სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოეხმაურა აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ და ენერგეტიკულ კრიზისებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად არ გააჩნია სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის
რეგიონებთან დაკავშირებით და ქვეყანას აკარგვინებს შესაძლებლობას, მნიშვნელოვან ისტორიულ კონტექსტში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები.
ორგანიზაციის ცნობით, პოლიტიკური მარცხის შემდეგ, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს აფხაზეთის დასჯის სტრატეგია და ზრდის ჭარბ ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ პრაქტიკულად შეუწყვიტა დაფინანსება და შეზღუდვებს აწესებს ექსპორტის პროცესზე.
„აფხაზეთში შექმნილ კრიზისზე თბილისის რეაგირების არარსებობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად არ გააჩნია სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებით, სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ მის მიერ გამოყენებული რიტორიკა კი შინაარსისგან და რეალობისგან დაცლილი, შიშველი პროპაგანდა იყო. ქვეყანაში შექმნილი ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სრულად ექცევა „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაში, კიდევ ერთხელ აკარგვინებს ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მნიშვნელოვან ისტორიულ კონტექსტში მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და ახალ ეტაპზე აიყვანოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა“, - წერს SJC.
მათი თქმით, ორგანიზაციის წყაროების მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ დე-ფაქტო რეჟიმმა ასევე შეზღუდა მანქანების მიმოსვლა ენგურის ხიდზე, რაც სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, გულისხმობს იმას, რომ აფხაზები ვერ შეძლებენ მანდარინის გაყიდვას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასევე, რუსეთის ფედერაციამ შეაჩერა საბიუჯეტო დაფინანსების დიდი ნაწილი, რის გამოც საჯარო მოხელეები, მასწავლებლები, ექიმები, სოციალური მუშაკები ვეღარ აიღებენ ხელფასებს.
„თბილისს, ევროკავშირის დახმარებით, შეეძლო აფხაზეთისთვის შეეთავაზებინა ახალი სოციალური და ეკონომიკური ალტერნატივები და ამ გზით შეემსუბუქებინა მოსალოდნელი უმძიმესი სოციალური კრიზისი და საბოლოოდ, შეემცირებინა რეგიონის დამოკიდებულება რუსეთზე. ცხადია, რომ ამგვარი მცდელობები თბილისის მხრიდან შექმნიდა ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან წინაპირობებს, როგორც ჩვენი სახელმწიფოს, ისე ევროკავშირის მიმართ.
თუმცა, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება" თავად უხვევს ევროინტეგრაციის გზიდან და პრაქტიკულად უარს აცხადებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, მას არ რჩება ლეგიტიმაცია, ნდობა და რესურსები შექმნას ხელშესახები პროცესი კონფლიქტების დარეგულირებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების" მხრიდან ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციებიდან ქვეყნის მიზანმიმართული იზოლაცია თავად ჩვენს ქვეყანას ხდის სრულიად მოწყვლადს და მარტოს გვტოვებს რუსეთის გავლენებისა და ინტერვენციების მიმართ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მხოლოდ დემოკრატიული, სამართლიანი და ევროპული ტიპის სახელმწიფო, მის პარტნიორებთან ერთად, შეიძლება გახდეს საიმედო და სამართლიანი ალტერნატივა კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები საზოგადოებებისა და ელიტებისთვის. ამ გზიდან გადახვევა კი ძირს უთხრის გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ნდობის შენების ისტორიულ ამოცანებს.
შეგახსენებთ, აფხაზეთში მოსახლეობას ელექტროენერგია დღისით, ორჯერ, 1 საათით და 24 წუთით
მიეწოდება, კომპანია „ჩერნომორენერგო“ იტყობინება ახალი გრაფიკის შესახებ, რომელიც ენერგომომარაგების სტაბილური მუშაობის უზრუნველსაყოფად დააწესა.
ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს ნაწილობრივ შეუჩერა
დაფინანსება, „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის“ გამო, რაც ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან, ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც „აფხაზეთი ყოველ ზამთარს იღებს, კომერციული ფასი უნდა გადაიხადონ“.
6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს
სრულად შეუჩერა დაფინანსება, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას
გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“
ჩაგდების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები