სანამ ხატვას დაიწყებდა, ბუნებისა და გარემოს სიყვარულს ლექსებით გამოხატავდა, პირველი დასრულებული ნახატი კი 13 წლისამ შექმნა.
„მთელი კვირა ვხატავდი - ხის ყველა ფოთოლი საგანგებო სიზუსტით გამოვიყვანე, ხავსის ყველა პწკარი. ბედნიერი ვიყავი, რომ ხეებისთვის სიყვარულის „დამტკიცების“ შესაძლებლობა გამომიჩნდა’’, - იხსენებს ზუგდიდელი ნათია ზარანდია.
ყდის ილუსტრაცია სტივენ კინგის წიგნისთვის - “ბნელი კოშკი: ჯადოქარი და ბროლი”ხატვა მისთვის არავის უსწავლებია, თუმცა, ფიქრობს, რომ მხატვრობის ნიჭი, დედისა და ბებიისგან გადაეცა, ხოლო ამ ხელოვნებისადმი მისი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ზუგდიდის სამხატვრო სკოლის დირექტორის ჯანსუღ ჭურღულიას რჩევებს მიუძღვის.
ყდის ილუსტრაცია სტივენ კინგის წიგნისთვის - “ის”
პროფესიაც სრულიად განსხვავებული აირჩია, ახლა ის საბანკო სექტორში მუშაობს, ნათია საფინანსო და სადაზღვევო საქმის სპეციალისტია. მთელ თავისუფალ დროს კი მთავარ გატაცებას - მხატვრობას, უფრო ზუსტად კი წიგნებისთვის ილუსტრაციების შექმნას უთმობს. როგორც ამბობს, ამგვარი ბალანსი ჯერჯერობით აკმაყოფილებს.
ყვება,რომ მთავარი გრძნობა, რომელიც ხატვისას ეუფლება, აზარტია,რადგან ყველაზე მეტად თავად აინტერესებს, რამდენად შეძლებს გონებაში წარმოსახული რეალურად დახატულს დაამსგავსოს.
ილუსტრაცია ემილ ზოლას მოთხრობებიდან...
„გულწრფელი თუ ვიქნები, თითქმის ყოველთვის მიწევს თავს ძალა დავატანო ხატვას შევუდგე, მაგრამ როგორც კი გონებაში უკვე დასრულებული „ხატი“ წარმომიდგება მომავალი ნახატის, მაშინვე ფრთები მესხმევა და დაღლილობა, ხმაური გარშემო, „წვრილმანი საწუხარები“- ყველაფერი მქრქალდება“,- ამბობს მხატვარი.
შემოქმედებაში ხანგრძლივი პაუზაც ჰქონდა, როგორც გვიყვება, ამ პერიოდში ბევრს კითხულობდა, მეტწილად, ფენეტზის ჟანრის ლიტერატურას, ილუსტრაციების შექმნა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა.
‘’მქონდა 8-9 წლიანი პერიოდი, როცა არაფრით მეხატებოდა, მეგონა ხატვაც კი დამავიწყდა და ალბათ ასეც მოხდა, „გახსენებას“ 22 წლისა შევუდექი, მაგრამ საღებავებით ხატვა ჯერაც მეზარებოდა, ამიტომაც გამოსავალი ვიპოვე და ტუშის კალამზე და ფანქრებზე გადავერთე’’, - ამბობს ნათია.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი ნამუშევრებით მალევე დაინტერესდნენ გამომცემლები. პირველი სერიოზული შეკვეთა რეი ბრედბერის წიგნის ყდის გაფორმება იყო. ამის შემდეგ მისი ილუსტრაციები დაიბეჭდა ისეთი ცნობილი ავტორების წიგნებისთვის, როგორიცაა ემილ ზოლა, სტივენ კინგი, მაიკლ სალივანი, ჯეფ ვანდერმირი, მარკ ლოურენსი.
რეი ბრედბერის - ,,აჰმედი და დავიწყების მანქანები'' ყდა
ჯეფ ვანდერმირის "ანიჰილაციის" ყდა
‘’რეი ბრედბერის მოთხრობები, ისევე, როგორც უთვალავი ახალგაზრდა მკითხველისთვის, ჩემთვისაც ერთ-ერთი პირველი „კარი“ იყო sci-fi ლიტერატურაში. როცა გამომცემლობა მისი ამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრებულის ყდის შექმნის შემოთავაზებით დამიკავშირდა, პირველ რიგში სიხარული ვიგრძენი, მერე კი - დავფრთხი, არადა ყოველთვის პირიქით ხდება ხოლმე,მაგრამ ამ შემთხვევაში წარუმატებელი ილუსტრაციის შიშს ავტორის თაყვანისმცემლობამ სძლია ჩემში’’ - გვიყვება მხატვარ - ილუსტრატორი.
მუშაობისას ფანქრებს და ტუშის კალამს იყენებს ან პირდაპირ სახატავ პლანშეტზე (აიპადზე, apple pencil-ით) ხატავს, ასკანირებს და ფერებს აიპადში ასრულებს, რაც გამორჩეულს და განსხვავებულს ხდის მის ნამუშევრებს.
ყმაწვილი ალი
თვითნასწავლი ხელოვანი თავის პეიზაჟებსა და წიგნისთვის შექმნილ ილუსტრაციებში, ზღაპრულ, სიზმრისეულ გარემოს, გამოგონილი სამყაროს ამბებს, კოსმოსში მოგზაური ბიჭუნების სიცელქეებს, თავშესაქცევ პერსონაჟებს აღწერს. როგორც ამბობს, ხატავს ყველაფერს, რის ნახვასაც ცხადში ისურვებდა.
მარკ ლოურენსის ,,ეკლების უფლისწულის'' ყდა
ბანკში გატარებული დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, გონების სიმშვიდე და ფანჯრის მიღმა გრილი და ღრუბლიანი ამინდი საუკეთესოა, რაც ხატვისთვის სჭირდება. ამჟამად ნათია ზარანდია სტივენ კინგის „ბნელი კოშკის“ სერიის მორიგი, მეოთხე წიგნის ყდაზე მუშაობს.
Faeries live here
ჭინკა
scarred
levitate
მოხეტიალე
რეი ბრედბერის - ,,აჰმედი და დავიწყების მანქანები'' ყდა
მასალის გამოყენების პირობები