დიღმის ძმათა სასაფლაოზე ის 23 საფლავი გაიხსნება, სადაც სავარაუდოდ აფხაზი თანამემამულეების ცხედრებია დასაფლავებული , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განუცხადა. მისი თქმით, იგივე პროცედურებით მოხდება მათი იდენტიფიცირება და აფხაზეთში, ოჯახებისთვის გადაცემა, როგორც ეს ბაბუშერას სამარხიდან თბილისში ცხედრების გადმოსვენებისას მოხდა.
"დილიდან დაიწყება სამუშაოები დიღმის ძმათა სასაფლაოს გასახსნელად. აქ, სავარაუდოდ, 23 ცხედარია განთავსებული. ამ ცხედრების მიმართ ჩატარდება შესაბამისი პროცედურები და იდენტიფიცირების შემდეგ ისინი გადაეცემა მათ ოჯახებს", - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, დავით დარახველიძის თქმით, აღნიშნული ცხედრების იდენტიფიცირების პარალელურად მოხდება ბაბუშერას აეროდრომში დაღუპული ქართველების ცხედრების ექსპერტიზაც.
"დასრულდა ბაბუშერას სამარხიდან ჩვენი თანამემამულეების ცხედრების გადმოსვენება. ამჟამად მიმდინარეობს მასალების გადაგზავნა ლაბორატორიაში ანთროპოლოგიური ანალიზისთვის, შემდეგ კი მოხდება დნმ-ის ანალიზებთან მისი შედარება და დაღუპულთა იდენტიფიცირება", - განმარტა დარახველიძემ.
მინისტრის ინფორმაციით, სოხუმის ბაბუშერას აეროპორტიდან გადმოსვენებული ცხედრების სრული იდენტიფიკაცია მაქსიმუმ 6 თვეში მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები