შპს „არტსტუდიო-პროექტმა“, რომელიც ზუგდიდის გენგეგმის პროექტირებაზე გამოცხადებულ
ტენდერში მონაწილე ერთადერთი პრეტენდენტია, პრეზენტაცია სამინისტროს 7 ოქტომბერს უნდა წარუდგინოს.
ამის შესახებ ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაშია მოცემული.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, სწორედ პრეზენტაციის საფუძველზე მიანიჭებს სპეციალური კომისია კომპანიას ქულებს. მინიჭებული ქულების შესაბამისად კი გადაწყდება, საბოლოოდ, შეადგენს თუ არა „არტსტუდიო-პროექტი“ ზუგდიდის გენგეგმის პროექტს.
რაც შეეხება კონცეფციას, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დეტალებზე პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრებენ.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული პროექტისთვის 2019 წელს 90 ათასი, 2020-ში კი 360 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დასრულდეს.
ფოტო: გუჯა ხუბუტია
მასალის გამოყენების პირობები