საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს
დღეს განუცხადა, რომ კორცხელის ინციდენტი ძალიან დიდი შეცდომა
იყო.
ჟურნალისტებმა კითხვით მას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე
მიმართეს.
კერძოდ, მარგველაშვილის განცხადებით, კორცხელის ინციდენტთან
დაკავშირებით საქმე დაიწყო, თუმცა იგი ბოლომდე მიყვანილი არ არის.
მედია კი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კვირიკაშვილს პირადად კითხვები
ამ თემასთან დაკავშირებით.
"არის შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც ამ გამოძიებას ახორციელებენ.
ბრალი წარდგენილია და მიმდინარეობს გამოძიება. პროცესი არის
სასამართლოში. მე არანაირი უფლება არ მაქვს, რაიმე კომენტარი
გავაკეთო. ერთადერთი კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ
აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ის, რაც მოხდა კორცხელში. ჩვენ
პირადად ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ იქ უკეთესად უნდა
დარეგულირებულიყო ადამიანების უსაფრთხოების საკითხი და რა თქმა უნდა,
შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება“,
- განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, 2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 125-ე
მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური
არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე. კორცხელის
დაპირისპირებაში მონაწილე ბრალდებულ პირებს ზუგდიდის რაიონული
სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებით გირაო შეეფარდათ. ხუთ მათგანს
აღმკვეთი ღონისძიების სახით 7-7 ათასი ლარი, ხოლო ერთს- 10 ათასი
ლარი.
მასალის გამოყენების პირობები