რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისთვის ჰუმანიტარულ ელექტროენერგიას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე მიაწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ სოხუმი შეასრულებს შეთანხმებებს:
„ეს გაკეთდა რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში არსებული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც პროვოცირებულია, სხვა საკითხებთან ერთად, ადგილობრივი ქსელების გაუარესებით და კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგით. ამავდროულად, აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები ორმხრივ ვალდებულებათა ბალანსს გულისხმობს. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სოხუმში ისინი გაივლიან „თავის ნაწილს“ აღნიშნული ორმხრივი დოკუმენტების შესაბამისად, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად“, - განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული ნაკადის მიწოდება 23 დეკემბერს დაიწყო. „ჩერნომორენერგოს“ თანახმად, ახალი გრაფიკის, ელექტროენერგიის 4 საათით შეზღუდვას ითვალისწინებს, ორ - ორი საათით დღისა და ღამის მონაკვეთებში. ამავე ცნობით, მიწოდებული ელექტროენერგიის ლიმიტი 327 მლნ კილოვატსაათია. აფხაზურ ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ამ მოცულობის ელექტროენერგია გრაფიკის არსებობის პირობებში, იანვარ-თებერვლამდე იქნება საკმარისი.
აფხაზური მედიის თანახმად, სოხუმისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება მოსკოვმა, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრა გუნბას მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
გუნბა კენჭს იყრის „საპრეზიდენტო“ არჩევნებზე, რომელიც 15 თებერვალსაა დანიშნული. სოციალური ქსლების აფხაზური სეგმენტის მომხმარებლები წერენ, რომ ეს მისი კანდიდატურისადმი მოსკოვის მხარდაჭერაზე მეტყველებს.
მოახლოებული არჩევნების შესახებ მარია ზახაროვამ განაცხადა:
ვიმედოვნებთ, რომ 2025 წლის 15 თებერვალს დაგეგმილი ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნების შედეგების შემდეგ აირჩევა ლიდერი, რომელიც გააგრძელებს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას „აფხაზეთის პროგრესული განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე“.
რუსეთმა აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება 2024 წლის ნოემბრიდან
შეუზღუდა. სოხუმი ელექტროენერგიას იღებს რუსეთიდან და ენგურჰესიდან, რომლის საწარმოო სიმძლავრე ამ პერიოდში უკიდურესად შემცირებულია ენგურჰესის ჯვარის წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონის გამო. კრიპტოვალუტის მაინინგი ასევე ამძაფრებს ელექტროენერგიის კრიზისს.
6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სრულად შეუჩერა
დაფინანსება, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას
გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“
ჩაგდების შემდეგ.
ცნობისთვის, ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.
უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.
ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები