,,აღმოაჩინე სამეგრელო“ – DMO-ს საინფორმაციო ტური ფოთსა და ზუგდიდში (ვიდეო)
13:31 / 07.07.2019
საქართველოში წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებმა ფოთსა და ზუგდიდში ღირშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს. საინფორმაციო ტური სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) ,,აღმოაჩინე სამეგრელოს“ ფარგლებში მოაწყო.
ტუროპერატორებმა დაათვალიერეს 1864 წელს აგებული ფოთის შუქურა, რომელიც შავი ზღვისპირეთში ყველაზე მაღალი სანავიგაციო შენობაა. ადგილზე გაეცნენ შუქურის ისტორიას, მნიშვნელობას და ჰიდროგრაფიული სამსახურის მუშაობას.
ასევე დაესწრნენ ბაზიერებთან გაწვრთნილი შევარდნების შოუს, რომელიც ახალი ტურისტული პროდუქტია. სანახაობა კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოეწყო.
მათ ასევ მოინახულეს ფოთის საკათედრო ტაძარი, რომელიც ბიზანტიური სტილისაა და საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.
ფოთის შემდეგ 15 -მდე ტუროპერატორი ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში ეთნო სოფელ „სისა ტურას“ ესტუმრა.
მათ დამფუძნებელმა მარიკა თოდუამ უმასპინძლა, რომელმაც სტუმრებს ძველი მეგრული ოდები, წისქვილი, სპეციალურად მოწყობილი პატარა კუნძულები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ექსპონატები დაათვალიერებინა. გარდა ამისა, ისინი მეგრული კერძის „გებჟალიას“ მზადების მასტერკლასს დაესწრნენ.
დღის ბოლოს ტუროპერატორებმა შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. „კავკასუს თრეველის“ წარმომადგენელმა ქრისტინე პაპუნაშვილმა თქვა, რომ დათვალიერებელი ადგილებით გაოცებულია და სამეგრელოს რეგიონით უფრო მეტი ტურისტის დაინტერესებას შეეცდება.
„სამეგრელო ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო რეგიონი. სამწუხაროდ, აქამდე არ იყო განვითრებული ასე. ძალიან გვიხარია, რომ დაიწყო სხვადასხვა პროექტი და სამეგრელო ვითარდება, როგორც ტურისტული რეგიონი, იმიტომ, რომ აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. იმან, რაც დღეს ვნახეთ, ძალიან გაგვაკვირვა. ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. მიხარია, რომ საქართველოს აქვს კიდევ ერთი ასეთი რეგიონი. ჩვენი მხრიდან ვეცდებით, რომ დავეხმაროთ ამ რეგიონს განვითარებაში და რაც შეიძლება, მეტ ტურისტს ჩამოვიყვანთ “, - თქვა პაპუნაშვილმა.
მარიკა თოდუა, რომელმაც ეთნო სოფლის მოწყობა ერთი წლის წინ დაიწყო, ამბობს, რომ დამთვალიერებლისთვის წარსულის გაცოცხლებას შეეცადა. მისი თქმით, აქ მოსულ სტუმრებს, შეუძლიათ შეეხონ ყველა ნივთს, ადგილზე მოამზადონ კერძები და მიირთვან. გარდა ამისა, აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ რეკრეაციული ზონით, ნავით გაისეირნონ ხელოვნურად მოწყობილ აუზზე და ითევზაონ.
„სამეგრელოს ტურისტულ პოტენციალზე, წლებია, ვსაუბრობთ. ახლა უკვე გადავედით საქმის კეთების ეტაპზე. უკვე ვხედავთ, რომ ახალ-ახალი ტურისტული პროდუქტები ჩნდება სამეგრელოში, რაც იმის წინაპირობას წარმოადგენს, რომ ტურისტულ რუკაზე მყარად დავმკვიდრდეთ. ამ დრომდე მარტვილის გარდა დანარჩენი სამეგრელო ტრანზიტულიიყო, მაგრამ გაჩნდა ახალი ტურისტული პროდუქტები, რაც მეგრულ კულტურას წარმოაჩენს, წარმოაჩინეს სხვადასხვა ღირშესანიშნაობა, რომელიც იზიდავს ტურისტებს. ამას მოწმობს ინფო ტური. ჩამოსულები არიან საქართველოს წამყვანი ტუროპერატორები, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი ინტერესი, ტურისტებს შესთავაზონ მრავალფეროვნება. ეს არის ეთნო სოფელი სადაც შევეცადე, რომ წარმომეჩინა ცოცხალი გარემო“,- თქვა მარიკა თოდუამ.
საინფორმაციო ტური დღეს ზუგდიდსა და მარტვილში ტურისტული ღირშესანიშნაობების დათვალიერებით დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს პირველი ტურია, რომელიც ორგანიზაციამ დაარსებიდან რამდენიმე თვეში მოაწყო, თუმცა ისინი ამ მიმართულებით საზოგადოებას არაერთ სიახლეს ჰპირდება.
„დანიშნულების მართვის ორგანიზაცია შეიქმნა ზუსტად იმისთვის, რომ წარმოაჩინოს სამეგრელოს შესაძლებლობები. ზუსტად ამ მიზნით იმყოფებიან ტუროპერატორები და ეცნობიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტს. ვთავაზობთ სხვადასხვა საინტერესო ადგილს, რომელსაც აქვთ ეკო-ტურიზმის, აგრო- ტურიზმით და სხვადასხვა მიმართულებით დიდი პოტენციალი. ეს ღონისძიება პირველია, თუმცა, აუცილებლად ვგეგმავთ, რომ ჩატარდეს საინფორმაციო და მედია ტურები“, - აღნიშნა DMO-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე დოლბაიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 11 დეკემბერს რეგიონის 9-ვე მუნიციპალიტეტმა ერთობლივად დააფუძნა. მისი მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები