მულტიმედია
ახალი სასწავლო წელი პანდემიის ფონზე - როგორ ემზადებიან ზუგდიდის სკოლები (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლების თანამშრომლები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან. მათი უმეტესობა მზადაა სწავლა სასკოლო მერხებთან განაახლოს. რადიო "ათინათთან" რამდენიმე სკოლის დირექტორი საუბრობს, თუ როგორ შეიცვალა მათი და აღსაზრდელების ყოველდღიურობა და რა გზებით გაუმკლავდნენ გამოწვევებს, ასევე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მასწავლებლების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა.

პანდემიის დაწყებისთანავე გადავიდა ონლაინ სწავლების ფორმატზე სასწავლო ცენტრ GLC-ის ზუგდიდის განყოფილება. ვიდრე"თიმსის" პროგრამა დაინერგებოდა, გაკვეთილებს ფეისბუქ მესინჯერით ატარებდნენ და ცვლილებებსაც შედარებით იოლად გაუმკლავდნენ.

"გასულ სასწავლო წელს სკოლა მზად იყო კონტაქტური გაკვეთილებითვის, გათვალისწინებული იყო ყველა რეკომენდაცია, თუმცა სწავლის დაწყება ისევ ონლაინ რეჟიმში მოგვიწია. უკვე მეორე სემესტრიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდა გაკვეთილები, მოსწავლეების ინფიცირების გამო მხოლოდ ძალიან მცირე დროის განმავლობაში გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. დაგვეხმარა ის, რომ სკოლის ყველა თანამშრომელი პერიოდულად გადიოდა სავალდებულო ტესტირებას", - გვიყვება GLC-ის ზუგდიდის განყოფილების უსაფრთხო სკოლის მენეჯერი ინგა კეკელია.

მისი ინფორმაციით, შეზღუდვების მიუხედავად გასული წელი სასწავლო დაწესებულებისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა. კურსდამთავრებულების უმრავლესობამ ეროვნულ გამოცდებზე დაფინანსება მოიპოვა, მათ შორის ერთმა სრული, 100% გრანტი. სკოლა ახლაც ონლაინ პლატფორმებით ისარგებლებს, თუმცა ინგა კეკელია ამბობს, რომ დასწრებითი გაკვეთილებისთვისაც სრულ მზადყოფნაში არიან.

GLC ერთ-ერთი პირველი სასწავლო დაწესებულებაა ზუგდიდში, რომლის ყველა მასწავლებელი უკვე აიცრა.


ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია გვიყვება, რომ სწავლების განსხვავებულ ფორმატში გადასვლა მოულოდნელი იყო, თუმცა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ რესურსების სწორი გადანაწილებითა და მშობლების აქტიური ჩართულობით, დისტანციური სასწავლო პროცესი სრულად გამართეს.

"გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია, სასწრაფოდ ჩავატარეთ ტექნიკური საშუალებების კვლევა, რამდენიმე პლატფორმა ავითვისეთ ერთბაშად. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ჩაიშალა სასწავლო პროცესი, არ იქნება სწორი. ვუწევდი მონიტორინგს, გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია ადმინისტრაციის წევრებს, კლასის დამრიგებელთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, ვატარებდით გამოკითხვებს, მონაცემებს ვაგროვებდით - რამდენი იყო ჩართული სასწავლო პროცესში, რამდენი არა - რა იყო ამის მიზეზი. ვუწევდით რეკომენდაციას ოჯახებს, რომ გამოეყენებინათ ტელესკოლა, რომელიც მართლა იყო ძალიან კარგი საშუალება არამარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც", - ამბობს მანანა მებონია.

როგორც მან გვითხრა, პანდემიის გამო შეფერხდა ან გადაიდო იმ პროექტებისა და აქტივობების ნაწილი, რომელშიც კახათის სკოლა წლების განმავლობაში ჩართულია, მათ შორის გაცვლითი ვიზიტები პარტნიორ სკოლებთან საზღვარგარეთ. მიუხედავად ახალი გამოწვევებისა, მანანა მებონია მიიჩნევს, სკოლამ შეძლო და გამონაკლისი შემთხვევების გარდა სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით წარმართა. აქ კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.

"გასული წელი იყო ერთგვარი პილოტირება. გვქონდა შეგრძნება, რომ პანდემია ზაფხულისთვის დამთავრდებოდა, ყველაზე უარეს შემთხვევაში შემოდგომისთვის. დაგვეხმარა ონლაინ ტრენინგები, რომელიც ჩაუტარდა სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებს, რომ ჩვენი ადაპტირება დისტანციური სწავლის პროცესთან ყოფილიყო უფრო სრულყოფილი. ვცდილობდით მშობლებთან მეტ კომუნიკაციას და მათ ინფორმირებას, როგორ დაეცვათ რეგულაციები, როგორ გამოეშვათ შვილების სკოლაში. სკოლაში არ არსებობდა სეგმენტი, სადაც არ მიმდინარეობდა მკაცრი მორიგეობა ჰიგიენური პირობებზე, რეგულაციების დაცვაზე. ვფიქრობ, რომ უსაფრთხოდ და კარგად ჩატარდა სასწავლო პროცესი. გვყავს სკოლის ექიმი, გვეხმარებოდნენ მანდატურები. როგორც კი იოტისოდენა სიმპტომი ჰქონდა მოსწავლეს, მაშინვე ვახდენდით რეაგირებას. გადაგვყავდა ე.წ იზოლაციის ოთახში, ვურეკავდით როგორც მშობელს, ისე ოჯახის ექიმსაც".

თუ ქვეყანაში არსებული ვითარება შესაძლებლობას მისცემს, კახათის სკოლაში მზად არიან, აღსაზრდელებს კლასებში შეხვდნენ. ამ ეტაპზე აცრილია თანამშრომლების 65%, უმრავლესობას კი გავლილი აქვს რეგისტრაცია. სამინისტროდან მიღებული აქვთ სახელმძღვანელოები, სადეზინფექციო საშუალებები და გადანაწილებული აქვთ სამუშაო გრაფიკიც. მანანა მებონია ამბობს, რომ ახალ სასწავლო წელს მეტი გამოცდილებით ხვდებიან.

"ამ ეტაპზე ვაგროვებთ ინფორმაციას რა მდგომარეობაშია მოსწავლეების ტექნიკური საშუალებები. ჩემი დიდი სურვილი და მცდელობა იქნება, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს ინტერნეტის გარეშე. ვერ ვიტყვი, რომ იქნება სრულყოფილი სასწავლო პროცესი, მაგრამ მის მიღმა არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს. პირველკლასელებთან განსაკუთრებით - იქნება რთული, მაგრამ მასწავლებლებს აქვთ გამოცდილება, ყველა მეთოდს გამოვნახავთ რომ დავეხმაროთ".

დირექტორმა, რომელიც სკოლას უკვე 31 წელია ხელმძღვანელობს და ამავდროულად ისტორიასაც ასწავლის, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. აცრის აუცილებლობაში ეჭვი არასდროს ეპარებოდა და მიიჩნევს, რომ მასწავლებლები სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც საზოგადოებას მაგალითი უნდა მისცენ.


"როგორც კი დადგა ამის საჭიროება და საშუალებაც გაჩნდა, მე გადავდგი ეს ნაბიჯი, ჩემამდე რამდენიმე თანამშრომელმა. წავედი მშვიდად რუხის საავადმყოფოში და გავიკეთე. სიმართლე გითხრათ, ცოტა იმატა ჩემ შემდეგ მსურველთა რაოდენობამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მხრიდან მოწოდება არ ყოფილა, ზეწოლაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ჩვენი სურვილია რომ მშობლებიც აიცრან, ბავშვი ხომ ოჯახიდან გამოდის. თუ მეტი ოჯახი აიცრება, ეს მათი შვილებისთვის იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დაცულობის თვალსაზრისით უფრო მხნედ ვგრძნობ თავს, უფრო თამამად ვარ, როცა ვარ აცრილი".

წელს კახათის სკოლა წარჩინებით დაამთავრა 5-მა მედალოსანმა. მანანა მებონია იმედოვნებს, რომ ისევე, როგორც სხვა წლებში, მისი აღსაზრდელები ახლაც დაიმკვიდრებენ თავს საერთაშორისო ასპარეზზე.

"იყო მასწავლებელი არის დიდი ფუფუნება, იმისთვის, რომ ჩამოაყალიბო კარგი მოქალაქე, ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ოჯახი, სკოლა, სოფელი, ქვეყანა, მაგრამ ამავდროულად არ არის კარჩაკეტილი, არ აქვს ვიწრო ჰორიზონტი და აზროვნება, ნაზიარებია ამ გეოგრაფიული გარემოდან დასავლურ ღირებულებებს, შეუძლია ისწავლოს ევროპის უნივერსიტეტებში, იყოს გაცვლით პროგრამებში. ჩემი უფროსკლასელების უდიდესი ნაწილი თარჯიმნის გარეშე საუბრობს გერმანულად და ინგლისურად, საქმდებიან საუკეთესო პირობებით. მიყვარს და მეამაყება ისინი. 1984 წლიდან ვარ ამ სკოლაში, ჯერ მასწავლებლად, მერე კი დირექტორადაც. ეს არ არის მცირე დრო ამ პოზიციაზე, მაგრამ არასდროს ვეგუები რუტინას, ყოველთვის მინდა შევცვალო, შემოვიტანო რამე ახალი სკოლაში და მივიღო გამოცდილება, დავესწრო რაც შეიძლება მეტ შეხვედრას. აქ არ გვიჭირს არაფორმალურ განათლებასთან შეგუება - ამით ვამაყობ. როგორც კი პანდემიის უკან დახევა მოგვცემს საშუალებას უწინდებურად ინტენსიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც ამიერკავკასიაში, ისე ჩვენს ევროპულ პარტნიორ სკოლებთან".

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი რუხის საჯარო სკოლის დირექტორი მიიჩნევს, რომ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ჩართვასთან ერთად, უამრავ ინფორმაციას და შესაძლებლობას სთავაზობს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. საჭიროა რესურსების სწორად შერჩევა და ცოტა მეტი ენთუზიაზმი, - გვეუბნება გოგი თოდუა, რომელსაც რუხის საჯარო სკოლაში მუშაობის 20-ზე მეტი და დირექტორობის თითქმის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.

"პანდემია გამოწვევა გახდა ჩვენთვის და მთელი სამყაროსთვის. ბუნებრივია, გარკვეული ხარვეზები თან სდევს ამ ყველაფერს, თუმცა ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების ერთობლივი რეკომენდაციების გათვალისწინებითა და დახმარებით ეს ბარიერები ნელნელა დაძლევადი გახდა. რეგულაციების დაცვა - დისტანცია, დეზობარიერების შემოტანა, ხსნარების გამოყენება, თერმოსკრინინგი სკოლაში - ამ რეჟიმში მალევე გადავედით. იყო პერიოდები, როცა დისტანციურად გვიწევდა სასწავლო პროცესის წარმართვა, რასაც ახლდა პრობლემები. ერთგვარი გაუცხოების მიუხედავად ნელნელა დავრწმუნდით ყველა, რომ მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის თანამშრომლობით ამის დაძლევა შესაძლებელი იყო და არის", - ამბობს გოგი თოდუა.

ახალი სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დასაწყებად აქაც საგულდაგულოდ მოემზადნენ, მიიღეს პირბადეები და ხსნარები, სრულად განაახლეს სველი წერტილები და გააკეთეს ჭაბურღილი.

"ბუნებრივია, ყველას ურჩევნია სკოლაში სიარული. ეს არ არის მხოლოდ განათლება, ეს არის სივრცე ურთიერთობებისთვის, მეგობრობისთვის, აქ სოციალურ უნარებს ვიძენთ და ვუხალისებთ ერთმანეთს ცხოვრებას, ეს პროცესი ყველას გვჭირდება და განწყობაც გვაქვს, მაგრამ არსებულმა მდგომარეობამ არ უნდა დაგვთრგუნოს - დისტანციურ სწავლებასაც მომზადებულები უნდა შევხვდეთ".

კითხვაზე, თუ როგორ მიიღო ვაქცინაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, გვპასუხობს, რომ დაფიქრებისთვის მასაც და სხვა მასწავლებლებსაც საკმარისი დრო და სათანადო ინფორმაცია ჰქონდათ.

"გუშინ მეორედ ავიცერი და ჩემზე ადრე აიცრნენ კიდევ სხვა მასწავლებლები. ეს არის კარგი მაგალითი ჩემი აზრით, რადგან აცრა არის ერთადერთი გზა პანდემიისგან თავის დასაღწევად. საზოგადოებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლების ვაქცინაციაში ჩართვა არის მნიშვნელოვანი მაგალითი და მინდა აღვნიშნო, რომ 60%-ზე მეტი უკვე აცრილია ჩვენთან, ეს პროცესი გრძელდება. კამპანიასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რესურცენტრის ჩართულობით ჩატარდა შეხვედრები, მეც ვესწრებოდი და ვინც დაესწრო, 100% აიცრა. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მასწავლებელს ამისთვის და ჯანმრთელობა ვუსურვო. ჩემი გადაწყვეტილება კარგი მაგალითი იყო ოჯახის წევრებისთვის, ნაცნობებისთვის, ალბათ კოლეგებისთვისაც...და ავიცერი".


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.