ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში 11 აპრილს მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ორი პირის სასამართლო 18 აპრილს გაიმართება. საუბარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერსა და საკრებულოს წევრ
ანა წითლიძესა და პარტიის პრესსამსახურის უფროს
გიორგი პატარაიაზე. ისინი სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით
დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ორივე მათგანმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობა დაკავებიდან რამდენიმე საათში დატოვა. რაც შეეხება ენმ-ის აქტივისტს მანუჩარ ჩხეტიას, ის გუშინ სასამართლო დარბაზიდან
გაათავისუფლეს, თუმცა 19 აპრილს გახდება ცნობილი, დაჯარიმდება თუ არა ბრალდებული.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი
მანუჩარ ჩხეტია ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი
სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში მონაწილე
პოლიციის თანამშრომლები მათი უშუალო ხელმძღვანელების დავალებით მოქმედებდნენ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი პოლიციის დახმარებით საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლასა და შეხვედრების ჩაშლას ცდილობს.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს თავად ენმ-ის ხელწერაა და ინციდენტებთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები