მულტიმედია
ზუგდიდელი სტუდენტები საზღვარგარეთ - პანდემია, შეცვლილი ცხოვრება და ახალი გამოწვევები (ფოტო/აუდიო)
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად საზღვარგარეთ მყოფი ზუგდიდელი სტუდენტები განათლების ონლაინ მიღებას და სამსახურის შეთავსებას წარმატებულად ახერხებენ. საკუთარ ყოველდღიურობასა და ახალ გამოცდილებაზე ისინი რადიო "ათინათს" უყვებიან.



გენო

გენო შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიის კიბერუსაფრთხოების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. პანდემიამ აკადემიის ჩვეული განრიგი შეცვალა და შემოდგომის სემესტრის პირველ ნახევარში სწავლა ვირტუალურად მიმდინარეობდა.

"სტუდენტების ნაწილი ორად იყო გაყოფილი, ნახევარი ონლაინ ესწრებოდა ლექციებს და ნახევარი აუდიტორიაში. ყოველ კვირა ეს ორი ნახევარი ერთმანეთს ენაცვლებოდა. შეიზღუდა არა აუცილებელი შეხვედრები. შედარებით გამკაცრებული იყო 2020 წლის მეორე ნახევარი, მაგრამ ახლა, მას შემდეგ რაც დაიწყო ვაქცინაცია, მსგავსი შეზღუდვები შედარებით ნაკლებია", - გვიყვება სტუდენტი. 

უკვე ამ სემესტრიდან 21 წლის ახალგაზრდამ და მისი კურსელებმა სწავლა აუდიტორიებში განაახლეს, თუმცა კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით - პირბადეებითა და დისტანციის დაცვით.

როგორც გენო გვიყვება, აკადემიაში მოხვედრილ ყველა სტუდენტს სწავლა და დაბინავება სრულად უფინანსდება. აკადემიაში დღეში სამჯერადი კვება აქვთ და ამასთან ყოველთვიური სტიპენდიაც ეძლევათ.

ზუგდიდელი ახალგაზრდა მიიჩნევს, რომ პანდემიას ამერიკის მოსახლეობის უმეტესობა მეტ-ნაკლებად უკვე შეეჩვია, ამიტომ, მისი დაკვირვებით შეზღუდვების დაცვა დიდ სირთულეს უკვე არ წარმოადგენს. "ორგანიზაციების ნაწილი გადასულია ონლაინ რეჟიმზე და ბევრ შემთხვევაში მსგავსი მუშაობის მეთოდი უფრო წარმატებულია, ვიდრე სტანდარტული. შარშან ყველა არააუცილებელი დაწესებულება დაიხურა ან შეზღუდულ საათებში მუშაობდა. წლის დასაწყისში კი უმეტესობა დაუბრუნდა ჩვეულებრივ საათებს მაგრამ კაფეებისა და რესტორნების შიგნით სადილობა ჯერ კიდევ აკრძალულია", - გვეუბნება გენადი.

არსებული შეზღუდვების მიუხედავად, ცდილობს დრო განტვირთვასაც დაუთმოს და თავისუფალ დროს მეგობრებს შეხვდეს. ერთად გეგმავენ ლაშქრობებს, უყურებენ ფილმებს და თამაშობენ ვიდეო თამაშებს.

ჩვენი რესპონდენტი სასწავლებლის წარჩინებით დასრულებას გეგმავს და წელს საბაკალავრო ნამუშევარს დაიცავს. სწავლას 28 მაისს დაასრულებს და სამშობლოში დაბრუნდება.



მირანდა

23 წლის მირანდა ბეჭვაია ერთდროულად ორი ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტია და ამჟამად ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსა (ბუდაპეშტი, ვენა) და იორკის უნივერსიტეტში (ინგლისი) ევროპული საჯარო პოლიტიკის მიმართულებით სწავლობს. ორწლიანი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა მას ევროკომისიამ სრულად დაუფინანსა.

"ინგლისში წასვლა ამ ეტაპზე გადავიფიქრე არსებული პანდემიის გამო, რომელმაც ამ ქვეყანაზე განსაკუთრებულად ცუდი გავლენა მოახდინა და კოვიდის ახალი ვარიანტიც გავრცელდა. ამჟამად ბუდაპეშტიდან ვსწავლობ დისტანციურად იორკის უნივერსიტეტში. ონლაინ სწავლებასთან მიმართებაში ადაპტაციის ეტაპი უკვე გავიარეთ სტუდენტებმაც და უნივერსიტეტებმაც, ამიტომაც განსაკუთრებულ სირთულეებს არ ვაწყდებით. დროის განსხვავების გამო პირველი კვირა ოდნავ დამაბნეველი იყო სასწავლო ცხრილი, ახლა რა თქმა უნდა, აღარ. თუმცა, ბუნებრივია, უმჯობესი იქნებოდა კამპუსზე კურსელებთან ერთად სწავლა, ლექციებზე და სემინარებზე დისკუსიები",- გვეუბნება მირანდა.

მირანდა გვიყვება, რომ კორონავირუსმა მისი ყოველდღიურობა ძირეულად შეცვალა. ახლა გაცილებით მეტ დროს ატარებს კომპიუტერთან, ნაკლებად ახერხებს გართობასა და ურთიერთობას. ყველაზე მეტად მოგზაურობა და ახალი ადამიანების გაცნობა ენატრება.

"სიმართლე გითხრათ, დიდი დრო არ მრჩება, თუმცა განტვირთვას ვცდილობ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებთანაც ერთ სტუდენტურ საცხოვრებელში ვცხოვრობ. ვცდილობთ, რომ ერთგვარად ჩვენი წრე გვქონდეს და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ყველა რეგულაციას, არ შევუქმნათ საფრთხე ერთმანეთის ჯანმრთელობას", - გვითხრა მირანდამ.

მისი თქმით, ამჟამად უნგრეთში საკმაოდ მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. დაკეტილია სასწავლო დაწესებულებები, რესტორნები, ბარები. ქვეყანაში ტურისტული მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ იღებენ. კომენდანტის საათი იწყება საღამოს რვა საათზე და გრძელდება დილის ხუთ საათამდე.

"უკვე შევეგუეთ მსგავს რეგულაციებს და დიდად არ გვიჭირს, თუმცა იმედია კომენდანტის საათს გადაწევენ, რადგან უფრო გრძელი და თბილი დღეები გველოდება წინ შემდეგ თვეებში", - ამბობს მირანდა.

ახლა ის მაგისტრატურის ბოლო კურსზეა და პრაღაში სტაჟირების კურსს გადის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამომავლო გეგმებზე ბევრს არ საუბრობს, თუმცა იმედოვნებს, რომ მაგისტრატურას წარმატებით დაასრულებს და დასაქმდება კიდეც.





კოსტა

ლიეტუვაში, კლაიპედას უნივერსიტეტის თანამედროვე კომუნიკაციების ფაკულტეტზე სწავლობს 20 წლის კონსტანტინე ზარანდია. ევროპაში 2019 წელს გაემგზავრა და ახლა მეორე კურსის სტუდენტია. მისი უნივერსიტეტი ონლაინ სწავლებაზე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გადავიდა, როდესაც კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები გაიზარდა. სასწავლო პროცესში ტექნიკურ ხარვეზებს აწყდებოდნენ, სტუდენტების გარკვეულ ნაწილს კი ფინანსური თუ სხვა მიზეზების გამო უნივერსიტეტის დატოვება და საკუთარი სამშობლოდან სწავლა მოუწია.

"პროფესორები მაქსიმუმს ვერ აკეთებენ, რადგან სწავლა ონლაინ მიმდინარეობს. ზოგიერთი კლასი გვიტარდება ასინქრონულად, ანუ ყველა ლექციაზე არ ვხვდებით ერთმანეთს. გვაწვდიან ჩაწერილ ვიდეოებს, რესურსებს და ვსწავლობთ დედლაინების მიხედვით. ასინქრონული სწავლა ალბათ ერთ-ერთი დადებითი მხარეა ონლაინ სწავლის ჩემთვის, რადგან უფრო მეტი დრო მრჩება სამუშაოდ და დროის გადანაწილებასაც უკეთ ვახერხებ",- მიიჩნევს კოსტა.

ისევე, როგორც სხვა ჩვენს რესპონდენტებს სწავლის გადასახადები მასსაც სრულად აქვს დაფინანსებული. ამავდროულად, დისტანციურად დანიურ კომპანიაში ასისტენტად მუშაობს. სამსახური ძალიან მოსწონს და განვითარების პერსპექტივებსაც ხედავს.

გვიყვება, რომ ლიეტუვაში ახლა, ფაქტობრივად, არაფერი მუშაობს აფთიაქებისა და სუპერმარკეტების გარდა. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა სალონები.

"ჩვენი რეგიონის დატოვება მიზეზგარეშე არ შეგვიძლია. წესების დაცვა, რა თქმა უნდა, 4 თვის განმავლობაში თანდათან რთულდება. ერთი სული მაქვს დავუბრუნდე ჩემს ძველ ცხოვრებას, თუმცა ვფიქრობ, ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ვცდილობ გარეთ გავიდე, ვისეირნო, ვივარჯიშო, რაც შეიძლება ხშირად. ამავდროულად, ჩვენი უნივერსიტეტი უწევს ორგანიზებას საკმაოდ ბევრ აქტივობას, რომელიც გვეხმარება განტვირთვაში", - ამბობს სტუდენტი.

ზაფხულისთვის რამდენიმე ქვეყნიდან დასაქმების შემოთავაზება მიიღო, თუმცა ჯერ არ იცის, რამდენად მოახერხებს მოგზაურობას. წუხს, რომ კორონავირუსმა ყოველდღიურობის დაგეგმვა თითქმის შეუძლებელი გახადა, თუმცა მომავალ თვეებს მაინც ოპტიმიზმით ელოდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
ასლან ბჟანია, ისევ აპირებს „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობას, ამის შესახებ მან რუსულ "ტასს" განუცხადა.
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.