ხის ნაკეთობები ზუგდიდელი ბანკირისგან - ჰობი, რომელიც პანდემიისას საქმედ იქცა (ვიდეო)
18:28 / 15.06.2021
ხეზე მუშაობით ზუგდიდელი ნიკა ლეთანძე ბავშვობიდან დაინტერესდა. მაშინ ხშირად რჩებოდა საამქროში მამასთან, გამოცდილ ხის ოსტატთან და საათობით უყურებდა, როგორ ამზადებდა მამა სხვადასხვა ნაკეთობას.
6 წლის ასაკში საჩუქრად მიღებული ინსტრუმენტების ნაკრები, ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მომუშავე ეკონომისტისთვის, ახლაც ყველაზე ბედნიერი მოგონებაა.
"მას მერე ხან ჩაქუჩს ვაკაკუნებდი, ხან რაღაცას ვხერხავდი. ყოველთვის ვაკეთებდი რაღაცებს, უბრალოდ ბიზნესის სახე ამას არ ჰქონდა, გასაყიდად არ ვამზადებდი. თბილისში ხეზე ჭრას ვსწავლობდი დაახლოებით ერთი წელი, თუმცა წამოვედი, რადგან იქ რასაც ვაკეთებდი, ამის საშუალება სახლშიც მქონდა, მამაჩემის ხელობიდან გამომდინარე. მეთქი ჩემთვის სახლში გავაკეთებ რაღაცებს, მაშინ ვცადე პირველად გასაყიდად მაგიდების გაკეთება, მაგრამ არ გაიყიდა. მერე არც მიცდია", - ამბობს 38 წლის ბანკირი.
კოვიდ-რეგულაციებმა ნიკას საყვარელი საქმე გაახსენა. გვეუბნება, რომ პანდემიით გამოწვეული სტრესის დაძლევა სწორედ მამის სახელოსნოში შეძლო.
"შეიძლება ითქვას, ამ პერიოდის გადატანაში დამეხმარა. თითქმის ყველაფერი გაჩერებული და ჩაკეტილი იყო. რაღაცა გჭირდება ადამიანს რომ გაერთო, გული გადააყოლო - ჰობი - სამსახურის მერე განტვირთვისთვის. ჩემი სამსახური შეიძლება ფიზიკურად არ იყოს დამღლელი, მაგრამ იღლები მორალურად. თავშეყრის ადგილები და შეკრება რომ აიკრძალა, რაღაცა იყო საჭირო და აგერ ვიპოვე, გვერდით. ხშირად მახსენებდნენ, რომ უნდა მეჭამა რამე, იმდენად არ ვეშვებოდი, არ გამოვდიოდი სახელოსნოდან", - გვიყვება ნიკა.
იზოლაციაში ყოფნისას იუთუბზე ბევრ სასწავლო ვიდეოს უყურა და როგორც თვითონ ამბობს ერთ-ერთი ექსპერიმენტი ხის პალეტების (კონსტრუქცია, რომელიც ტვირთის გადაადგილებისას, ან შენახვისას გამოიყენება, ავტ.) გამოყენებით ჩაატარა. პირველი მცდელობებით უკმაყოფილო დარჩა, თუმცა მოგვიანებით სასურველ შედეგს მაინც მიაღწია.
"ძმამ იყიდა რამდენიმე პალეტი, ყოველთვის გვინდოდა რაღაც გაგვეკეთებინა ჩვენთვის, განა გასაყიდად. ვინმე რომ ვერ გააკეთებს, ისეთი რთული მართლა არ არის, თუმცა არც ძალიან იოლი. მათემატიკური პრინციპივითაა - თუ იცი, მიჰყვები და მარტივია, თუ არა, გზები უნდა ეძებო, რომ სწორ პასუხამდე მიხვიდე. სწორი ინსტრუმენტებიც გჭირდება. პირველი რომ გავაკეთე, ძალიან ბევრი ვიწვალე... არ ვიცოდი, სად და როგორ გადამეჭრა. მეორე ის, რომ სანამ ააწყობ უნდა დაშალო, იმიტომ რომ რასაც აქ ვყიდულობთ, ყველა პალეტი მეორადია და ზოგი მორყეულია, ზოგი ზედმეტი ლურსმნითაა დაჭედილი. ამიტომ რაღაც გამოცდილება გჭირდება. პირველ ჯერზე, ძალიან ბევრი გამიტყდა. გვარიანად ვიწვალე, ახლა უკვე გამოცდილებაც მივიღე და ხეზეც რომ ვიცოდი ასე თუ ისე მუშაობა, ჟარგონზე რომ ვთქვა, "დავამუღამე", რა როგორ გამეკეთებინა და ახლა უფრო მარტივად გამომდის. რომ გავამზადე, ლამაზი გამოვიდა და ვიფიქრე ფეისბუკზე დავდებ-თქო სურათებს. მეგობრებმა მირჩიეს ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებშიც დამედო და აქედან წამოვიდა ინტერესი. გავაკეთე მეორეც, მესამეც და რამდენიმე შეკვეთა ავიღე. ერთი უკვე წაიღეს... სხვები თვის ბოლომდე უნდა ჩავაბარო".
სოციალურ ქსელში განსაკუთრებული მოწონება პალეტისგან დამზადებულმა ფერადმა სკამ-მაგიდამ დაიმსახურა, რომელიც ნიკამ შეკვეთით დაამზადა.
"სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთი რომ გამოვიდოდა. თავიდან ლაქით დავამუშავე, მომწვრის ეფექტით მომეწონა და დავამზადე, მაგრამ კლიენტმა რომ ნახა, მითხრა ფერადი მინდაო. ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი, როგორი იქნება-მეთქი, მაგრამ ფერები საკმაოდ კარგად გამომივიდა. ეზოში რომ დავდგი, ძალიან ლამაზად კი გამოიყურებოდა, მივხვდი რომ ფერადიც არც ისე ცუდი ყოფილა", - იღიმის მოყვარული ოსტატი.
ახლა სამსახურის მერე მთელ თავისუფალ დროს სახელოსნოში ატარებს. გვიხსნის, რომ ხარისხიანი მასალის შეძენა საკმაოდ რთულია, რადგან ე.წ ევრო პალეტები დეფიციტურია. ნაკეთობის ფასი საღებავზეც არის დამოკიდებული და 300-დან 400 ლარამდე მერყეობს.
"ფასზე მეწუწუნებიან კი...თან მესმის, ახლა ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა. ვიღაცებისთვის ხელფასია ერთი თვის. ერთბაშად ამ თანხის გადახდა რთულია. ყველა დატვირთულია ვალდებულებებით, თუმცა მე ამას ვაფასებ ჩემი ხარჯიდან და შრომიდან გამომდინარე. ვისაც უღირს და მოსწონს - გადაიხდის ალბათ... ფეისბუკზეც დავწერე ინსტრუმენტებს და სახელოსნოს ფართს დაგითმობთ თუ ვინმე მოხვალთ და ააწყობთ-თქო. 200-იანი ლურსმნებითაა დაჭედილი, ზოგიერთი ისეთი ძლიერი ხეა, ვერც ამოაძრობ, ბევრს წვალობ რომ ამოიღო, დაამუშაო", - გვეუბნება ნიკა.
ჩვენი რესპონდენტის ყველაზე დიდი გულშემატკივარი 79 წლის მამაა, რომელიც რჩევებს მუდმივად აძლევს.
"მთელი თავისი ცხოვრება დურგალი იყო, 14 წლისამ დაიწყო ხეზე მუშაობა, თითქმის 60 წლიანი გამოცდილება დააგროვა. მამასთან ერთად საწოლი გამიკეთებია, კარადა... რასაც აკეთებდა ვეხმარებოდი. ბოლო 5 წელია ინსულტის გამო ჩაწოლილია და ვერ მუშაობს, თუმცა ნებისმიერ დროს მზადაა მირჩიოს რაღაცები. მაგალითად, ვეძებდი ნივთს, 4-5 წელია სახელოსნოსთან ვერ მიდის, თუმცა მითხრა ამ და ამ ადგილას კიდიაო. ზუსტად იქ დამხვდა ხელსაწყო, სადაც მითხრა, არა და შეიძლება დღეში 10 ჯერ ჩამევლო და ვერ დამენახა".
"აკეთე საყვარელი საქმე და არასდროს მოგიწევს მუშაობა", - გვეუბნება კონფუცის სიტყვებს ნიკა და ფიქრობს, რომ თუ მისი გატაცება შემოსავლიანი იქნება, მზადაა მას მთელი დრო დაუთმოს. ამ ეტაპზე პალეტებზე სამუშაოდ თითქმის ყველაფერი უკვე აქვს, მხოლოდ მეტი შეკვეთა სჭირდება.
"მჭირდება მომხმარებლები, რეალიზაციის შესაძლებლობა. ადრე გვინდოდა სხვა რაღაცების გაკეთებაც, შევიტანეთ საგრანტო განაცხადი, თუმცა არ დაგვიფინანსეს. მერე არც გვიცდია... ვოცნებობ მქონდეს სახლი, მიწის ნაკვეთზე, რომელიც შევიძინე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია... კრედიტით ამის გაკეთება არ მინდა. პანდემია იდეალური დრო გამოდგა ახალი გამოწვევებისთვის, დამატებითი შემოსავალი მჭირდებოდა. ჯერჯერობით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად მიდის, იმედია პანდემია რომ დასრულდება, ეს ასეც გაგრძელდება".
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები