპის თუ შპს-ს ხელმძღვანელს ერთპიროვნულად ნიშნავს, ასევე პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს ა(ა)იპ-ს ხელმძღვანელიც. ასეთი პრაქტიკა, ერთის მხრივ, არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეარჩიონ უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. მეორე მხრივ, ეჭვქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს, ქმნის ნეპოტიზმის, პარტიული ნიშნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმების რისკებს.
მაგალითად: მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ძმა, დავით ჟორჟოლიანი ა(ა)იპ "სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდის" აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. ზუგდიდის ა(ა)იპ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის" დირექტორი ხათუნა თოლორაია კი "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის წევრის, ზუგდიდის ყოფილი გამგებლის, ედიშერ თოლორაიას დაა. ფოთის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის, თემურ დუნდუას დეკლარაციით კი ირკვევა, რომ მამამისი, თენგიზ დუნდუა ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრში" განყოფილების უფროსია, მეუღლე, ბუტა ნაცვლიშვილი კი - ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის" მთავარი სპეციალისტი.
დასკვნა და რეკომენდაციებისაქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გამოვიდა მცირე ზომის მთავრობის ინიციატივით. ეს, პირველ რიგში, სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირებას გულისხმობს. ამ დროს, კი მუნიციპალური იურიდიული პირების ხარჯები და დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.
ადგილობრივი თვითმმართველობები ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ფინანსური სახსრების ნაკლებობას განიცდიან. ამიტომ მიზანშეუწონელია ხარჯების მსგავსი მასშტაბური მატება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მოსაზრებით, მუნიციპალიტეტებმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯები:
შეისწავლონ საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად შპს-ის ან ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. თუკი ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, მაშინ გარკვეული მომსახურებები სახელმწიფო შესყიდვის გზით შეიძინონ. ეს შეამცირებს როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს;
შეიცვალოს მუნიციპალური შპს-ების მართვის პრაქტიკა - სამეწარმეო ორგანიზაციები მოგების მიღებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი. მუნიციპალურმა შპს-ებმა უნდა გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა შეამცირონ სუბსიდიის მოცულობა. მუნიციპალიტეტებმა უნდა გააუქმონ ის შპს-ები, რომელთაც საკუთარი შემოსავლები საერთოდ არ აქვთ ან შეუცვალონ მათ იურიდიული სტატუსი, თუკი ისინი თვითმმართველობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ საქმიანობას ახორციელებენ;
გადახედონ არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, რათა ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში, მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი;
მუნიციპალიტეტებმა უნდა შეცვალონ იურიდიულ პირების თანამშრომელთა შერჩევის არსებული პრაქტიკა და ყველა შესაძლო შემთხვევაში თანამშრომლები შეარჩიონ საჯარო კონკურსის მეშვეობით", - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები