ზუგდიდელი ფოტოგრაფის ფირზე აღბეჭდილი ეროვნული მოძრაობა (ფოტო/ვიდეო)
11:36 / 25.05.2021
დაახლოებით 1 წლის წინ, ბაბუას სახელოსნოში ძველი ნივთების დათვალიერებისას, ზუგდიდელმა ლევან ბებიამ სხვადასხვა წლებით დათარიღებული ოცზე მეტი ფირი აღმოაჩინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბაბუამისის, შაქრო როგავას ფოტოარქივი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სამეგრელოსა და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ასახავდა, რომელიც თვითნასწავლმა ფოტოგრაფმა მომავალ თაობებს საგულდაგულოდ შემოუნახა.
"ახალგაზრობიდან სულ აინტერესებდა ფოტოგრაფია და ზოგადად, ტექნიკა. უღებდა ყველაფერს, სვანეთში 10 დღით წასულა, უშბის გადასაღებად, მანამდე კი თბილისში იყიდა ისეთი ფოტოაპარატი, შორ მანძილზეც რომ გადაიღებდა. ზენიტი ჰქონდა, კოდაკი... თვითნასწავლი ფოტოგრაფი - ასე ვამბობ ხოლმე მასზე. ტელევიზიის თანამშრომელი იყო წლები. აქედან სიგნალი მიეწოდებოდა მთელ რეგიონს და გადიოდა გადაცემები. შაქრო კი ტექნიკური ინჟინერი იყო", - გვეუბნება შაქრო როგავას ცოლი, დალი გრიგოლაია და მეუღლის გახსენებისას ხმაში ბზარი უჩნდება.
ოჯახი სიყვარულით შექმნეს და მეუღლეს დღემდე, როგორც საუკეთესო მეგობარს და მამას მოიხსენიებს.
დალი გრიგოლაია გვიყვება, რომ 9 აპრილის მოვლენების შემდეგ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, მიტინგებზე სიარული და ღამისთევა ყოველდღიურობად იქცა. მაშინ ცოლ-ქმარი სამშობლოს ოკუპაციას ერთად აპროტესტებდა და ქვეყნის დამოუკიდებლობას ითხოვდა.
"ყველგან დაყვებოდა გამსახურდიას და კოსტავას, სამეგრელოს ყველა რაიონში. ისეთი ბედნიერი იყო ეროვნული მოძრაობით, სახლი მიატოვა, გადართული იყო. თავისი მანქანით დადიოდა მიკროფონით, მეგაფონით ქუჩებში, სოფელ სოფელ, რაიონებში, რომ ხალხი გამოსულიყო მიტინგზე. რამდენჯერ დაუკავებიათ, წაურთმევიათ აპარატი... მიტინგის მერე რადიოფიცირებაც ამას მიყავდა, განათება ებარა, ტექნიკური უზრუნველყოფა ყველაფრის. ბევრი სირთულე გამოუვლია ეროვნულ მოძრაობაში, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, სულ მათთან იყო", - გვიყვება დალი გრიგოლაია.
75 წლის ქალი წუხს, რომ მაშინდელი სიტუაციისგან განსხვავებით, დღეს საზოგადოება გახლეჩილია, ახალგაზრდა თაობებმა კი საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ ცოტა რამ იციან.
"სამეგრელოს ყველა რაიონში საოცარი განწყობა იყო შვილო, ყველას ერთმანეთი გვიყვარდა, ერთმანეთზე ვზრუნავდით, ვუზიარებდით გასაჭირს... ახლა არ არის ეგრე, ამაზე ძალიან ვწუხვარ. ერთ პურს რომ შემოიტანდა მიტინგზე ვინმე, ყველანი ვიყოფდით. მთელ ღამეს ვათევდით მოედანზე. ახლანდელ გუბერნიასთან ვიკრიბებოდით, ყინვაში საბურავებს ვანთებდით, მახსოვს სულ გამურულები ვიყავით. არასდროს გაგვიცდენია არც ერთი დღე", - ამბობს ის.
იხსენებს, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამ დრომდე გაუმჟღავნებელ ფირებს, მისი ქმარი განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა. დათარიღებული არქივის ადგილსამყოფელს ხშირად ოჯახის წევრებსაც არ უმხელდა.
"მაშინ შაქრო სულ იღებდა ფოტოებს, ჩაწერილი ჰქონდა როდის რა გადაიღო... სიტუაცია რომ დაიძაბა და "მხედრიონი" შემოვიდა, ეს ფირები ისე გადამალა, რომ არავის მიეგნო და არ ენახა", - გვიხსნის ქალი.
ეროვნული მოძრაობის ერთგულებისთვის შაქრო როგავა მოგვიანებით სამსახურიდანაც გაუშვეს, მიზეზად "სამუშაო საათების გაფლანგვა" დასახელდა. მაშინ, შაქრო როგავა ზუგდიდში ტელევიზიის სიგნალის მიმღები ანძის ტექნიკური ინჟინერი იყო.
ფოტოგრაფის მეუღლე მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მძიმე და საბედისწერო შაქრო როგავასთვის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტი გახდა.
"ძალიან იმოქმედა ზვიად გამსახურდიას სიკვდილმა, სულ ნერვიულობდა. მე არ ვამტკიცებ არაფერს, მაგრამ ძალიან ედარდებოდა. ამ ნერვიულობის ფონზე კაცი, რომელიც არასდროს არ ყოფილა ავად და ცუდად, გულის შეტევით გარდაიცვალა. ისე განიცდიდა, მეგობრები მოდიოდნენ და ატყუებდნენ, ზვიადი იქ იყო, აქ ნახეს, მაგრამ ეგ არ სჯეროდა, იცოდა რომ ცოცხალი აღარ იყო. საათობით იჯდა და ფიქრობდა ზვიადის გარდაცვალებაზე... მხოლოდ 2 წლით მეტი იცხოვრა ზვიადის მერე... უსამართლობის და ღალატის გამო გარდაიცვალა ეს კაცი, ყველა ამას ამბობს, ვინც იცნობდა", - გვეუბნება შაქრო როგავას ცოლი.
გული წყდება, რომ მისმა ქმარმა ვერ იხილა მისთვის საოცნებო, "ბოლომდე თავისუფალი ქვეყანა" და დიდი სურვილი აქვს, ახალგაზრდებმა საკუთარი გმირი წინაპრების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ. ახლა ასოციაცია "ათინათის" მიერ შაქრო როგავას დღემდე გამოუქვეყნებელი ნამუშევრების 26 მაისს დაგეგმილი გამოფენისთვის ემზადება და ამბობს, რომ იქ მისული ადამიანები სურათებზე ძალიან ბევრ ნაცნობ სახეს იპოვიან.
"ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ, რომ ნახონ როგორი ერთიანი და ერთსულოვანი იყო მაშინდელი თაობა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდა და აპროტესტებდა რუსეთის ოკუპაციას. მათ შეიძლება ფოტოებზე დედები, მამები ამოიცნონ. ვისურვებდი, რომ ახალ თაობას ჰქონდეს მშვიდობა, თავისუფლება და რაც მთავარია იცხოვროს ერთიან ქვეყანაში. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. "ათინათის" ხელმძღვანელები, რუსიკო ყალიჩავა და გია ხასია რომ მოვიდნენ, ისე აღფრთოვანებული ვიყავი, არ ვიცოდი რა მეთქვა, რა სიტყვა გამომეძებნა...როგორ გამომეხატა ჩემი სიხარული. დღეს მე ბედნიერი ვარ, მადლობა "ათინათს" და გამოფენის ყველა მხარდამჭერს, მაია კალანდიას, რომელიც შაქროსთვის იყო დასავით. ჩემს ქმარს ბევრი აქვს გაკეთებული ქალაქისთვის, ეს ბევრს შეიძლება ახსოვს, ბევრს კი არა... სიკეთით იყო სავსე, უზომოდ უყვარდა ქალაქი და ხალხი, არ ითხოვდა ნაშრომის შეფასებას, გაზეთ "აღდგომაშიც" კი ასე ეწერა - ჩუმი პატრიოტი. აკეთებდა ყველაფერს ქვეყნისთვის და ხალხისთვის. 3 შვილი გვყავს, 7 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი უკვე, მენანება რომ შაქრო ვერ მოესწრო ამ სიხარულს ბოლომდე", - აღნიშნა ჩვენმა რესპონდენტმა.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას ზუგდიდელი ალექსი თირქია დაშავდა. მისი ბიძა, იოსებ ჩანადირი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ 22 წლის ახალგაზრდას ე.წ გაზის კაფსულა წარბის არეში მოხვდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. „პარლამენტის“ რიგგარეშე სხდომა, რომელიც 19 დეპუტატის მოთხოვნით იყო მოწვეული, დღეს გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ გმობენ ძალადობას, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან ევროპული მომავლის დასაცავად.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები