სოხუმში, ე.წ. პარლამენტის შენობასთან სამხედრო ტექნიკა, სპეციალური დანიშნულების რაზმი და საპოლიციო და ძალებია მობილიზებული.
ტელეგრამის არხების თანახამად, რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებამდე, „დეპუტატებს“ მთელი ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ ე.წ. მთავრობის წევრები.
“სამხედრო ტექნიკის მოზიდვა, პოზიციების გამაგრება, 20 დეპუტატის გაუჩინარება, პარლამენტის კედლებთან სამხედრო ძალების და სამართალდამცავების შეკრება. არა, ეს არ არის მტრის თავდასხმა, ეს არის ძალაუფლების პასუხი ხალხის პროტესტზე“, - წერს ტელეგრამის არხი
RESPUBLICA.
სესია 11:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივი ე.წ. ოპოზიცია მასშტაბურ დემონსტრაციას აანონსებს და ადგილობრივებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
“ხელისუფლების არასათანადო ქმედებებმა, რაც გამოიხატა ჩვენი თანამებრძოლების აქტივისტების სასტიკი დაკავებით, მკვეთრად გაამწვავა ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა.
ჩვენი წინადადება უცვლელი რჩება: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადოს ყველა ის მწვავე საკითხი, რომელიც ყოფს ხალხს და აღელვებს საზოგადოებას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს. თუ ხელისუფლება ამას არ შეწყვეტს, უახლოეს დღეებში შესაძლო შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აფხაზეთის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და მის გარემოცვას“, - მოსახლეობას მიმართა ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ.
აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ, ოპოზიციის მწვავე პროტესტებს ფონზე, განაცხადა, რომ საკმარისი ძალა და საშუალებები აქვთ წესრიგის უზრუნველსაყოფად.
ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის
პარლამენტი დღეს, 15 ნოემბერს, გეგმავს განიხილოს „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.
მანამდე, 11 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტის“ სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“.
აფხაზური ოპოზიცია ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ ის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინაპირობაა.
მანამდე, ოქტომბრის ბოლოს, სოხუმმა ხელი მოაწერა მოსკოვის მიერ მოთხოვნილ კიდევ ერთ
შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.
დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს ე.წ. პარლამენტში მის სავალდებულო რატიფიცირებას.
შეგახსენებთ, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის
დაფინანსება, მათ შორის, საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცების მოთხოვნით.
მასალის გამოყენების პირობები