ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ არის მონიშნული მსოფლიოს არცერთ რუკაზე, მაგრამ რუსეთი ამ "უსამართლობის დაძლევაში" ეხმარება.
ამის შესახებ მან ოჩამჩირის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, წერს "აფსნიპრესი".
"ჩვენ რუსეთის რუკაზე ვართ. ჩვენ არ ვართ არც ამერიკულ და არც ევროპულ რუკაზე, არ ვართ თურქეთის რუკაზე. ჩვენ პრაქტიკულად არცერთ რუკაზე არ ვართ, გარდა რუსულისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა არძინბამ. მისი თქმით, "რუსეთის დახმარება აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით", მნიშვნელოვანია.
"რუსულ-აფხაზური ურთიერთობებზე" საუბრისას, შეხვედრაზე მან სოხუმსა და მოსკოვს შორის "2008 და 2014 წლებში გაფორმებული დოკუმენტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, საუბარია "თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების" და "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შეთანხმებებზე. მისივე განმარტებით, სწორედ "მათ საფუძველზე" მოეწერა ხელი ყველა შემდგომ შეთანხმებას", - თქვა არძინბამ და დასძინა , რომ ეს შეთანხმებები შეიცავს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას აფხაზეთის რესპუბლიკისთვის და რუსეთის ფედერაცია სრულად ასრულებს ამ ვალდებულებებს".
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთს 2008 წლიდან 110 მილიარდი რუბლის ოდენობის ფინანსური დახმარება გაუწია.
არძინბამ ასევე მინსკთან ურთიერთობის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "დიალოგი ბელარუსთან კარგად ვითარდება".
"თუ ბელორუსის რესპუბლიკა აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად", - თქვა ოკუპირებული "საგარეო უწყების" ხელმძღვანელმა.
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
მასალის გამოყენების პირობები