საფოსტო მტრედი, შიკრიკი (მალემსბოლელი), ცხენებიანი ეტლი, გემი, საჰაერო ბურთი, ავტომობილი - ზუგდიდის ცენტრში, ფოსტის უკვე ყოფილი შენობის კედელზე, რამდენიმე ათეული წელია, ერთი შეხედვით უცნაური და რთულად შესამჩნევი პანოა განთავსებული.
ზუგდიდელების უმეტესობამ არც მისი მნიშვნელობა იცის და არც შექმნის ისტორია.
გენო შეროზია, რომელიც 80-იან წლებში სოფლის კავშირების უბნის უფროსი იყო და რაიონის ტელეფონიზაციაზე მუშაობდა, გვიყვება, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის ინიციატივით და საფოსტო სერვისების პოპულარიზაციის მიზნით, 1982-83 წლებში პანო კედელზე საპირველმაისო (მშრომელთა საერთაშორისო დღე, ავტ.) დღესასწაულებისთვის დაამონტაჟეს.
„მაშინდელი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ეჩვენებინათ, როგორ განვითარდა ფოსტა მსოფლიოში და ეს პანოც სწორედ ამას პასუხობს, როგორი იყო საფოსტო საშუალებები ძველად და ახლა... ის ფოსტის პოპულარიზაციას ემსახურებოდა და მის გახსნას ესწრებოდნენ სტუმრები თბილისიდან და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 31 წლის ვიყავი მაშინ და სოფლის უბნებში ვმუშაობდი უფროსად. მაშინ იყო რაიონის ტელეფონიზაცია, 17 „ატეესით“(ავტომატური სატელეფონო სადგური, ავტ.) სოფლები ქალაქთან კავშირს კომუტატორის მეშვეობით ამყარებდნენ. ახალგაზრდა სპეციალისტი მონდომებით ვმუშაობდი, ბოლოს კი დამაწინაურეს კიდეც და დირექტორი გავხდი“, - იხსენებს ის.
მისი თქმით, დეკორაციის პროექტი და პანოს ესკიზი ზურაბ წერეთლის სახელოსნოს დაუკვეთეს და მის მონტაჟზეც სწორედ ცნობილი მოქანდაკის ჯგუფმა იმუშავა.
„პარტიული ორგანიზაციები ხელმძღვანელობდა მაშინ ამდაგვარ ინიციატივებს, თუ სწორად მახსოვს აღმასკომის დაფინანსებით შექმნეს პანო, მიმართეს წერეთელს და მშვენივრად შეასრულა“, - ამბობს გენო შეროზია.
ის ჰყვება, რომ 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს დეკორაცია ჩამოხსნისა და თურქეთში გაყიდვისგან არაერთხელ იხსნეს.
„არეულობის წლებში, როცა საფოსტო სამმართველოს უფროსი ვიყავი რამდენჯერმე იყო მცდელობა მაგის ჩამოხსნის და თურქეთში წაღების, ჩაბარების ჯართის სახით. სავარაუდოდ ფერადი მეტალების შემცველობის გამო... ჩემი გუნდით და ქალაქის ხელმძღვანელობის დახმარებით გადავარჩინეთ მოპარვას. ღამეებიც გვითენებია, რომ შეგვენახა ზუგდიდში ეს პანო“, - ამბობს ის.
ბოლოს ფოსტის შენობაზე პანოს განთავსებასთან დაკავშირებული სახალისო ამბავიც გაიხსენა.
„მაშინ ფოსტის დატარება სატვირთო მანქანებით ხდებოდა. როცა დეკორაციის სამუშაო ჯგუფი იყო ჩამოსული, მონტაჟისას, რა თქმა უნდა, შესადუღებლებსაც იყენებდნენ. ჩვენმა ერთ-ერთმა მძღოლმა ჩამოსულ სტუმარს სთხოვა, მანქანაში რაღაცა მაქვს შესადუღებელი, ხომ ვერ დამეხმარებიო. ამის თქმა და ისეთი უღრიალა - შენ „სვარშიკი“ რომ არ გგონივარ, მოქანდაკე კაცი ვარო! - ბევრი ვიცინეთ მაშინ ამაზე“, - ჰყვება ჩვენი რესპოდენტი.
ფოსტის შენობა ზუგდიდში, 30-იანი წლები. დღევანდელი ტელერადიოკომპანია "ოდიში"ფოსტის მსოფლიო დღეს (World Post Day) 1894 წლიდან ყოველ 9 ოქტომბერს საერთაშორისო საფოსტო კავშირის ინიციატივით აღნიშნავენ.
მასალის გამოყენების პირობები