"აქაურობა სიცოცხლეს მიხანგრძლივებს" - ყვავილების სათბური და 60 წლის ფერმერი განმუხურიდან (ფოტო/ვიდეო)
19:36 / 27.07.2021
"ყოველ დილით, სანამ სხვა საქმით დავიწყებ, აქ შემოვდივარ. სათბურის კარს რომ ვაღებ, თუ რამე ცუდი მაქვს გულში, ნაღველი, დარდი - შვილები შორს მყავს და სულ მათზე მეფიქრება, რომ გადავხედავ ამ სილამაზეს, იცით, წლები მემატება...დავივლი, ვეფერები. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვა".
60 წლის ელისო კაკულიას ყვავილები ბავშვობიდან უყვარს. იხსენებს, რომ ფერად ეზოში დედასთან ერთად ფუსფუსი ყოველთვის გამორჩეულად უხაროდა. მოგვიანებით, განმუხურში, ქმრის ოჯახშიც გააგრძელა სხვადასხვა სახეობის ყვავილისა და მცენარის გაშენება და როგორც გვეუბნება, ეს გატაცება მეზობლებსაც "გადასდო".
"ოთხი და ვიყავით, სულ ვეხმარებოდით დედას, რომელსაც ძალიან უყვარდა ყვავილები. მოგვქონდა ხოლმე ნერგები, სადაც ხელი მიგვიწვდებოდა და აყვავებული იყო ეზო. განმუხურში რომ გავთხოვდი, აქ საერთოდ არ იყო ყვავილები, მალევე დავრგე და სხვებსაც შევაყვარე", - იღიმის ელისო.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, როცა სოფელში გაჩერება უსაფრთხო არ იყო, ოჯახმა რამდენიმე წელი ბელარუსში გაატარა. ელისო გვიყვება, რომ მათ საცხოვრებელთან ახლოს სანერგე მეურნეობა იყო მოწყობილი, სადაც რამდენიმე ასეული სახეობის ყვავილი მოჰყავდათ. პირველად სწორედ მაშინ ისწავლა ვარდების მოვლა.
"იქ იყო ჰექტრობით გაშენებული ყვავილები. სანერგეს დირექტორი ქალი იყო, ჩემი ახლო მეგობარი. მანახა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა ვარდს.ჯერ კიდევ იქ გამიჩნდა სურვილი, მქონოდა სათბური. საქართველოში დაბრუნების შემდეგაც სულ ვფიქრობდი ამაზე. 20 წელია რაც ჩამოვედით, ზუსტად ამდენივე წელი ვცდილობდი განმეხორციელებინა ეს ჩანაფიქრი. სად არ ვიყავი - ვესწრებოდი ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს - იყო საჭირო, არ იყო საჭირო - მეთევზეობაზე, მეფუტკრეობაზე, აი ყველანაირს. ერთხელ კი, დაახლოებით 2 წლის წინ, გავიგე, რომ USAID აფინანსებდა სასათბურე მეურნეობებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში და გადავწყვიტე დამეწერა პროექტი. დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ ერთ დღესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ შემარჩიეს. ამ დროს სამძიმარზე ვიყავი, ყველა მე მიყურებდა, ისეთ ემოციაში ჩავვარდი", - იხსენებს ელისო კაკულია.
მიუხედავად იმისა, რომ USAID-მა მეურნეობის მოსაწყობად საჭირო თანხის ნახევარზე მეტი გამოუყო, პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სათბურის მოწყობა თითქმის ერთი წლით გადაავადა. უკვე წელს, აპრილში, ელისომ 200 კვ.მ-ზე მოწყობილ ტერიტორიაზე 1 600-ზე მეტი ძირი ვარდი დარგო. რამდენიმე თვეში კი პირველი მოსავალიც მიიღო.
"მომყავს "რედ ნაომი" და სხვა ფერის ვარდებიც. ყოველდღე ვჭრი 100-დან 200- მდე ყვავილს, ვაბარებ ზუგდიდის ბაზარსა და მაღაზიებში, ხობიდანაც ჩამოდიან წასაღებად. მათი ფასი დამოკიდებულია სიგრძეზე, თუ დიდია, ხარისხიანი, ფასიც მეტია. ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ მეც და ისინიც, ვისთანაც მიმაქვს ეს ვარდები. იმედი მაქვს, ისე არ მოხდება, რომ ისევ ჩაიკეტოს მაღაზიები", - ამბობს ფერმერი.
ვარდებს მხოლოდ ბიოსასუქებით კვებავს და ქიმიურ პრეპარატებს არ იყენებს. ელისო მუდმივად ძიების პროცესშია, კითხულობს ლიტერატურას და ყვავილების მოვლის თანამედროვე მეთოდებს ინტერნეტშიც ეცნობა. გეგმავს სათბური გაზარდოს და მოსავალიც გააორმაგოს. ამასთან სურს საკუთარი მაღაზიაც ჰქონდეს. აქვს კიდევ ერთი, ყველაზე დიდი ოცნებაც - სასწავლო კურსით ჰოლანდიაში გაემგზავროს და ვარდის მოყვანის იქაურ მეთოდებს გაეცნოს.
"ძალიან მინდა ვნახო დარგვიდან აჭრამდე როგორ მოჰყავთ ვარდი. 20 წლის შემდეგ ამიხდა ოცნება და გავაკეთე ასეთი სათბური USAID-ის წყალობით. იმედი მაქვს ამ ოცნებასაც ავისრულებ".
ახლა სათბურის მოვლაში თანასოფლელი ქალები ეხმარებიან. საკუთარ ცოდნას სიამოვნებით უზიარებს და მიიჩნევს, რომ გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს, განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ.
"ორ ნაბიჯში არის აფხაზეთი. ისეთი დღეები აქვთ გადატანილი აქაურ ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს - მართლა ძალიან მინდა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცეთ აქ მცხოვრებ ადამიანებს. ხელი შეეწყოს მათ მსგავს საქმიანობას - სათბური იქნება ეს თუ სხვა წამოწყება, ბიზნესივით ჰქონდეთ ქალებს. მე მყავს დაქალები, ვინც მყავს ჩართული, ვზივართ, ვუზიარებთ ერთმანეთს ყველაფერს, ყველა ხედავს, რომ არაა ცუდი ბიზნესი და თვითონაც ცდილობენ მეტი მოინდომონ".
ჩვენი რესპონდენტის ყველაზე დიდი გულშემატკივრები მისი შვილები არიან. ორივე მედიკოსია, რის გამოც კორონავირუსით გამოწვეულმა მდგომარეობამ ელისოზე განსაკუთრებულად მძიმედ იმოქმედა.
"2 ბიჭი მყავს. ერთი სწავლობს, ცხოვრობს და მუშაობს შვედეთში, სტოკჰოლმში. მეორე მუშაობს და სწავლობს თბილისში, არიან ექიმები. ძალიან მოსწონთ ჩემი ახალი საქმიანობა, მათი მხარდაჭერით და დახმარებით გავაკეთე ყველაფერი, მამხნევებენ და უხარიათ, რომ ასეთი წარმატებული ვარ. ჩემზე ძალიან იმოქმედა პანდემიამ, იმიტომ რომ შვილები მყავს მედიკოსები, უწევთ საავადმყოფოებში ყოფნა და მძიმედ განვიცადე. განვიცდი ახლაც. ვერიდები თავყრილობებს, ქელეხს, ქორწილს, დაბადების დღეებს... სწორედ ეს სათბური გახდა ჩემი განტვირთვა, სულ აქ ვარ. მეხმარება ნეგატიური ინფორმაციის გადალახვაში. ტელევიზორსაც ხშირად არ ვუყურებ. შემოვდივარ აქ და ვარ ჩემთვის, მართლა ასეა. როცა საქმე გიყვარს დაღლას ვერ გრძნობ".
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები