ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონის საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. კანონის ხელახალი ინიციირების დღიდან ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარედ, პერმანენტულად აქციები ტარდება, მათ შორის მსვლელობებიც ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ.
სწორედ ამ წუთებში აქციის მონაწილეები მსვლელობას აწყობენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერი "კი ევროპას, არა რუსულ კანონს", ევროკავშირის და საქართველოს დროშები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ "საქართველო", "არა რუსულ კანონს".
მანამდე, შეკრებილებს სიტყვით მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა. შეკრებილებს შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტივისტები და საზოგადოების სხვა წევრები.
აქციის მონაწილეებმა ზვიად გამსახურდიას გამზირზე გზაც გადაკეტეს. ცენტრალური ბულვარის ერთ მხარეს მოძრაობა რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო, ადგილეზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.
პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო.
კანონის მხარდამჭერებს შორის ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი პარლამენტარებიც
იყვნენ.
"აგენტების" კანონს სამივე მოსმენით მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ქვეყანაში რამდენიმე კვირაა პერმანენტულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.
ამავე თემაზე:
"აგენტების" კანონი მესამე მოსმენით მიიღეს
რუსული კანონპროექტი რადიკალურად ცვლის საქართველოს საგარეო ვექტორს ჩრდილოეთისკენ - ზუგდიდის N4 სკოლის თვითმმართველობა
ზსსუ-ს სტუდენტებმა ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ფიცი დადეს (ფოტო/ვიდეო)
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები