მულტიმედია
როგორ ცხოვრობენ ზუგდიდელები კორონავირუსის დროს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში (ფოტო)
იმ პირობებში, როცა COVID-19-ის პანდემია მთელს მსოფლიოს მოედო, რადიო ,,ათინათი’’ დაინტერესდა, როგორ ცხოვრობენ ზუგდიდიდან წასული მოქალაქეები უცხოეთში.

ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით, რომ გეგვერკვია როდის წავიდნენ სამშობლოდან და როგორ ცხოვრობენ საზღვარგარეთ პანდემიის პირობებში.

მიშო ყორშია პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში 11 თვეა იმყოფება. ის ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეა.


,,ვმუშაობ სკოლაში, ამ ეტაპზე გვაქვს ონლაინ გაკვეთილები ყოველდღიურ რეჟიმში. პროექტს აფინანსებს Erasmus+. უკვე თითქმის სამი კვირაა, რაც იზოლაციაში ვიმყოფებით, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, რესტორნები და თავშეყრის ადგილი დახურულია. ასევე იკრძალება გარეთ 2 ადამიანზე მეტის გასვლა. თან აუცილებელია იყოს დაცული სოციალური დისტანცია.

თითქმის სახლში ვართ, მხოლოდ მაღაზიაში და აფთიაქში გავდივართ, ისიც კვირაში ორჯერ, სახლიდან გასვლამდე ვიცავთ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც არის გაცემული.
პოლიცია დადის და ხმის გამაძლიერებლებით ყოველდღიურად მოუწოდებს მოქალაქეებს დარჩნენ სახლში. ყოველდღიურად იზრდება დაინფიცირებულთა რიცხვი’’, - გვითხრა მიშო ყორშიამ.

ნინო გოგოხია, მეუღლესთან ერთად, ხუთი წელია ბარსელონაში ცხოვრობს. ის კორონავირუსამდე ერთ - ერთ სასტუმროში, მიმღების პოზიციაზე მუშაობდა.

„ვმუშაობდი ორ ადგილას, სასტუმროში - მიმღების პოზიციაზე და თარჯიმნად, ქართველ, რუს და უკრაინელ დევნილებთან. ესპანეთში ამ სიტუაციაში, სასტუმროები დაიხურა, შესაბამისად, დროებით სახლში ვართ. მეორე სამსახურიდანაც იგივე სიტუაციაა.

ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა, თითქოს ყველაფერი გაჩერდა... ქვეყანაში, რომელიც მეგონა, რომ ბავშვების და მოხუცების იყო, არც ბავშვები ჩანან, არც ასაკოვნები. როგორ უძლებენ ამ ყველაფერს, ვერ ვხვდები. ხანდაზმულები ყოველ წუთს იღუპებიან.

მე და გიომ, გადავწყვიტეთ ეს დრო თვითგანვითარებას მივუძღვნათ და ძირითადად, ან ვკითხულობთ, ან ფილმებს ვუყურებთ, ხან კიდევ ჭადრაკს ვთამაშობთ.
სულ ვფიქრობ, რა მოხდება, მერე ... როდესაც საგანგებო და კარანტინი მოიხსნება?

რამდენი ქალია გამოკეტილი მოძალადესთან, ძალიან მედარდება ეს თემა. ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა ამ წუთას, სტატისტიკა არის საშინელი. აქ ასეთი გამოსავალია - აფთიაქებში შეუძლიათ მივიდნენ, თუ შეძლეს გამოქცევა და კოდური სიტყვა ,,პირბადე 19 "უნდა თქვან, რომ მიხვდეს ფარმაცევტი და პოლიციაში დარეკოს.
იმის შიში მაქვს, რომ ქუჩაში გასვლას ვერ შევძლებ. არ ვიცი, რამდენი ჩემი ნაცნობი, უბნელი, ახლობელი შეიწირა ამ ვირუსმა.

სტრესული მდგომარეობა ნამდვილად გვაქვს. წარმოუდგენელია ადამიანის ფსიქიკაზე კვალი არ დატოვოს გარდაცვლილ - დაინფიცირებულებზე მზარდმა მონაცემებმა...ამ ყველაფრის მერე, ბევრი რამე შეიცვლება. მსოფლიო ვერ და არ იქნება, ისეთი, როგორიც მანამდე იყო’’, - თვლის ნინო.

წელიწადზე მეტია, რაც ზუგდიდიდან გერმანიაში სამუშაოდ წავიდა ირაკლი ქობალია. ის მეუღლესთან ერთად, გერმანიის ქალაქ პოსტდამში ცხოვრობს.

,,ამჟამად ვიმყოფები პოტსდამში, ბერლინიდან 25 კილომეტრში, ჩამოვედი, რომ საკუთარი მცირე საქმიანობა წამომეწყო. ჩამოსვლიდან მალევე დავიწყე საბუთების მომზადება, თუმცა როგორც კი მოვრჩი, მესამე დღეს კარანტინი გამოაცხადეს. საზღვრები გადაკეტეს, თითქოს თავიდან არავინ კიდევ არ იყო აზრზე, თუ რა ხდებოდა, მაგრამ ამ პანდემიის გამო როგორც კი დაიწყო ზრდა ინფიცირებული ხალხის, მერე უკვე დაეტყო ქალაქს ხალხის ნაკლებობა. გამოგვიცხადეს, რომ შემოღებულია კომენდანტის საათი 22:00- დან დილის 8:00 საათამდე. სამუშაოები შეჩერებულია, მუშაობს სუპერმარკეტები, ბანკები, სამთავრობო სექტორი, საელჩოები, აფთიაქი და საავადმყოფოები.

მაღაზიებში სხვადასხვა პროდუქტების, შაქრის, მაკარონის, ფქვილის, ზეთის პოვნა გვიჭირს. გარეთ მხოლოდ საყიდლებზე გავდივართ სუპერმარკეტში, ისიც დილის საათებში.

დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებთ, ონლაინ ვსწავლობ გერმანულ ენას. ხშირად ვეკონტაქტები ჩემებს საქართველოში, ვუყურებთ საინფორმაციო არხებს და ფილმებს. უკვე საჭმლის მომზადებაშიც დავხელოვნდი’’, - გვიამბო ირაკლიმ.

მაკა ქაჯაია 2018 წლიდან საბერძნეთში, ათენში ცხოვრობს და კორონავირუსის გავრცელებამდე ადგილობრივ საქორწილო კაბების ატელიეში, მკერავად მუშაობდა.


,,ამ ეტაპზე ატელიეს მუშაობა შეჩერებული აქვს 6 აპრილამდე. ჯერჯერობით ამ დრომდეა სახლში დარჩენაზე რეკომენდაცია, რომელიც დიდი ალბათობით კიდევ გადაიწევს. საბუთების წესრიგში არქონის გამო შესაბამისი სახელმწიფო დახმარებითაც ვერ ვსარგებლობ და ეს იძულებითი შვებულებაც ჩემთვის იგივე მიზეზით არანაზღაურებადია. ქვეყანაში გადაადგილება შეზღუდულია. ეს შესამჩნევია გარეთ გასვლისას, თუმცა ვერ იტყვი, რომ ყველა სათანადოდ აღიქვამს არსებული სიტუაციის სიმძიმეს... მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხალხს ჯარიმების გადახდის საფრთხე უფრო აჩერებს სახლში, ვიდრე თვითონ ვირუსის ფაქტი. გარეთ გასასვლელად აქ გარკვეული პროცედურების გავლა გიწევს. თუ სამსახურში მიდიხარ აუცილებლად გჭირდება სამსახურიდან ბეჭედდასმული საბუთი, რომელიც ყოველ დღე იცვლება და შესაბამისი სამუშაო დროის მონაკვეთიცაა მითითებული, მარშრუტთან ერთად. სხვა მიზეზების შემთხვევაში (და ეს მიზეზები დადგენილია მთავრობის მიერ), მობილურიდან ნომერზე 13 033 აგზავნი sms -ს, სახლიდან გასვლამდე. ტექსტში უთითებ იმ ინდექსს, რომელიც გასვლის მიზეზს შეესაბამება, ასევე სახელ-გვარს და მარშრუტს. მხოლოდ თანხმობის მოსვლის შემდეგ შეგიძლია გარეთ გასვლა. ადგილობრივ ასტონომიას (იგივე პოლიცია), რომელიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება, გადამოწმების შემთხვევაში აქვს უფლება დაგაჯარიმოს თუ შეტყობინებაში მითითებული მარშრუტში, ან დროში თუ გასვლის მიზეზში გადაცდომაა. ჯარიმა 150-დან 300 ევრომდე მერყეობს.

ატელიედან წამოსვლის შემდეგ ოჯახში მუშაობა ვცადე. ვფიქრობდი, ეს ჩემთვის ერთგვარი უსაფრთხო გარემო და ფინანსური სტაბილურობის გარანტი იქნებოდა. ოჯახში მუშაობის გარკვეული პერიოდის შემდეგ გავაანალიზე, რომ ორმაგ იზოლაციაში ვიმყოფებოდი, თან ისე, რომ დაინფიცირების საფრთხე ხუთმაგად იყო გაზრდილი. ოჯახებში, სადაც 7 - 8 წევრი ცხოვრობს, დაინფიცირების დიდი რისკია.

ამჯერად ერთ მეგრულ ოჯახში ვარ. ლუიზა და ჰამლეტის ოჯახი აქაური ქართველებისთვის სამოთხესავითაა. მთელი დღე სახლში ვართ, ბევრნი ვართ და ეს გარკვეულად დროს აჩქარებს.. მე და გიორგი კომბლეზე, დათუნია დრუნჩაზე და ხუთი ვაშლის სამ ვაშლთან უპირატესობაზე ვყვებით და ვდაობთ. წელს სკოლაში უნდა წავიდეს და ვცდილობთ ეს დრო სასარგებლოდ გამოვიყენოთ’’, - გვიყვება მაკა.

მირანდა ბეჭვაია მაგისტრატურის სტუდენტია და ბუდაპეშტის სტუდენტურ საცხოვრებელში რამდენიმე თვეა ცხოვრობს.


,,ამჟამად ვსწავლობ და ვცხოვრობ უნგრეთში. მაგისტრატურის პირველ სასწავლო წელს ვატარებ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. აქ აგვისტოს ბოლოს ჩამოვედი. როგორც მთელს მსოფლიოში, უნგრეთშიც ვირუსის პრევენციის მიზნით საკმაოდ მკაცრი ზომები გატარდა. მესამე კვირაა, რაც ონლაინ სწავლებაზე გადავედით. გამომდინარე იქიდან, რომ სასწავლო სემესტრის ბოლოა, საკმაოდ ბევრი ნაშრომი მაქვს დასაწერი, ამიტომაც დღის უმთავრეს ნაწილს სწავლაში ვატარებ. ასევე, ახალი რეკომენდაციებისა და რეგულაციების თანახმად, არ გავდივარ სტუდენტური საცხოვრებლიდან. მხოლოდ აუცილებელად საჭირო პროდუქტების შესაძენად მივდივარ სუპერმარკეტში, რომელიც სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა. ჩვენი სტუდენტური საცხოვრებელი მდებარეობს ქალაქგარეთ, აქვს ეზო და სივრცე სხვადასხვა სპორტული აქტივობებისთვის. ვცდილობ დღის გარკვეული ნაწილი სუფთა ჰაერზე, გარეთ გავატარო, რაც ორგანიზმს უკეთესად ფუნქციონირებაში ეხმარება. უნივერსიტეტი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება შექმნილ მდგომარეობას და ყველაფრით უზრუნველყოფილები ვართ, ამიტომაც არ მიფიქრია საქართველოში დაბრუნებაზე. მგონია, რომ რაც უფრო ნაკლებად ვიმოძრავებთ და გადავაადგილდებით ერთი ლოკაციიდან მეორეში, მით უფრო შევამცირებთ ვირუსის გავრცელების საფრთხეებს და მალე დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრების რიტმს’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ მირანდა ბეჭვაიამ.

მანანა თორდია საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობს, სამუშაოდ კი გერმანიის ქალაქ კიოლნში უწევს სიარული. ის "წითელ ჯვარში", დევნილთა თავშესაფრის ხელმძღვანელად მუშაობს.

,,თავის დროზე, გერმანიაში, ქალაქ ვიტენში 2007 წელს ჩამოვედი სამუშაოდ, Au-Pair პროგრამით. 2009 წელს ჩავაბარე კიოლნის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Universität zur Köln). სწავლის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა "წითელ ჯვარში". დაოჯახების მერე კი მეუღლესთან საფრანგეთში გადავედი საცხოვრებლად. ამჟამად ვცხოვრობ სტრასბურგში და ვმუშაობ კიოლნში. ორივე რეგიონში არის კორონავირუსით დაინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა, ორივე ქვეყანამ საზღვარი ღია დატოვა იმათთვის, ვისაც სამსახურეობრივი მოვალეობის მოხდით უწევთ გადაადგილება და საზღვრის გადაკვეთა. ზოგად წესებს რაც ეხება, გარეთ მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია ერთად სიარული, პარალელურად კი აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა. არ გვაქვს გადაადგილების სრული აკრძალვა, მაგრამ გვიწევს კონტაქტების შემცირება. მთავრობის განკარგულება ითვალისწინებს მხოლოდ ოჯახის წევრებთან კონტაქტის ქონას. საფრანგეთში მეტი სიმკაცრეა და გადაადგილებისთვის საჭიროა გქონდეს საფუძვლიანი მიზეზი, როგორიცაა აფთიაქი, საყიდლები ან სამსახური.

გუშინ ჩემს გერმანელ კოლეგას დაუდგინდა კორონავირუსი. დაგვიკავშირდა ჯანმრთელობის სამინისტრო და სავარაუდოდ ყველას "დაგვტესტავენ". სხვა მხრივ გერმანიაში ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება, დილაობით სავარჯიშოდაც გავდივარ. ყველას გისურვებთ გამძლეობას და ჯანმრთელობას, ვიმედოვნებ რომ ჩვენ ყველა მალე შევძლებთ შეზღუდვების გარეშე მიმოსვლას’’, - გვითხრა მანანა თორდიამ.

გოჩა ლაგვილავა სამი წელია გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს და მუშაობს ორგანიზაცია ,,დიაკოვერეში’’, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან.

"შშმ პირებს მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ულტრათანამედროვე საცხოვრებელში ვაწვდით სხვადასხვა სახის სერვისს, სამედიცინოდან დაწყებული, კულტურულ-შემეცნებითი აქტივობებით დამთავრებული. რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19 გლობალურ პანდემიად გამოაცხადა, გერმანიაში თანდათანობით დაიხურა თითქმის ყველა სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება. ღიაა მხოლოდ სურსათის მაღაზიები, საცხობები და აფთიაქები. ჩემი სამსახურის კარები ღიაა მხოლოდ თანამშრომლებისთვის, მკაცრად ეკრძალებათ მაცხოვრებლებს ერთმანეთთან კონტაქტი. მშობლებს, ნათესავებს, ახლობლებს არ აქვთ უფლება საცხოვრებელში მოსვლის, რადგან ისინი შესაძლოა ვირუსის შემომტანნი აღმოჩნდნენ. გაურკვეველი ვადით გაუქმდა თერაპევტების ვიზიტი, რამდენიმე ბენეფიციარის დაგეგმილი ოპერაცია სამწუხაროდ გადაიდო.

თანამშრომლებს, რომლებსაც ვირუსამდე არანაირი უნიფორმა არ გვეცვა, ახლა გვავცია სამედიცინო ხალათი. პირბადეები შეზღუდული რაოდენობით გვაქვს, ამიტომ დღის განმავლობაში ერთ ან მაქსიმუმ ორს თუ გამოვიყენებთ. სადეზინფექციო საშუალებების და სამედიცინო ხელთათმანების დეფიციტი ჯერჯერობით არ გვაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ პირბადის გამოყენების შემდეგ, მასზე მოთავსებულ მეტალს ვაგროვებთ ცალკე და ვაგზავნით სამედიცინო ინვენტარის ერთ-ერთ ორგანიზაციაში, სადაც ხელმეორედ ხდება მათი გამოყენება ახალი პირბადებიის შეკერვის დროს. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ამაში ქართველებიც მიბაძავენ გერმანელებს და ნაგავში არ მოისვრიან გამოყენებულ ნიღბებს, რადგან მათში მოთავსებული მეტალის ფირფიტები შესაძლოა მრავალჯერადად იქნეს გამოყენებული.

მე და ჩემი მეუღლე დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი საათი ვსეირნობთ გარეთ. ის სამსახურში ველოსიპედით დადის, მე მეტროთი და ვცდილობ, მგზავრობის დროს არ შევეხო არაფერს. მგზავრებს უკვე გამოგვიმუშავდა ინსტინქტი, რომ ერთმანეთთან ახლოს არ დავსხდეთ, რათა დაცული იყოს დისტანცია. მე პირადად მგზავრობის დროს არ ვიყენებ რეზინის ხელთათმანებს, პირბადე კიდევ არ მაქვს, რადგან არ იყიდება აფთიაქებში.

ვერ მოვახერხე მეუღლესთან ერთად თაფლობის თვის გატარება იტალიაში, თუმცა ამაზე ბევრი არ გვიდარდია. ორივე განვიცდით იტალიაში და მთელს მსოფლიოში მომხდარ ეპიდემიურ აფეთქებას, სადაც უამრავი ადამიანი განურჩევლად ყველაფრისა, იხოცება. ვცდილობ ფეისბუქს, ტელევიზორს, რადიოს მაქსიმალურად თავი ავარიდო, რადგან მხოლოდ ,,კორონა,, მესმის და ტვინი უკვე „რესტარტს“ ვერ ახერხებს, მაგრამ ბოლომდეც არ გამომდის, რადგან ბევრი დადებითი ინფორმაციაც ქვეყნდება და მაინტერესებს. განსაკუთრებით, მიხარია რომ ასეთი უმძიმესი სიტუაციაა, ჩემს ქვეყანაში კი არ არის დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევა. მჯერა, ეს ბოლომდე ასე იქნება! ამ იმედისთვის მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მსოფლიო მნიშვნელობის ექიმები გვყავს საქართველოში.სიხარულის მომგვრელია, როცა ფეისბუქზე ვხედავ პოსტებს. მთელი ქვეყანა გაერთიანებულია იმ ადამიანების მხარდასაჭერად და გადასარჩენად, ვისაც ეს სჭირდება. მხოლოდ ღიმილის სანაცვლოდ ურიგებენ პურს და სხვა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან პროდუქტებს. მსგავსი სიხარული თქვენ არ იცით როგორი ზეამაღლებულია ემიგრანტისთვის, რომელიც მოშორებულია თავის ქვეყანას. ასე გავაგრძელოთ ქართველებო! ღმერთმა ქნას, რომ ეს პანდემია მალე დამთავრდეს და ბევრი ახალი სიცოცხლე გაჩნდეს ჩვენს მსოფლიოში’’, - გვითხრა გოჩა ლაგვილავამ.

ანა სორდია ქართული დიასპორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია და უკრაინაში ათი წელია ცხოვრობს.

,,2009 წელს სტუმრად ჩამოსული აქ დიდმა სიყვარულმა დამტოვა. ვარ ქართული დიასპორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. აქედან გამომდინარე, მჭიდრო კავშირი მაქვს უკრაინაში მცხოვრებ ემიგრანტებთან. განსაკუთრებით ჩვენს პატარა თანამემამულეებთან, რომლებიც დიასპორის ბაზაზე არსებულ კიევის ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “იბერიელში” იკრიბებიან და მშობლიურ ენასა თუ კულტურას ეუფლებიან. ასევე ვკურირებ ქართული დიასპორის ოფიციალურ ვებ-გვერდს, საინფორმაციო სააგენტო FrontNews-ის რუსულენოვან გვერდს. დღეისათვის მხოლოდ ეს აქტივობები შემრჩა და ფაქტიურად სახლიდან მიწევს მუშაობა. რთულია რა თქმა უნდა ხუთ მილიონიანი ქალაქის რიტმს მიჩვეული ადამიანისთვის სახლში ყოფნა. ამ ათი წლის მანძილზე ასე რთულად საქართველოსგან შორს ყოფნა ჯერ არ განმიცდია. ორ ფრონტზე ვარ მგონია...მეუღლეს ჯერ კიდევ უწევს სამსახურში სიარული და ეს კიდევ ცალკე თემაა, ასე მგონია ყოველ დილით ომში ვაცილებ.

ამ ფიქრების დასაძლევად კი სახლში გამოკეტილი მეტ ყურადღებას ვუთმობ ჩემს ყვავილებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია სახლის სრულფასოვანი ბინადრები არიან. ასევე ვკითხულობ, ვვარჯიშობ და მგონია, ცოტა საჭიროზე მეტ ხანს მძინავს და ამას გამოვასწორებ. გარეთ ძალიან იშვიათად, მხოლოდ პროდუქტების შესაძენად გვიწევს ჩასვლა. ვფიქრობ, ახლა ყველას მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, ის რაც ყველას გვიქმნის საშიშროებას, პირველ რიგში და მერე დისკომფორტს. ყველაფერი კარგად იქნება!’’, - ამ იმედით დაგვემშვიდობა ანა.

სალომე ემხვარი რუსეთში, ვოლგისპირა ქალაქ ასტრახანში რამდენიმე წელია იმყოფება და ქართული კვების ობიექტის თანამფლობელია.

,,2010-2013 წლებში ვსწავლობდი მაგისტრატურაზე და ისე მოხდა, რომ გადავწყვიტე დარჩენა. საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობდა პროცესი, ამიტომაც ბიზნესის გასაფართოებლად აქტიურ სამზადისში ვართ ახლაც. ვგეგმავდით მეორე ობიექტის გახსნას. დასაქმებული მყავს 4 საქართველოდან წამოყვანილი სპეციალისტი და მეორე ობიექტისთვისაც საქართველოში პერსონალი შერჩეული მყავს, თუმცა მსოფლიო მოვლენა და მთავარი საერთო პრობლემა, რაც გვაქვს ყველა ქვეყანას თუ ქალაქს, ძალიან მოქმედებს იმ სფეროზე, რასაც წარმოვადგენ.

აქ გამოცხადებულია საყოველთაო კარანტინი, ის 30 მარტიდან დაწესდა. ჯერ საუბარია მხოლოდ 5 აპრილამდე ყველა ობიექტის დაკეტვაზე, თუმცა რეალურად ეს თარიღი არ არის საბოლოო, რადგანაც ეპიდემიური ფონი ქალაქში მძიმდება.

ჯანმრთელობას გისურვებთ და მინდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ! როგორც ზუგდიდელს, ძალიან მაღელვებს ის სურათი, რაც არის ქალაქში და რა თქმა უნდა მთლიანად საქართველოში! ექიმების თავდადებას სიამაყით ვადევნებ თვალს! მშვიდობა ჩვენ ყველას’’, - ამბობს სალომე ემხვარი.

ზუგდიდელი ნინო თოდუა კი ორი წელია ნიუ იორკში ცხოვრობს და სწავლობს ბრუკლინის კოლეჯში,"შედარებითი ლიტერატურის" ბაკალავრზე.

,,ვცდილობ პრევენციის სახით რაღაცეები მივიღო, C ვიტამინს ვსვამ და ლიმნიან თბილ წყალს ყოველ ნახევარ საათში. C ვიტამინს ბოსტნეულის სახითაც ვიღებ. ვამზადებ დავალებებს, რასაც ონლაინ გვაძლევს ლექტორი, თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე ამბებს და ყველგან ვეძებ ინფორმაციებს ვირუსთან დაკავშირებით. ზოგჯერ ძალიან მსიამოვნებს ეს იზოლაცია, მაგრამ თუ მზიანი დღეა ძალიან ნერვებს მიშლის, რომ გარეთ ვერ გავდივარ. ვმუშაობ ასევე პატარასთან, 1 წლის ბავშვთან საღამოს ცვლაში. წინა კვირას ჯერ კიდევ ვმუშაობდი, მაგრამ ამ კვირიდან სახლში ვზივარ. არ მიწევს გარეთ გასვლა, გარდა აფთიაქისა და სასურსათო მაღაზიისა. ვზივარ სახლში და ასე ვადევნებ თვალყურს მოვლენების განვითარებას’’, - გვითხრა ნინო თოდუამ.

თაკო ნადარაიაც ნიუ იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს. ამერიკაში 3 წლის წინ ჩავიდა.

,,11 დღეა გარეთ ვერ გავდივარ, დღე და ღამეც ამერია უკვე. თორმეტ, პირველ საათამდე მძინავს ხოლმე. ახლა არ ვმუშაობ, ცოტა დანაზოგი მაქვს, დისტანციურად ვიწერ პროდუქტებს. ყველაფერს სათითაოდ ვრეცხავ, ყუთებს ვაგდებ და იატაკს ვუკეთებ დეზინფექციას.ისიც არ ვიცით, რამდენი ხანი მოგვიწევს სახლში ჯდომა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვერაფერს გეგმავ და კაცმა არ იცის, რამდენ ხანს გასტანს ეს სიტუაცია", - ამბობს ის.

დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის უკვე 23 ადამიანია გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით იმყოფება 5783, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 301 ადამიანი.

1 აპრილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 859 770 შეადგინა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 42 340 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 178 335 პაციენტი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.