ზვიად გამსახურდია ზუგდიდელი თანამებრძოლების მოგონებებში (ფოტო, ვიდეო)
16:16 / 31.03.2019
საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია 2019 წლის 31 მარტს 80 წლის გახდებოდა. ის თბილისში,
კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში 1939 წლის სწორედ ამ დღეს დაიბადა.
პრეზიდენტის ცხოვრების ტრაგიკული დასასრულისა და მანამდე მისი მოღვაწეობის ამბავი ქვეყნის უახლესი ისტორიის ნაწილია. ის არის პოლიტიკოსი, რომელმაც ხალხის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა და ხშირად სწორედ ამით გამოარჩევენ სხვებისგან. ზვიად გამსახურდიას მიმართ დიდ პატივისცემასთან ერთად დიდი სიყვარული ჰქონდა მის გარემოცვას, თანამებრძოლებსა და მეგობრებს.
სოსო თორია, ედემ კვირტია და რეზო ჯიქია სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც მას პირადად იცნობდნენ. თითოეული მათგანს საკუთარი ზვიად გამსახურდია ჰყავს, თუმცა სამივემ გვითხრა, რომ მისი გაცნობა და მასთან ურთიერთობა უძვირფასესი მოგონებაა.
„მომწიფებული ისტორიული შანსი - ღმერთმა ერთ საუკუნეში ეს შანსი მოგვცა ორჯერ და ვერც ერთხელ ვერ გამოვიყენეთ. ამაზე მწყდება გული...“, - ასე დაიწყო პრეზიდენტის დაცვის წევრმა სოსო თორიამ მისი გახსენება. თავადაც სამართლიანობისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლს პრეზიდენტი წირვაზე გააცნეს.
„პირველი შეხება იყო სტუდენტობის წლები, 18-19 წლის ვიქნებოდი. სიონში, ზვიად გამსახურდია გამაცნეს წირვაზე. წესად ჰქონდა - წირვაზე რომ მოვიდოდა, დადგებოდა მარჯვენა მხარეს, თმაში ერთი ჭაღარა არ ერია, ჩუმად დაესწრებოდა წირვას და წავიდოდა - აი, მაშინ გამაცნეს ზვიად გამსახურდია და მერე მათრიეს პირველ განყოფილებაში, რა გინდოდა ეკლესიაში ზვიად გამსახურდიასთან. მე ვუთხარი - კონსტანტინეს შვილი გავიცანი, რას ჰქვია, რა მინდოდა“, - გვიყვება თორია.
ჩვენს კითხვაზე, ყველაზე მეტად მის რომელ თვისებას გამოარჩევდით, გვითხრა, რომ ზვიადის განსაკუთრებული თვისება ურთიერთობაში ხალასი სისუფთავე იყო.
„სიყვარული იყო მისი მთავარი თვისება - ადამიანი უყვარდა და ეძებდა დადებითს... იმ ერთს და დადებითს.. ადამიანებს, ვინც გარშემო ეხვია და ეროვნულ მოძრაობაში იყო. მეათასეჯერ აძლევდა შანსს, დარჩენილიყვნენ ადამიანებად, მაგრამ ბევრმა საქონლად დარჩენა არჩია მაინც“, - გულდაწყვეტით იხსენებს ჩვენი რესპონდენტი.
ზვიადის გარდაცვალებიდან 25 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ამბობს, რომ პრეზიდენტსა და იმჟამინდელ მოვლენებზე ხშირად ფიქრობს და აუტანელ ტკივილს გრძნობს. ყველაზე მძიმე კი მაინც პრეზიდენტის სიკვდილის ამბავია.
„ჩამოვიდნენ ბიჭები და ჩამოიტანეს ამბავი - პრეზიდენტმა თავი მოიკლა. შოკი იყო... მახსოვს, მივედი ჯოხარ დუდაევთან ... დილის საათები იყო. ბატონო ჯოხარი ვარჯიშობდა, თენდებოდა და როგორც კი დამინახა მითხრა, რაც არ უნდა მწარე იყოს, მითხარიო. ზვიადი არ არის-მეთქი, ვუთხარი და განტელები ხელიდან გაუვარდა. ცოტა ხანს გარინდული იყო. მახსოვს, როგორ მოთქვამდა ქალბატონო ალა (ჯოხარის მეუღლე)... რეზიდენციისკენ მივდიოდით მანქანით და ჯოხარმა შემომხედა, არ მომწონსო ეს თვითმკვლელობის ვერსია, მოგონილიაო... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე არ დამტოვებდა მარტოსო. როდესაც ზვიად გამსახურდია დავკრძალეთ, დამიბარა, მკითხა, როგორი წესია თქვენთანო. ვუთხარი, საფლავის ქვაზე რომ მემორიალს აკეთებენ, სამახსოვროდ... როგორ ფიქრობ, შეიძლება, რომ წარწერა მე გავუკეთოო. რა თქმა უნდა, სასურველიცაა-მეთქი, ვუპასუხე. მახსოვს,რა წარწერაც გაუკეთა - „გულითად მეგობარს და უფროსს მასწავლებელს“ - ცალ მხარეს იყო ეს წარწერა, მეორე მხარეს კი ზვიადის სიტყვები...“, - იხსენებს სოსო თორია.
მას პრეზიდენტის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, გამორიცხავს და ამბობს, რომ არ იცის, ჩახმახს ხელი ვინ გამოკრა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ზვიად გამსახურდია თავს არ მოიკლავდა.
„მეც ვიყავი სამსახურიდან გაგდებული, გავაანალიზე ყველაფერი და პირდაპირ შევედი ზვიადთან. გაკვირვებულმა შემომხედა - სად ხარო ბიჭო, ამდენ ხანს? აზრზე არ იყო ისე გააკეთეს“, - ამბობს პრეზიდენტის დაცვის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ჩეჩნეთში დევნილობა, სამოქალაქო ომი და სამუდამო პატიმრობის სასჯელიც, თუმცა, მოგვიანებით, სოსო თორიას სტრასბურგის სასამართლომ პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.
პირველ პრეზიდენტს კარგად იცნობდა ედემ კვირტიაც. სწორედ ის რედაქტორობდა ფარულად მოწყობილ ტელევიზიას „თავისუფალი საქართველო“, როცა გამსახურდიას მთავრობა დაამხეს. ზვიადზე საუბრისას თავშეკავებულია და ამბობს, რომ პრეზიდენტთან ახლოს მისვლის უფლებას ხშირად საკუთარ თავს არ აძლევდა მიუხედავად იმისა, რომ მას პრეზიდენტობამდე წლებით ადრე იცნობდა.
„ჩვენი პირველი შეხვედრა იყო1976 წელს. ზვიად გამსახურდიამ გამოსცა თვითგამოცემითი არალეგალური ჟურნალები „ოქროს საწმისი“ და „საქართველოს მოამბე“ და ამას ვავრცელებდით, ზუგდიდში მე ჩამომქონდა... არასდროს მითქვამს, რომ მისი მეგობარი ვიყავი. თავს უფლებას არ ვაძლევდი, ახლოს მივსულიყავი... სურათიც კი გადამეღო. ერთხელ ჩამოვიდა, მახსოვს და კიბეზე შემხვდა, დაცვის თანამშრომელმა უთხრა, ეს ედემ კვირტია არისო... ვიცნობ, ვიცნობო - გაეღიმა ზვიადს. ეს მომენტი მთელი ცხოვრება მემახსოვრება, ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს ყველაფერი“, - გვიყვება პრეზიდენტის თანამებრძოლი.
მისთვის ზვიად გამსახურდია მიმართულების მიმცემი და საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. იხსენებს, რომ მას და მის მეგობრებს ზუგდიდში იატაკქვეშა მოძრაობა ჰქონდათ დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ზვიადმა ამ ყველაფერს მიმართულება მისცა და როგორც ამბობს, „ნამდვილ თავისუფლებას“ აზიარა.
"ზვიად გამსახურდია იყო გამორჩეული, ის ჭვრეტდა წინასწარ ფაქტებს. ჩვენი ემოციური მოქმედებისგან განსხვავებით ... მისი როლი ისეთივეა, როგორიც ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა. ის იყო მიზანდასახული, დიდი რწმენის მქონე ადამიანი. ჭვრეტდა, რომ საბჭოეთი დაინგრეოდა და გვამზადებდა ამისთვის. ერთად რომ ვიყავით, იმდენად არ ვაცნობიერებდი, არ წარმომედგინა, ასეთი დიდი პიროვნება რომ იყო. რამხელა დანაკლისია, რამხელა დანაშაული მიუძღვის იმათ, ვინც ეს ჩაიდინა, ახლა უფრო ვაცნობიერებ. ტყუილია - დრო არაფერს არ კურნავს - რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მტკივნეულია ჩემთვის ზვიად გამსახურდიას ასეთი წასვლა ამ ქვეყნიდან. 80 წლის ზვიად გამსახურდია ცოცხალი უნდა ყოფილიყო და ჩვენთან ერთად ეზეიმა... ზვიადს კი არ ესროლეს - ყველას ჩვენ, იდეას, საქართველოს ესროლეს. მის დამხობას მოყვა ის მოვლენები და შედეგი, რაც დღემდე მოგვყვება. საქართველო და მისი მომავალი მოკლეს მაშინ“ - ასე აფასებს ედემ კვირტია პირველ პრეზიდენტსა და მის ტრაგიკულ აღსასრულს.
მას არც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გამორჩენია. ამბობს, რომ ზვიადს და ეროვნულ მოძრობას სურდა, დამოუკიდებლობის აღდგენა 9 აპრილის მოვლენებსა და დაღუპულების ხსოვნას დაკავშირებოდა, ამიტომაც რეფერენდუმი 9 აპრილამდე უნდა ყოფილიყო და ეს კვირა დღეს სწორედ 31 მარტი გახდა. ასე დაემთხვა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე პრეზიდენტის დაბადების დღეს.
ბოლოს ედემ კვირტიამ ზვიად გამსახურდია ჭყონდიდობაზე ნახა, თუმცა გულდაწყვეტით იხსენებს, რომ, სავარაუდოდ, დაცვის გავლენით, მასთან მიახლოება რთული იყო.
ყველაზე ბოლოს უკვე დევნილობაში მყოფი ქვეყნის პირველი პირი რეზო ჯიქიამ გაიცნო. ის პირველად ზვიადს გროზნოში შეხვდა, სადაც მას საიდუმლოდ, დაუმორჩილებლობის კომიტეტის თავმჯდომარე ვალტერ შურღაია ჩაუყვანა.
„ღამის თორმეტი საათი იყო, რომ მოვიდნენ. მანქანაში ზვიადი წინ იჯდა. გვერდით მივუჯექი, მხარზე ხელი დამადო და ისეთი სითბო ვიგრძენი, დღესაც ვგრძნობ“, - ამის გახსენებისას რეზო ჯიქიას თვალზე ცრემლი მოადგა. მისთვის ზვიად გამსახურდია ერისა და ღვთის ადამიანი იყო.
„ჩემი დახასიათება რად უნდა, ეს იყო ღვთის შობილი კაცი, ერისთვის რომ უნდოდა კარგი. სამი თვე იყო პრეზიდენტად, მერე მოუწყეს პუტჩი და არაფერი დააცადეს... მეორე ასეთი არც მინახავს, ალბათ, კიდევ დაიბადება ვინმე მისნაირი... ღვთიური კაცი იყო, რელიგიაზე და ჩვენს ერზე ჰქონდა აწყობილი საკუთარი ცხოვრება“, - ყვება ჩვენი რესპონდენტი, რომელიც ზუგდიდში ტელევიზიას ტექნიკურ საკითხებს აგვარებდა და პრეზიდენტისა და მთავრობის მხარდამჭერ მიტინგებსა და მიმდინარე მოვლენებს სხვა 17 თანამშრომელთან ერთად რისკის ფასად იღებდა და ავრცელებდა. ზვიადთან ყველა შეხვედრა ახსოვს, თუმცა, ერთ-ერთს განსაკუთრებული ემოციით იხსენებს.
„ეს ის დღეა, როცა ჩეჩნები და აფხაზები შემოვიდნენ ზუგდიდში ვითომ ჩვენს დასახმარებლად... შევედი შენობაში, შიგნით, გავიგონე ხმა აწეული... ეს ზურგში ხანჯლის ჩარტყმა არისო, ეს ფრაზა გავიგონე.... რომ შევედი, შემომხედა და მითხრა, რეზო, შენც მიღალატეო და ცრემლი წამომივიდა... ერთ ადამიანზე მკითხა, მართლა უთხარი, ფეხებს დაგამტვრევო? კი, ვუთხარი -მეთქი... წადი და სახლში დაჯექიო, მითხრა“, - გვიყვება რესპონდენტი. რეზო ჯიქია იხსენებს, რომ ტელევიზია მხოლოდ ზუგდიდს ფარავდა და მასალების წასაღებად სხვა რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ, რომ ფირები ყველას ენახა, პარალელურად კი, როგორც ამბობს, მხედრიონი ყველგან ეძებდა, სად იყო მათი სამუშაო ადგილი.
ზვიადის სიკვდილის ამბავი ტელევიზიით გაიგო. „სანამ ცოცხალი იყო, მეც აქ ვიყავი და მერე ვისთან დავრჩენილიყავი“, - გვითხრა და დასძინა, რომ ზვიადის სიკვდილი ქართველი ერის ტრაგედიაა.
პრეზიდენტის თანამებრძოლობისთვის რეზო ჯიქია სასტიკად სცემეს და დააპატიმრეს. იხსენებს, რომ გათავისუფლების შემდეგ ზუგდიდში დაბრუნებულს ხალხი სიყვარულითა და ოვაციებით დახვდა.
„ცოცხალი რომ ვარ ესეც პრეზიდენტის დამსახურებაა და ასე რომ დამხვდა ხალხი, ესეც... მისი სიყვარულით იყო ეს ყველაფერი“, - გვითხრა რეზო ჯიქიამ.
ჩვენს სამივე რესპონდენტს პირველ პრეზიდენტზე სასაუბროდ საათები დასჭირდათ და არც ეს დრო ეყოთ... მათთვის ყველაზე მტკივნეული გამსახურდიას დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალების ამბავია და არცერთ მათგანს თვითმკვლელობის არ სჯერა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები