შინაგან საქმეთა სამინისტრომ 200 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის
ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად
გაანადგურა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ავაე ცნობით, სისხლის
სამართლის 700 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული,
განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“,
დაახლოებით, 5,5 მილიონი ლარია.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები
ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი
განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით
ეტაპობრივად ანადგურებენ. საუბარია უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ
ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა 4 კილო და 126 გრამი
ჰეროინი, 2 კილო და 446 გრამი კოკაინი, 2033 აბი „სუბუტექსი“,
„პრეგაბალინის“ შემცველი 13 929 კაფსულა, „კოდეინის“ შემცველი 2080
აბი, 1047 აბი „მდმა“, 1154 გრამი „მორფინი“, 74 გრამი „მეტადონი“,
ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება,
ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
"ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი
სტანდარტებისა და ფილტრაციის სისტემების მქონე მაღალტემპერატურულ
ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს,
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი
პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ", - აღნიშნულია უწყების მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები