სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის
გამწვავების შესახებ აცხადებენ.
მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს საბრძოლო მოქმედებების
წამოწყებაში.
გავრცელებული ინფრომაციით, მოკლულები ორივე მხარეს არიან. მთიანი
ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ კონფლიქტის
ზონაში დაპირისპირების განახლებას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა. კიდევ
ორი მცირეწლოვანი კი დაშავდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა
სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დაღუპულია ერთი აზერბაიჯანელი
სამოქალაქო პირი. ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ
მსხვერპლია ორივე მხარეს.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც
მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის საბჭოთა
რესპუბლიკის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განაცხადა. აზერბაიჯანი
სომხეთს მთიანი ყარაბაღისა და შვიდი მიმდებარე რაიონის ოკუპაციაში
ადანაშაულებს, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს ბაქომ
და ერევანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
სამშვიდობო შეთანხმება არაერთხელ დაირღვა.
მასალის გამოყენების პირობები