ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სვანეთმა მთელი მსოფლიოს მოლაშქრეებს უმასპინძლა
უწყების ცნობით, სამდღიანი ლაშქრობის ფარგლებში მონაწილეებმა სვანეთის სხვადასხვა ლოკაციები დალაშქრეს.
მარშრუტი, სხვა მონაწილეებთან ერთად გაიარეს ავსტრიის ელჩმა საქართველოში, თომას მიულენმა, HIGHLANDER UAE-ს მმართველმა დირექტორმა, ფადი ჰაჩიჩომ, ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, HIGHLANDER Georgia-ს კეთილი ნების ელჩებმა: ირაკლი გუჯაბიძემ და საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვა ადამიანებმა: მანიკა ასათიანმა, შალვა მარგიანმა და HIGHLANDER Adventure-ის გლობალურმა ელჩმა, პიტერ უოთსონმა.
„რვა ქვეყანა, 110 რეგისტრირებული მონაწილე მთელი მსოფლიოდან და სვანეთი, როგორც საერთაშორისო სათავგადასავლო მოვლენის ცენტრი – 25 აგვისტოს, HIGHLANDER Georgia-მ სტარტი აიღო. მას შემდეგ, რაც Სამდღიანი ლაშქრობის, HIGHLANDER 55-ის მონაწილეებმა თავიანთი სანომრე ნიშნები და საკვები აიღეს, ასევე, სალაშქრო აღჭურვილობის დეტალური შემოწმება გაიარეს, ნამდვილი თავგადასავალიც დაიწყო. 07:00 საათიდან, პროექტის ქართველი და უცხოელი მონაწილეები ბეჩოს აღმართს შეუყვნენ და გულის უღელტეხილის, ლამააჯისა და ცხაკვზაგარის გზაზე გამავალი ბილიკიდან, მესტიაში არსებულ პირველ საკონტროლო პუნქტამდეც მიაღწიეს. ყველა მონაწილის HIGHLANDER-მოწმობაში დაფიქსირდა ამ სავალდებულო პუნქტის გავლის დამადასტურებელი ბეჭედიც. საბოლოოდ კი, ზაარგაშში დაბანაკდნენ და პირველი დღე ადგილობრივი სამზარეულოს მასტერკლასითა და მათივე მომზადებული თაშმიჯამისა და კუბდრის დეგუსტაციით დასრულდა.
HIGHLANDER Georgia ევროკავშირთან, შვედეთთან, ავსტრიასთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა (GNTA) და სხვა პარტნიორებთან, მათ შორის, სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია „შან-ლენდთან“ ერთად ზრუნავს, რომ საქართველოში არსებული სალაშქრო შესაძლებლობები გლობალური მასშტაბით წარმოაჩინოს.
საქართველოში ავსტრიის ელჩის, თომას მიულენის განცხადებით, ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, მხარს უჭერენ HIGHLANDER Georgia-ს ღონისძიებას.
პროექტის მიზანი ლაშქრობის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.
„ჩვენი მიზანია მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და ზემო იმერეთის რეგიონებში. გვჯერა, რომ HIGHLANDER Georgia-სთან ჩვენი პროდუქტიული თანამშრომლობა სვანეთის ცნობადობას აამაღლებს და მას გლობალური სათავგადასავლო ტურიზმის რუკაზე მონიშნავს“, – აღნიშნა მიულერმა.
26 აგვისტოს, HIGHLANDER55-ის მონაწილეებს ზაარგაშში ორდღიანი ლაშქრობის – HIGHLANDEREXPERIENCE-ის მონაწილეებიც შეუერთდნენ და იფდერის, გვალდის, ზაარდლაშის, მურშკელის, ჟამუშის, ჭოლაშისა და ჟაბეშის გავლით, ყველანი სათხილამურო კურორტ თეთნულდში დაბანაკდნენ.
მარშრუტი 27 აგვისტოს, სოფელ ხალდეში სრულდება, თუმცა მანამდე, ყველა მონაწილემ უნდა გადალახოს ბილიკი, რომელიც სათხილამურო კურორტ თეთნულდიდან იწყება და გადის სოფელ ჰადიშს, ჰადიშიჭალაის ხეობას, ჰადიშის მყინვარს, ჩხუტნიერის უღელტეხილსა და ხალდეს ხეობას. HIGHLANDER შეჯიბრება არ არის. ყველა მონაწილე, რომელიც ფინიშამდე მიაღწევს, ჰაილენდერის სტატუსს, დაიმსახურებს.
27 აგვისტოს, საღამოს, მესტიაში, დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა ჰაილენდერი იზეიმებს ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებას, რომლის სახელიც HIGHLANDER Georgia იქნება. HIGHLANDER Georgia-ს პარტნიორები ასევე არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (GNTA), მესტიის მუნიციპალიტეტი და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია, „შან-ლენდი“, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, „თიბისი ბანკი“, „ჯეოლენდი“, საერთო სამუშაო – მულტიფუნქციური სივრცე, „ტერმინალი“, „ბილიკი“, სოციალური მედიაპარტნიორია: „გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“. Შეგახსენებთ, რომ Საქართველო HIGHLANDER Adventure-ის – გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური ღონისძიებების სერიებს წელს პირველად შეუერთდა. დღეს კი, 25-დან 27 აგვისტოს ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიების პირველი დღე შედგა“, – ვკითხულობთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები