მულტიმედია
ერთი დღე რუხის კოვიდცენტრში - პაციენტები აფხაზეთიდან და ექიმების დაუღალავი შრომა (ფოტო/ვიდეო)
მას შემდეგ, რაც რუხის კლინიკამ კოვიდინფიცირებულების მიღება დაიწყო, სამედიცინო პერსონალი საავადმყოფოს იშვიათად ტოვებს. მაშინ როდესაც საქართველოში კლინიკები და ცხელების ცენტრები ინფიცირებულების მიღებას ვეღარ აუდიოდნენ, აქ, პირველი პაციენტი, კახეთიდან მიიღეს, შემდეგ კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან, მათ შორის აფხაზეთიდან.

აქ ყველა ერთმანეთს ჰგავს, ექიმი, ექთანი, სანიტარი.
კლინიკაში მშვიდი გარემოა, პაციენტები სტანდარტულ პალატებში არიან გადანაწილებული. ზოგი მუცელზე წევს, ზოგი ჟანგბადის მილით სუნთქავს.

გალიდან დევნილი ლეფთერ ზუღბაია და მისი მეუღლე თავდაპირველად გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თუმცა ერთი- ერთის მდგომარეობა დამძიმდა და სასწრაფოს ეკიპაჟმა ასაკოვანი ცოლ-ქმარი რამდენიმე დღის წინ რუხის კლინიკაში გადმოიყვანა.

"გუდაუთაში ვიწექით სამი დღე, ძალიან ცუდად გახდა ჩემი მეუღლე და რეანომობილით გადმოვიყვანეთ აქეთ, ზუგდიდში. ორი დღე რეანიმაციაში იწვა, 24 საათი, დღე და ღამე იბრძოდნენ ექიმები მის გადასარჩენად და გადარჩა კიდეც. უკვე მესამე დღეს გადმოიყვანეს პალატაში, ჯერ კიდევ ჟანგბადდამოკიდებულია, მაგრამ ბევრად უკეთაა", - გვიხსნის ლეფთერ ზუღბაიას მეუღლე.
69 წლის ფირუზა ჯოჯუას ახალი კორონავირუსი გალში დაუდასტურდა. ინფიცირებიდან მალევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და 4 იანვარს ის გალის რაიონის სოფელ რეფიდან რუხის კოვიდკლინიკაში გადმოიყვანეს. პაციენტი ახლა თავს კარგად გრძნობს, გვიღიმის და უხარია რომ კლინიკას მალე დატოვებს.

"გალში დამიდგინეს ახალი კორონავირუსი 6 ქულით, სიცხეები მქონდა და რეანომობილით მომიყვანეს , ძალიან ცუდად ვიყავი, 39 მქონდა სიცხე, გულისრევა, ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა, წელი მტკიოდა. მეთერთმეტე დღეა აქ ვარ და ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მგონი დავძლიე ეს კორონა",
- უთხრა რადიო "ათინათს" გალის რაიონის მკვიდრმა.
გეგმური შემოწმება მეოთხე სართულზე

"პაციენტები შემოდიოდნენ საქართველოს ყველა კუთხიდან, აფხაზეთიდან 200-მდე პაციენტია შემოსული. დღესაც არიან აფხაზეთიდან პაციენტები ჩვენს კლინიკაში, გავწერეთ ახლახან რამდენიმე. კმაყოფილები წავიდნენ და შემდეგაც გვიკავშირდებიან ტელეფონით",
- გვეუბნება ექიმ-ინფექციონისტი, მარინა ქილორავა.

სამედიცინო კონტროლით და ექიმის მეთვალყურეობით კმაყოფილია მზიური მიქავა, რომელიც მეუღლესთან ერთად რუხის კოვიდცენტრში 6 იანვარს ჩხოროწყუდან შემოიყვანეს. მას ახლა უკვე ნაკლები სიმპტომი და მეტი ენერგია აქვს, მეუღლე კვლავ ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა ამბობს, რომ შედარებით უკეთაა. კლინიკაში დროს ძირითადად მეუღლესთან საუბარში და კითხვაში ატარებს.

"სიცხეები დამეწყო, 31 დეკემბერს გავიტესტეთ,  დაგვიდასტურდა კოვიდი, მეექვსე დღეს გადმოგვიყვანეს აქ. სიცხე მქონდა, თავის ტკივილი, ხველა, მეუღლეს სიმპტომები არ ჰქონია, გულსისხლძარღვთა პრობლემები აქვს, სტენტი აქვს ჩადგმული და ამიტომ გადმოვიყვანეთ კლინიკაში. მეათე დღეა, აქ ვართ და ვართ ძალიან კმაყოფილები, მე თითქმის გამოსული ვარ მდგომარეობიდან, მეუღლეც შედარებით უკეთესად არის", - გვიყვება მზიური მიქავა.
ექიმები პაციენტის წერილებს სამახსოვროდ ინახავენ

პანდემიის დასაწყისში რუხის კლინიკაში ექიმების დეფიციტი იყო, თუმცა ახლა სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა აღარაა. კლინიკაში ამ დროისთვის 13 უფროსი და 10 უმცროსი ექიმი მუშაობს.

"როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მომზადებული შეხვდა რუხის კლინიკა კორონავირუსს. დღესაც მზად არის გაუწიოს დახმარება ყველა პაციენტს, რომელიც ჩვენ მოგვმართავს. თუმცა თავიდან ადამიანური რესურსის და კადრის დეფიციტი იყო, ახლა უკეთესად არის მომზადებული კლინიკა, მეტი სამედიცინო პერსონალი გვყავს, გახსნილია რეანიმაციული განყოფილება", - გვეუბნება ინფექციონისტი მარინა ქილორავა. 
რუხის კოვიდცენტრის პერსონალის ნაწილი

მარინა ქილორავა რუხის კლინიკაში 8 თვეა მუშაობს, ის პირველი პაციენტის შემოსვლის დღიდან მთელ დროს აქ ატარებს და ყოველდღიური რუტინა ყველანაირ შიშს ავიწყებს. რამდენიმე თვის წინ კოვიდი დაუდასტურდა, თუმცა მუშაობა და მკურნალობაც კოვიდცენტრში გააგრძელა, ვირუსი დაამარცხა და მასთან ბრძოლაში გამოლეული ძალებიც აღიდგინა, პაციენტებს კი გასამხნევებლად და შიშის დასაძლევად ვირუსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს.
კოვიდინფიცირებული მარინა ქილორავა პალატაში (ფოტო მისი ფეისბუქ გვერდიდან)

ენატრება ოჯახის წევრები, მეგობრები, სახლი, თუმცა იცის რომ სანამ კოვიდი წარსულს არ ჩაბარდება, კლინიკა ის ადგილია, სადაც მისი ყოფნა ყველაზე საჭიროა.

"ჩვენთვის არ არის განკუთვნილი დრო 10 საათიდან 6 საათამდე, შეიძლება მომიწიოს მორიგეობა გადაბმულად 48 საათი. ზოგჯერ მორიგეობა მთავრდება, მაგრამ პაციენტებს მაინც ვერ ვტოვებთ, ამიტომ მათთან ვართ განუსაზღვრელი დროით. შეიძლება 7 - ზე დამთავრდეს სამუშაო დღე, შეიძლება 10 -ზე , ან მთელი ღამე დავრჩეთ და მეორე დღეც გადავაბათ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განწყობას, თუ პაციენტი მოგვყვება ჩვენ ყოველთვის კარგად გამოდის, ვეხმარებით შიშის დაძლევაში და ზოგჯერ გამოგვდის, სიახლოვით პაციენტთან პოზიტიური განწყობით, ჩემ თვალწინ გაიარა რამდენმა პაციენტმა, რომლებიც ძალიან შეშინებულები იყვნენ და შემდეგ უკვე გახარებულები წავიდნენ აქედან, წერილებიც კი დაგვიტოვეს სამახსოვროდ", - გვიყვება მარინა.

ყველა ექიმი საავადმყოფოში დილით ათის ნახევარზე იკრიბება, მათი სამუშაო დღე პაციენტების მდგომარეობის განხილვით და პალატაში მოკითხვით იწყება. ექთნები იწყებენ ფუსფუსს და ყოველ წამს ყველაფერს აკონტროლებენ.

"შემოვლა იწყება პირველ რიგში საყურადღებო პაციენტებით, ჩაცმის პროცესს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა აქვს გახდის პროცესს, რომ არ მოხდეს დაინფიცირება, შემდეგ უკვე შევდივართ პაციენტებთან, ექიმის მოვალეობაა ანამნეზი, კლინიკური მდგომარეობის, ობიექტური მონაცემების შეფასება, ლაბორატორიული მონაცემების შეფასება და ამის მიხედვით მკურნალობის კურსში ცვლილებების შეტანა და მონიტორინგი".

კლინიკის ლაბორატორია ის ადგილია, სადაც მარინასაც და სხვა ექიმებსაც ხშირად უწევთ შესვლა. პროტოკოლით მესამე, მეხუთე და მეშვიდე დღეს კეთდება კვლევები, თუმცა თუ პაციენტი საჭიროებს, იმ შემთხვევაში დღეში შეიძლება ხუთი და მეტი კვლევაც გაკეთდეს.
ლაბორანტი ნესტანი შენგელია

"ახლა ვინც შემოდის, უმრავლესობა არის სიმძიმით, 80 % არის ჟანგბადდამოკიდებული, მოიმატა შემოდინებამ აფხაზეთის ტერიტორიიდან. ახლა შეთხელებულია პაციენტების რაოდენობა საბედნიეროდ, მაგრამ როდესაც იყო პაციენტებით გადატვირთული რუხის კლინიკა, საერთოდ არ მივდიოდით სახლში. 1 – 2 საათით სასტუმროს კლინიკაში გადავდიოდით დასასვენებლად. წარმოიდგინეთ როცა შვილი გირეკავს და მას არ პასუხობ ტელეფონზე, ასეთი მომენტები ბევრი ყოფილა, მენატრება შვილიშვილები, შვილები. ბოლო რვა თვიდან რაც მე ვმუშაობ, შემიძლია ბოლო ორი კვირა სახლში წავიდე და ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენთან არიან ადგილობრივი ექიმები, რომლებიც გვეხმარებიან", - ამბობს ექიმი.

მისი თქმით, დეკემბრის ბოლოდან კოვიდით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ რუხის კლინიკაში შედარებით იკლო, თუმცა მათი უმრავლესობა, ვინც საავადმყოფოში მიიღეს, თანმდევი დაავადებების მქონე, რისკჯგუფებში მყოფი პაციენტია. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და ისინი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატებში გადაიყვანეს, კლინიკაში კვლავ რჩება რამდენიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

18 იანვრის მონაცემებით, რუხის საავადმყოფოში 77კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 30- მდე ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მძიმეა 6 პაციენტის მდგომარეობა.

ბოლო მონაცემებით, რუხის კოვიდცენტრში 2 208 პაციენტს გაუწიეს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, მათგან 1504- მა მკურნალობის კურსი რუხის საავადმყოფოში გაიარა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.