ავტოიმპორტიორთა კავშირი: საავტომობილო სფეროში სერიოზული რეფორმაა გასატარებელი
ავტოიმპორტიორთა კავშირი იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის
გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით
განცხადებას ავრცელებს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ საავტომობილო
სფეროში სერიოზული რეფორმაა გასატარებელი
და გამოთქმულია მზადყოფნა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე
საკითხით დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობაზე.
"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ახალ და 5 წლამდე მეორად
ავტომობილებზე არ იზრდება გადასახადი, უფრო მეტი ასაკის
მეორად ავტომობილებზე მცირედით იზრდება, ხოლო მარჯვენა საჭიანებზე
სამმაგდება.
შემოთავაზებული ცვლილებები უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, დადებითად
უნდა შეფასდეს, რადგან ამ სფეროში განსახორციელებელი რეფორმა წლების
მანძილზე მკვდარი წერტილიდან არ იძვროდა. ამ ნაბიჯით კი. შეიძლება
ითქვას. ყინული დაიძრა და იმედია, დაიწყება ყველა იმ აუცილებელი
ღონისძიების განხორციელება, როგორიცაა ტექდათვალიერებისა
და ეკოლოგიური ნორმების ეტაპობრივი შემოღება.
წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობის უსაფრთხოებასა და ეკოლოგიაში
არსებული უმძიმესი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებით გვაქვს
გარკვეული შენიშვნები. შემოთავაზებული პროექტით აშკარა უპირატესობა
ენიჭება ძველ (10 წლის ზემოთ) ავტომობილებს და
დისკრიმინაცია ხდება ახალი, თუნდაც მცირელიტრაჟიანი ავტომობილების,
რაც ჩვენის აზრით პირიქით უნდა იყოს. ვფიქრობთ, რომ არ უნდა მოხდეს
ძველი ავტომობილების ფლობის წახალისება. ვინაიდან როგორც ზემოთ
ავღნიშნეთ, ძველი ავტომობილები დიდ ზიანს აყენებენ როგორც ბუნებას,
ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. იმედი გვაქვს ხელისუფლება
გაითვალისწინებს ჩვენს აზრს და სამომავლოდ დღის წესრიგში აქტიურად
დააყენებს საავტომობილო სფეროს რეგულირების
საკითხს, რადგან იგი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის
განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები