რუსულენოვანი აფხაზური გაზეთის „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ
ხაშიგი სოციალურ ქსელში
გავრცელებულ აქციას "მშიბზიას" გამოეხმაურა. მან ამის შესახებ ვრცლად
ინტერნეტგამოცემა
jam-news.net
- სთვის დაწერილ ბლოგში
ისაუბრა.
აფხაზი ჟურნალისტის ინტერვიუს რადიო
"ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:
"ქართველი კოლეგა - ჟურნალისტები მეკითხებიან, რა რეაქცია აქვთ
აფხაზეთში ქართულ ფლეშმობზეო. ვინც არ იცის, რაზეა საუბარი, გეტყვით,
რომ იმ ვიდეოს გულისხმობენ, რომელშიც რვა ათასი ადამიანი - ზოგი
მარტო, ზოგიც ჯგუფებად - აფხაზებს ესალმება პატარა დაფებით ხელში,
რომლებზეც სიტყვა „მშიბზია“ (გამარჯობა) წერია.
უნდა ვაღიარო, რომ როდესაც ეს შეკითხვა პირველად დამისვეს, ამ აქციის
შესახებ არაფერი ვიცოდი, შემდეგ კი სპეციალურად დავძებნე სოციალურ
ქსელებში და აღნიშნული ვიდეორგოლი ერთ-ერთ ჯგუფში ვიპოვე. კარგად
დადგმული და მშვენივრად დამონტაჟებული სურათი ნებისმიერს აუჩუყებს
გულს. თუკი, რა თქმა უნდა, კონტექსტი არ ესმის.
ოცი წლის წინ მომხდარ ქართულ-აფხაზურ ომსაც კი არ ვგულისხმობ. როგორც
ჩანს, აფხაზები განწირულნი არიან იმისთვის, რომ აღნიშნული
დაპირისპირება სამუდამოდ ახსოვდეთ, იმიტომ რომ ამ ხოცვა-ჟლეტას
აფხაზური ეთნოსის ოთხი პროცენტი შეეწირა (ძირითადად ახალგაზრდობა),
რაც ადამიანისათვის კიდურის მოკვეთას ჰგავს - როგორი პროთეზიც არ უნდა
დაგიყენონ, მაინც გრძნობ ფიზიკურ არასრულყოფილებას და, შესაბამისად,
გახსოვს.
მე აწმყოზე ვსაუბრობ. დიახ, ახლა საქართველო აღარ გვხოცავს და არც კი
გვემუქრება ფიზიკური განადგურებით. როზგი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა
შევარდნაძისგან მიიღო მემკვიდრეობად, ივანიშვილის მეოცნებეებმა
თაფლაკვერით შეცვალეს.
ამჟამად ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქეს უფასოდ მკურნალობენ თბილისში და
თან ისე, რომ პაციენტებს არც ქართული პასპორტის აღებას აძალებენ, და
არც ე.წ. „ნეიტრალური“ პასპორტის წარდგენას ითხოვენ (სხვათა შორის,
გალის რაიონის მეგრელებს მსგავსი შესაძლებლობა არ აქვთ). შეიძლება
ითქვას, რომ ეს პროექტი ყველაზე მუშაა.
ბუნებრივია, რომ როდესაც შენს ახლობელს სასიკვდილო დაავადება სჭირს და
ძვირადღირებული ოპერაციისათვის საჭირო თანხა არ გაქვს, დასახმარებლად
ეშმაკსაც კი მიმართავ.
სხვა თაფლაკვერები, რომლებიც ჯანმრთელობას არ ეხება, უბრალოდ არ
მუშაობს. ასე გადაეცით შერიგების მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს.
მაგალითად, პირდაპირ ქართულ-აფხაზურ საზღვარზე, მდინარე ენგურთან,
ტრიალ მინდორზე უზარმაზარი სუპერმარკეტი ააშენეს. როგორც ჩანს,
თბილისში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ აფხაზები შიმშილით იხოცებიან და
სასწრაფოდ სჭირდებათ ისეთი ადგილი, სადაც პროდუქტებს შეიძენდნენ.
თუმცა, მართლა რომ იხოცებოდნენ, არა მგონია, რომ ამ გასტრონომიულ
სამოთხემდე მოღწევა შეძლონ.
საკუთარ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ ჩემი კრიტიკული
დამოკიდებულების მიუხედავად, ვაცხადებ, რომ აფხაზეთში შიმშილით არავინ
იტანჯება. მეტიც, ჩვენი ხალხი დანაყრებულია და მისი ზოგიერთი
ფრაგმენტი ზედმეტი წონითაც კი გამოირჩევა. მრეწველობის სფეროში,
მეზობელი საქართველოს მსგავსად, ჩვენც პრობლემები გვაქვს, თუმცა,
ჩვენთან პროდუქტების მაღაზიების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ
ფენჯაბის შტატის (მნიშვნელობა არ აქვს, რომლის - ინდურის, თუ
პაკისტანურის) უზრუნველყოფაც კი შეგვიძლია."
ამასწინათ ჩემმა ამხანაგმა, რომელიც ერთ გავლენიან საერთაშორისო
ორგანიზაციაში მუშაობს, ამ ძვირადღირებული სატყუარის ეფექტიანობის
შემოწმება გადაწყვიტა - თავის ორ თანამშრომელს ამ მაღაზიასთან
მორიგეობა და კლიენტების რაოდენობის დათვლა დაავალა. მთელი დღის
მანძილზე მხოლოდ 14 ადამიანი დათვალეს, რაც 1 საათში დაახლოებით 1
კლიენტს ნიშნავს.
