ზუგდიდის თეატრი მაყურებლის მოლოდინში - შეხვედრა ერთწლიანი პაუზის შემდეგ (ფოტო/ვიდეო)
15:58 / 01.04.2021
კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წელია, რაც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი დაკეტილია. დასმა, კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით, 2020 წლის მარტის დასაწყისში რეპეტიციები შეწყვიტა, თუმცა არ გაჩერებულან. მსახიობებმა ამ პირობებშიც მოახერხეს, საკუთარი სათქმელი თვითიზოლაციაში მყოფ მაყურებლამდე სხვადასხვა ფორმით მიეტანათ.
,,როდესაც მსახიობი ერთი წელი არაფერს გააკეთებს, მერე ეს ცუდად მოქმედებს მსახიობზეც და თვითონ ადამიანზეც. ძალიან ცუდი სიტუაცია რომ იყო და ხალხს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდა, ლოქდაუნის დროს, ჩვენც მოვერიდეთ გარეთ გასვლას, მაგრამ გაჩერებულები მაინც არ ვიყავით. რაღაცებს ვწერდით ხოლმე თეატრის ფეისბუკგვერდის საშუალებით, ლექსებს, ზღაპრებიც კი წავუკითხეთ პატარებს. თითქმის ყოველდღე გვქონდა რეჟისორთან კონტაქტი და ვმუშაობდით როლებზე, ახალ თემებზე, დისტანციურად’’, - გვიყვება ზუგდიდის თეატრის მსახიობი, ზურაბ ლაშხია.
თეატრის ფეისბუკგვერდზე აქვეყნებდნენ სხვადასხვა დროს დადგმული სპეკტაკლების ვიდეოარქივს, მსახიობები პირდაპირ ეთერში კითხულობდნენ ლექსებს, ზღაპრებს, ერთგულმა მაყურებელი კი თავის ემოციას კომენტარებში გამოხატავდა.
ზურაბ ლაშხია ამბობს, რომ თეატრი – ეს მაყურებლისა და მსახიობის ცოცხალი ურთიერთობაა. მოენატრა მაყურებელი, პრემიერა, კომუნიკაცია, რომელსაც ვერაფერი ჩაანაცვლებს.
,,ხუთი სპექტაკლი ჩავაბარეთ, მაგრამ ერთი მაყურებელიც კი არ გვყოლია, ერთი მაყურებელიც კი... ვიღაცის აზრი, სითბო, დარბაზიდან წამოსული. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ, ზუგდიდის თეატრს ჰყავს საოცარი მაყურებელი. ეს არამარტო ჩემი სიტყვებია, არამედ რომ ჩამოდიოდნენ მარჯანიშვილის, რუსთაველის თეატრის მსახიობები, ყველას უთქვამს, რომ საოცრად თბილი მაყურებელი გყავთო. რასაკვირველია, მოგვენატრა და მაყურებელსაც მოენატრა თეატრი. თუ ვინმე გვნახავს ქუჩაში, გვაჩერებენ, გვეკითხებიან, როდის იქნება თეატრი და სპექტაკლები, ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ძალიან მოგვენატრა მაყურებელი და მგონი რომ მალე შევხდებით. მაყურებლის გარეშე რა არის თეატრი?! ’’- ამბობს მსახიობი. როდესაც გასულ ზაფხულს ეპიდვითარება ოდნავ გამოსწორდა, ზუგდიდის თეატრმა გიორგი ლეონიძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, "მარიტა", ბოტანიკურ ბაღში, ღია ცის ქვეშ წარმოადგინა. სულ ცოტა ხანში, დასმა იგივე სპექტაკლი რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სენაკის ცენტრალურ სკვერში ითამაშა. პანდემიის პირობებში, თეატრმა სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან, რუხის ისტორიულ ციხესიმაგრეში, ბათუმის მონოპიესების ფესტივალისთვის შექმნილი სპექტაკლი „შეჭრა“ დადგა.
COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ზუგდიდის თეატრმა წარმატებაც მოიპოვა. 2020 წლის "წინანდლის პრემია" თეატრალური ხელოვნების კატეგორიაში, რეჟისორმა, დავით თურქიაშვილმა მიიღო. ლაურეატის წოდება რეჟისორმა მოიპოვა სპექტაკლით "უხერხემლო", რომელიც ზუგდიდის თეატრში დაიდგა. „უხერხემლო“ შევიდა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამაშიც და მისი ნახვა, სხვა საერთაშორისო და ქართულ სპექტაკლებთან ერთად ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო.
ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლაშა შეროზია გვიყვება, რომ ახალ პირობებს შეძლებისდაგვარად მოერგნენ და პანდემიის გამო მუშაობა არ შეუწყვეტიათ. მთელი წლის განმავლობაში ზოგჯერ დისტანციურად, ხან კი რეკომენდაციების მკაცრი დაცვით მუშაობდნენ - მოამზადეს ხუთი საპრემიერო სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს ჯერ არ უნახავს.
,,ივნისიდან მოგვეცა უფლება, რომ რეპეტიციები ჩაგვეტარებინა, დაწყებული გვქონდა მანამდე და მერე გავაგრძელეთ და რეალურად სამი ახალი სპექტაკლი გავაკეთეთ, ორის საპრემიერო ჩვენება მოვახერხეთ მარტში და დანარჩენი უკვე არ გვითამაშია, ფაქტობრივად, ხუთი საპრემიერო სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს საერთოდ არ უნახავს. ნამდვილად რთული პერიოდია. სამომავლოდ რა გველოდება, არ ვიცით. მაქსიმალურად ვცდილობდით, რეგულაციების დაცვით გვემუშავა. გარდა ამისა, მსახიობი უნდა იყოს ფორმაში, სულ რომ ერთი თვე გაჩერდეს და არ ითამაშოს, მას სჭირდება თავიდან აღდგენა, სხეულის მოკრეფა და ა შ. რთული პროცესია მაინც სახელოვნებო პროცესი და თეატრი. სჭირდება მუდმივი ყურადღება, მუდმივად ფორმაში ყოფნა. მოვიწვიეთ ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობებიც, შტატში არ აგვიყვანია, მაგრამ მოვიწვიეთ იმისთვის რომ სიახლეები და მრავალფეროვნება შეგვეტანა ახალ სპექტაკლში. ახლა რასაც ვდგამთ, აქაც სამი ახალი მსახიობია წარმოდგენილი. ერთი სიტყვით, ის შესაძლებლობები, რაც ჩვენს ხელთ იყო, მაქსიმალურად შევეცადეთ რომ გამოგვეყენებინა ’’,- ამბობს ლაშა შეროზია.
ვიდრე ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება, დასი მუშაობას ქალაქის კულტურის სახლში განაგრძობს. ლაშა შეროზია ამბობს, რომ თეატრს მწირი დაფინანსება აქვს და რთულ პირობებში უწევს არსებობა.
,,ძლიერი ქარი რომ იყო, სახურავი აგვეხადა. წვიმა ჩამოდის, ცივა, „კურტკებით“ გავდივართ რეპეტიციას. ზაფხულში ცხელა ძალიან, თან ისე, რომ შეიძლება ვიღაცას გული წაუვიდეს და ყოფილა ასეთი შემთხვევები ადრე. განათების პულტი არ გვაქვს... მართლა მძიმე და რთული სიტუაციაა, იმიტომ რომ ეს განათება, რომელიც ახლაა, ძალიან ძველია, ზოგი ნაჩუქარი, ზოგიც ნათხოვარი. აი, მარტივ მაგალითს ვიტყვი - თუ გინდა რომ დაუკლო განათებას, ის იწყებს ციმციმს და ვეღარ აჩერებ. ჩვენ თუ ვიყიდით განათების პულტს, ავტომატურად ეს თანხა უნდა წავიდეს იმ ბიუჯეტიდან, საიდანაც ჩვენ სპეკტაკლი უნდა დავდგათ, ანუ ჩვენ ან სპექტაკლი უნდა დავდგათ, ან განათების პულტი უნდა ვიყიდოთ. მე მირჩევნია, რომ თეატრს მრავალფეროვანი რეპერტუარი ჰქონდეს, ამიტომ ჯერჯერობით განათების პულტი არ გვაქვს. ჩვენ ყველას უბრალოდ თეატრი გვიყვარს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თვალი დავხუჭოთ რაღაცებზე. ველოდებით, რომ ახალი თეატრი აშენდება და იქ გადავალთ“, - გვეუბნება ლაშა შეროზია.
თეატრის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადებმა გადაიწია. სამშენებლო კოპანია „ატუში“ რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო მშენებლობის დასრულება შესაძლოა 2022 წლის ბოლომდე ვერ მოხერხდეს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები