აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მოვალეობას „მინისტრის მოადგილე“ ოდისეი ბიგვავა შეასრულებს.
შესაბამის განკარგულებას, აფხაზმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 2024 წლის 28 მაისს მოაწერა ხელი, წერს „აფსნიპრესი“.
მას შემდეგ, რაც ბჟანიამ „საგარეო უწყების“ ყოფილი ხელმძღვანელი
ინალ არძინბა გაათავისუფლა თანამდებობიდან, პოსტს დროებით მისი მოადგილე ირაკლი ტუჟბა იკავებდა.
ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა თანამდებობიდან 7 მაისის განკარგულებით გაათავისუფლა და მისი მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას.
მოგვიანებით, არძინბამ დაწერა, რომ თანამდებობა სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით დატოვა და რუსეთში
ტელეწამყვანი გახდა.
ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. აფხაზი პოლიტიკოსი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014 - 2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არძინბა ხშირად გამოდიოდა აფხაზეთის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკით.
2023 წლის ნოემბერში, ინალ არძინბამ განაცხადა, "კარს დაუხურავს" ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულად მოიხსენიებენ და მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაჩერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი პროექტების დამტკიცება და მათი განხორციელებისთვის სერტიფიკატების გაცემა. USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში
ჯონ პენელი კი „აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა.
არძინბამ აქტიურად დაუჭირა მხარი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას. დოკუმენტი განსახილველად უკვე გადაეცა ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტს“.
მასალის გამოყენების პირობები