კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ „ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკულია“.
მისი თქმით, „ენგურჰესი“ ავარიული გათიშვის პირასაა, ეს კი ნიშნავს, რომ „აფხაზეთის ნაწილი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს“.
„წყლის დონე წყალსაცავში 410 მეტრია და მდინარის დღევანდელი შემოდინების გათვალისწინებით, ენგურჰესის კომპლექსი გადაუდებელი გათიშვის ზღვარზეა“, - განაცხადა ჯინჯოლიამ, 4 დეკემბერს, „მინისტრთა კაბინეტში“ გამართულ სხდომაზე. მისივე თქმით, გაიზარდა მათ მიერ მოთხოვნილი დენის ნაკადის მოცულობა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუჩერა, „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის“ გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან, ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც სოხუმი ყოველ ზამთარს იღებს მოსკოვიდან,
კომერციული ფასი უნდა გადაიხადონ.
ამავე პერიოდიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში, ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები
დაწესდა.
უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.
ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობდა.
მასალის გამოყენების პირობები