"ვოცნებობ, მეტი ქალი დასაქმდეს ამ ქვეყანაში" - ფერმერი ცაიშიდან, რომელიც პანდემიით გამოწვეულ ზარალს ითვლის (ვიდეო)
18:32 / 16.04.2021
"სულ მაინტერესებს, ჩვენ, ფერმერები რატომ არ უნდა ვიყოთ სახელმწიფოს ინტერესის სფეროში. აი, მე ვარ ქალი, დედა ვარ, დიასახლისი...ამას ვაკეთებ ჩემი ოჯახისთვის, სხვების ოჯახებისთვის, სტიმული ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს?!
აბსოლუტურად არავინ არ გრძნობს იმას, რომ რაღაცას ვსაქმიანობთ, რაღაცას ვაკეთებთ, სამწუხაროდ".
გვეუბნება 52 წლის ბელა გიჯაშვილი და თავის კიტრის სათბურს გვათვალიერებინებს. სასათბურე მეურნეობით 5 წლის წინ დაინტერესდა. პროფესიით იურისტმა, ერთ-ერთ სამინისტროში მუშაობის შემდეგ, ცაიშში, ქმრის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კიტრის მოყვანა გადაწყვიტა. საკუთარი სახსრებითა და ბანკში აღებული აგროსესხით 700 კვადრატულ მეტრზე სათბური მოაწყო, სხვა ქალებიც დაასაქმა და როგორც თვითონ ამბობს, საკმარისი გამოცდილებაც შეიძინა.
"არანაირი გამოცდილება არ მქონდა, თავიდან აგრონომის დახმარებით, ახლა კი მე თვითონ მომყავს ჩემი პროდუქცია და ვამუშავებ სათბურს. პრაქტიკამ ბევრი რამ მასწავლა. ზოგჯერ კი მჭირდება სპეციალისტის კონსულტაცია, მაგრამ მეტწილად საკუთარი ძალებით ვერევი მოსავალს. თვითდასაქმებულებიც ვართ, საქმდება ის ხალხიც, ვინც სოფელში ცხოვრობს, ადგილობრივია და უმუშევარი. ამათ, როგორც ოჯახის წევრებს ისე ვესაუბრები", - ამბობს ბელა და კიტრის ყვავილებს უყურებს.
"ბავშვობდან მიყვარდა ყვავილები, მაგრამ პროფესიიდან გამომდინარე, არ მეგონა ოდესმე თუ მოვკიდებდი ხელს. დამღლელი საქმეა, მაგრამ სასიამოვნოც, როცა შედეგი დგება".
სათბური წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვით, ზაფხულობით ჩერდება. ამ დროს ფერმერები მიწას ბაქტერიებისგან ასუფთავებენ და ახალი სეზონისთვის ამზადებენ. ბელას სათბურში ძირითადად ორი ჯიშის კიტრი მოჰყავს, ჰოლანდიური ჰიბრიდი "ევოლუცია" და ქართული წარმოშობის "დიღმის კიტრი". ამბობს, რომ შედარებით ძვირია, თუმცა საზღვარგარეთიდან შემოტანილ კიტრს, ხალხს ისევ ადგილობრივი ურჩევნია.
"ზამთრის თვეებში, ფაქტობრივად, მხოლოდ აქაური სათბურებიდან მარაგდება მთელი ქვეყანა, ჩვენ გარდა ვერავის მოყავს კიტრი. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ენდობა ადგილობრივ პროდუქტს. მე ბიოსასუქი ხელით შემაქვს სათბურში. რაც ჩემი შვილებისთვის არის მისაღები საკვებად, მგონია, ის სხვების შვილებისთვისაც გამოდგება და უსაფრთხო იქნება. მაქსიმალურად ვცდილობ, ზედმეტი, რაც არ არის საჭირო მცენარისთვის, არ მივაწოდო", - გვეუბნება ფერმერი.
პროდუქტს, ძირითადად, თბილისში აგზავნიან, ამარაგებენ დიდ სუპერმარკეტებს და უბნის მაღაზიებს. პანდემიამდე, სეზონზე, დაახლოებით 7-8 ტონა კიტრი ეყიდებოდათ, რაც გაწეულ ხარჯებსა და საბანკო ვალდებულებებს სრულად ფარავდა. ახლა ბელას და ცაიშში არსებული სათბურების სხვა მფლობელებსაც მძიმე პერიოდი უდგათ.
"შარშან დავთესეთ, გავწიეთ ხარჯი და უცებ დადგა გაგზავნის პრობლემა, რესტორნები დაიკეტა, სუფრები, თავშეყრა აიკრძალა. ამ დროს გასაღება ხომ უნდა ყველაფერს. კიტრი, პომიდორი, ვიღაცებს სალათიც ჰქონდათ. ყველაფერს უკან უდგას ბანკის სესხი, რომელიც უნდა გადაიხადო აუცილებლად. კიტრი, რომელიც 7-9 ლარი ღირდა, ჩამოვიდა 3 ლარამდე. ეს კიდევ ის თანხაა, რომელიც თვითონ სჭირდება სათბურს. სასუქის ფასი თითქმის გაორმაგდა, კიტრის ფასი კი დაეცა. მოსავალს ვერ გააჩანაგებ, თუნდაც იმიტომ, რომ ის მცირედი მაინც აიღო, გადაიხადო ვალდებულებები. ყველა სათბურში 2-დან 7 კაცამდეა დასაქმებული, ოჯახსაც ხომ სჭირდება რაღაცა შემოსავალი...ამიტომ ძალიან დიდი პრობლემაა. უკვე ვფიქრობ, აზრი აქვს თუ არა გაგრძელებას... როგორ გააფუჭებ აქამდე ნაშრომს, ვერ მიატოვებ აქაურობას, იმხელა შრომაა ჩადებული, თორემ ვეღარ ინაზღაურებს თავს, სათბურის 80 % მიდის ზარალზე. პანდემიამ ჩვენც გაზარალა და მოსახლეობაც", - წუხს ბელა და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, სათბურში შექმნილ სხვა პრობლემებზეც გვიყვება.
შარშან გრიგალმა სასათბურე ფირი დააზიანა და პროდუქტის რეალიზაციიდან სესხის დასაფარად დაზოგილი ფული გაუთვალისწინებელი საჭიროებისთვის დაეხარჯა. ახლა იცის, რომ სამომავლოდ საკუთარ მოსავალს აუცილებლად დააზღვევს.
"7 000 ლარი შემოსავლიდან, ის თანხა, რაც ბანკში უნდა შემეტანა, ფირში გადავიხადე. რომ არ გადამეხურა, მოსავალს დავკარგავდი. სხვა დროს უკვე გავითვალისწინებ ამას. დაზღვეული რომ ყოფილიყო, რაღაც დახმარება იქნებოდა. ახლა დამიგროვდა ის თანხა რაც მაისში მთლიანად უნდა გადავიხადო, ამ პირობებში და მოსავლით არ ვიცი... ბანკი მოდის დათმობებზე, მაგრამ ვალდებულება ხომ უნდა შევასრულო? მირჩევნია დროულად გადავიხადო და ფინანსური მდგომარეობა ვიცოდე, რა მელოდება", - გვეუბნება ბელა.
პანდემიით დაზარალებული ფერმერი წუხს, რომ მისი და ცაიშში მომუშავე სხვა სათბურების მეპატრონეების ბედითა და ბიზნესის განვითარებით ხელისუფლება არ ინტერესდება.
