საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან
დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით, - ასე გამოეხმაურა
სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის
აღიარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სპეციალურ
ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ ასადის
რეჟიმმა მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ
სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო
ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.
„2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან
მანიპულირების შედეგად მიიღოს კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და
საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრონციპების უხეში
დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთისა და
ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. აღნიშნული
ქმედებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს
წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და
ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში
მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულვებელყო
სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ
აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი
ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო
პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების
გაწყვეტის მიზნით“, - განაცხადა დონდუამ.
სირიის არაბთა რესპუბლიკამ უკვე დაადასტურა აფხაზეთისა და ე.წ.
სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საოკუპაციო
რეჟიმების მიერ გავრცელებული განცხადება.
ამავე თემაზე:
სირიამ
აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა
მასალის გამოყენების პირობები