ალბათ ბებია მანუშს, რომლისგანაც რძეს ვყიდულობ ხოლმე, უფრო მეტი
კლიენტი ჰყავს, ვიდრე ენგურის გასტრონომიულ ხაფანგს. თუკი პროექტის
განხორციელებისთვის დახარჯულ ფულს გავითვალისწინებთ, ნამდვილად არ
არის შთამბეჭდავი.
ამდენად, საზღვარზე აშენებული სუპერმარკეტი ტყუილად გადაყრილი ფულია.
და ეს ფული ან გადასახადების ქართველ გადამხდელებს ეკუთვნით, ან -
დასავლელ დონორებს. სხვა ვარიანტი არ არსებობს, იმიტომ რომ ასეთი
„ბრწყინვალე“ იდეა ყველაზე უფრო არაპრაგმატულ ბიზნესმენსაც კი არ
დაებადებოდა.
როგორც ჩანს, იმისათვის, რათა მალევე დაივიწყონ სუპერმარკეტთან
დაკავშირებული ახირება, მეოცნებეებმა ახალი ილუზია მოიგონეს.
ფიქრობენ, რომ აფხაზებს ერთი სული აქვთ, როდის ამოქმედდება უვიზო
რეჟიმი საქართველოსა და შენგენის ზონის ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა,
იმისთვის, რომ ერთად ჩამოვიდნენ თბილისში, მიიღონ საქართველოს
მოქალაქეობა, მასთან ერთად ქართული პასპორტი და თბილისის აეროპორტის
უახლოესი რეისებით ბერლინში, ლონდონსა და პარიზში გაემგზავრონ.
არ ვიცი, არ არის გამორიცხული, რომ ჩემს ნაწერს რომელიმე ქართველი
ჩინოვნიკი წაიკითხავს, სიტყვაზე მენდობა და დროულად აცნობებს
უფროსობას, რომ პასპორტების გაცემის ახალი განყოფილების გახსნა,
მისთვის თანამშრომელთა შტატის შერჩევა და დოკუმენტების ბლანკების
ბეჭდვა საჩქარო არ არის. და, ჯერჯერობით, არც თბილისის აეროპორტის
რეკონსტრუქცია ღირს იმ იმედით, რომ მგზავრთა ნაკადი აფხაზების ხარჯზე
გაიზრდება.
აფხაზები საქართველოს მოქალაქეობას არ დათანხმდებიან. არც კი
განვმარტავ, რატომ. ეს ისევე ცხადია, როგორც ქართველების ამჟამინდელი
სიყვარული აფხაზების მიმართ. საქართველოდან წამოსულ, სიმღერებით,
ცეკვებითა და ფლეშმობებით გაჯერებულ მთელ ამ რაჰათ-ლუხუმს არაფერი
აქვს საერთო აფხაზების უფლებების პატივისცემასთან.
ყველა ეს ზედმეტი რევერანსი ჩემი ხალხის წინაშე, გულის მოგების ყველა
ეს მცდელობა მიზნად მხოლოდ ერთ რამეს ისახავს - ამით სურთ, რომ
როგორმე შეგვათრიონ საქართველოში. ცხადია, ტერიტორიასთან ერთად. აქ
გულწრფელობას არ აქვს ადგილი. ეს ყველაფერი მხოლოდ სამეურნეო
გათვლებით ხდება.
ამ ფლეშმობის პარალელურად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ
უაღრესი კმაყოფილებით განაცხადა, რომ თბილისმა რომში აფხაზური
კულტურის ცენტრის გახსნა არ დაუშვა. საუბარი იყო არა დიპლომატიურ
წარმომადგენლობაზე, არამედ უბრალო კულტურულ ცენტრზე.
ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მხრიდან განხორციელებული მსგავსი
დემარშებისგან რამდენიმე სქელტანიანი ტომი შეიძლება გამოვიდეს. ასეთი
ოინების გამო დანიური საცეკვაო ანსამბლებიც კი აღარ მართავენ
წარმოდგენას და სცენაზე გამოსვლამდე მცირე ხნით ადრე უკან
ბრუნდებიან.
თქვენ კი გულუბრყვილიდ იღიმებით, აფხაზურად გვესალმებით და პასუხად
„გამარჯობას“ ელოდებით? ან იქნებ გგონიათ, რომ გულაჩუყებულნი თქვენკენ
გამოვიქცევით და ჩაგეხუტებით?
გმადლობთ, მაგრამ, მგონი, ჩვენ უკვე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ხალხის
სახელით არასდროს მილაპარაკია, მაგრამ არა მგონია, ამ შემთხვევაში
ვცდებოდე", - ვკითხულობთ ბლოგში.
ცნობისთვის, საქართველოში ახალგაზრდების საინიციტავო ჯგუფის მიერ
განხორციელებულ ინტერნეტ - აქციას “მშიბზია” 8 000 მისალმების
მოგროვება სურს, რადგან სწორედ ამდენი დღეა, რაც აფხაზებს არ
მისალმებიან დანარჩენი საქართველოს მცხოვრებნი.
მასალის გამოყენების პირობები