"მხოლოდ USAID გვიდგას გვერდით, ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მართლა დაგვეხმარა, სულ ვიტყვი ამას. შარშანწინ 5 000 ლარით დამაფინანსეს, გამწოვები და ფირი შევიძინე, რომელიც წელს ქარმა დააზიანა. გაგვაცნო საუკეთესო აგრონომი, ბატონი ილია მჭედლიძე, რომელთანაც დღემდე უსასყიდლოდ გავდივართ კონსულტაციებს და სულ გვეუბნება, ოღონდ თქვენ მოძლიერდით, ისწავლეთო. სახელმწიფოსგან არანაირი, არანაირი დახმარება. ნუთუ არ შეიძლება თუნდაც იგივე 500 ლარიანი კომპენსაცია, სიტყვაზე ვამბობ, ან ის პრეპარატები, რომლებიც საკმაოდ ძვირია, დაგვისუბსიდირონ? ერთი შეწამვლა ფიტოვერმით, რომელიც 90 ლარი ღირს, მხოლოდ 2-ჯერ თუ შემიწამლავს მცენარეს. მხოლოდ ეს ერთი პრეპარატი არაფერია, სჭირდება მონაცვლეობა. ნუთუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამე ბიუჯეტი, რეზერვი არ აქვს, იმისთვის, რომ რაღაცით დაეხმაროს ფერმერებს, განსაკუთრებით კი ქალებს, თუნდაც ჩითილით. აი, ის თესლი, რომელიც გითხარით, ჰოლანდიური "ევოლუცია", 1 000 ცალი არის ერთ პატარა კოლოფში და ღირს 400 ლარი და უფრო გაძვირდება მომავალი სეზონისთვის. მე აქ მჭირდება 2 კოლოფი, ვიღაცას 5, ვიღაცას 3. ეს ამხელა ფასები, ხომ ჩვენს ჯიბეზე აისახება", - ამბობს მეწარმე.
რადიო "ათინათის" კითხვაზე, თუ როგორია სახელმწიფოს ხედვა და პანდემიის პირობებში ფერმერებისთვის დაგეგმილი მხარდაჭერის პროგრამები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ სამსახურში გვეუბნებიან, რომ სოფლის განვითარების სააგენტო რამდენიმე მიზნობრივ პროექტს ახორციელებს.
"პანდემიასთან დაკავშირებით 2020 წელს იმუშავა ანტიკრიზისულმა გეგმამ - "ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე", რომლის ფარგლებშიც არსებულ პროექტებს დაემატა - სახელმწიფო პროგრამა "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება" (200 აგროქულის დარიცხვა 1 ჰა მიწის ფართობზე, ქულების განაღდება აგრომაღაზიებში გრძელდება 2021 წლის 20 მაისამდე); აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა (აღნიშნული პროგრამა ახლაც მიმდინარეობს); 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლება და პროგრამა შეღავათიანი აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებების კომპონენტი - ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის. ეს რაც შეეხებოდა პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ დამატებით ღონისძიებებს. ამ ეტაპზე ხორციელდება შემდეგი პროგრამები: 1. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა; 2. შერავათიანი აგროკრედიტი; 3. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა; 4. აგროდაზღვევა; 5. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა; 6. დანერგე მომავალი; 7. მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა", - აღნიშნულია წერილში.
პრობლემების მიუხედავად, ბელას სჯერა, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნის კეთილდღეობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი სფეროა.
"არ უნდა ვიყოთ ვიღაცაზე დამოკიდებული, არ უნდა ველოდოთ, რომ თურქეთი ან ვიღაც რას გამოგვიგზავნის, ჩვენ თვითონ უნდა მოვიყვანოთ. რატომ უნდა გვჯობნიდნენ ბულგარელები სოფლის მეურნეობაში, ან ესპანელები? ვისზე ნაკლებად შეგვიძლია ამ მიმართულების განვითარება?!"
ოცნებობს, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ქალი დასაქმდეს და იმედოვნებს, რომ როდესაც პანდემია დასრულდება და ცხოვრება ძველ რიტმს დაუბრუნდება, ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრსაც გაბედავს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები