მაია ცქიტიშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ ანაკლიის კონსორციუმმა სამართლებრივი დავა დაიწყოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა სამართლებრივი დავა დაიწყოს.
მინისტრის განმარტებით, თუ კონსორციუმმა ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, სამინისტროს აღარ ექნება მეტი საშუალება, რომ პროექტის განხორციელება გადაიდოს. ამის შესახებ მან გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ანაკლიის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას, მაგრამ არა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან. სამწუხაროდ, მე ამას ვამბობ, იმაზე დაყრდნობით, თუ რა მესიჯებს ვისმენთ ან რა ტერმინოლოგიას, განსაკუთრებით ბოლო დროს, განსაკუთრებით რამდენიმე ასეთი სიტყვაა დამაფიქრებელი, როგორიც არის: პოლიტიკური საბოტაჟი, დივერსია და ა.შ. სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ და ამ შემთხვევაში ვიტყვი იმასაც, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. მე მაინც გავიხსენებ და შეგახსენებთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლის რიტორიკას ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ ეს პროექტი იყო დაწყებული იმის გამო, რომ მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ოკუპირებულ ტერიტორიას, რომ ეს არის რეგიონისთვის აუცილებელი განვითარება და ა.შ. მე ჯერ კიდევ მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს ახსოვთ თავისივე სიტყვები, თუ რის გამო იყო მათთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანი. პირადადაც მათ შორის. მოდით, იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“, - განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, რას ეტყვიან ინვესტორებს, რომლებმაც ინვესტიცია უკვე განახორციელეს, მინისტრმა აღნიშნა, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, ყველა ის ხარჯი, რომელიც არის გაწეული ადრეული შეწყვეტის თარიღამდე, ეკისრება იმ მხარეებს, რომლებმაც ეს ხარჯი გასწიეს.
მასალის გამოყენების პირობები