საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14
ოქტომბერს “კვართისა საუფლოისა და სვეტისა
ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე
მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმინდა სიდონიასა და აბიათარის
(+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად
მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც
სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის
კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად
დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4
საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად
ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის
ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია.
იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე,
სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის
ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას
უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა
დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას
ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა
მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე – 11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა
არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად
გადააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები