მულტიმედია
ბაღის მასწავლებელი და ფერმერი კახათიდან, რომელმაც პანდემიის დროს წარმოება გაზარდა
38 წლის ნათია ღურწკაია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს. ოჯახთან ერთად, თითქმის 4 წელია, რძის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. მაწონს, სულგუნს, ნადუღსა და იმერულ ყველს სამეზობლოში, მიმდებარე სოფლებსა და ზუგდიდის მარკეტებში ყიდის. მისი ნაწარმი ყველას უყვარს, მომხმარებლის ნაკლებობას პანდემიის პირობებშიც არ უჩივის.
"1 ძროხა გვყავდა ოჯახში, რომელიც დაგვეღუპა. მანქანა დაეჯახა და გააჩინა ნაადრევად ხბო, რომელიც გამოვზარდე სახლში. ზოგადად,ცხოველების დიდი შიში მქონდა, რომელიც დავძლიე, მას შემდეგ რაც ეს პატარა გავზარდე, სწორედ ამ ძროხით დაიწყო ყველაფერი. ბიზნესზე ფიქრი დავიწყე, როცა ოჯახს გარკვეული ფინანსური საჭიროებები ჰქონდა, ჩავაბარეთ მაწონი და აღმოჩნდა, რომ ძალიან მოთხოვნადია. გავბედეთ კრედიტის აღება და კიდევ რამდენიმე ძროხის ყიდვა. ჩვენი ნაწარმი მოწონებას იმსახურებს. შეიძლება ითქვას, ფიზიკურად ვერც ვაკმაყოფილებთ მომხმარებელს, მოთხოვნა მეტია. ვფიქრობ,რაც უფრო გავზრდი წარმოებას, მეტი მომხმარებელიც მეყოლება", - გვეუბნება ნათია.

ახლა ნათიას 11 სული მეწველი საქონელი ჰყავს. სეზონზე დღეში საშუალოდ 100-დან 130 ლიტრამდე რძეს იღებს და ამუშავებს. გვიყვება, რომ გამოუცდელმა ბევრი წინააღმდეგობა გადალახა, თუმცა ტრენინგებისა და სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრის დამსახურებით საკმარისი ცოდნა დააგროვა, რაც ბიზნესის განვითარებაზე ფიქრის შესაძლებლობას აძლევს.

"ხშირად ვესწრებოდი მეცხოველეობის, ვეტერინარული მიმართულების შეხვედრებს, უამრავი ტრენინგი გავიარე. არ ვიცოდი კვებასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ, არ ვიცოდი სხვადასხვა დაავადების მართვა. საქონელი ვერ მეტყველებს, არ იცი რა უჭირს, რა პრობლემა აქვს. ბევრი კვალიფიციური ვეტერინარის სემინარისა და გადამზადების კურსების შემდეგ მართლა შეიცვალა ბევრი რამ ჩემთვის. მინდა ეს ცოდნა სხვებსაც გავუზიარო".

მერძევეობის დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნათიამ დაფინანსება მიიღო და მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მცირე ფერმა ექნება. გვიყვება რომ მისი გეგმები პანდემიამ თითქმის 2 წლით შეაფერხა, თუმცა ახლა მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებისკენ დასრულდება. ოცნებობს ფერმასთან ერთად ყველის საწარმო და რძის ჩამბარებელი პუნქტი ჰქონდეს, რაც დამატებით ფინანსებს მოითხოვს. მომავალში ჯიშების გადახალისებას და რძის პროდუქტის წარმოების გაზრდასაც გეგმავს.

"იცით,ზოგჯერ ჩვენთვისაც არ გვრჩება ყველი, რძე...მოდიან, გვეუბნებიან-მიშველე, მჭირდება. შეკვეთები გვაქვს 5-10 კილოზე ერთბაშად. ახლა, ძირითადად, მე და ჩემი მეუღლე ვუძღვებით ამ საქმეს, თუმცა ძალიან გვეხმარებიან დედამთილი და მაზლი. ადგილობრივების ფერმაში დასაქმების დიდი სურვილი გვაქვს, მარტოები ფიზიკურად ვერ მოვერევით სამომავლო გამოწვევებს".

მერძევეობასთან ერთად ნათია სასათბურე მეურნეობითაც არის დაკავებული. ბოსტნეული და ჩითილები მოჰყავს.

"გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით სათბურის თანადაფინანსება რამდენიმე წლის წინ მივიღე. პანდემიის დროს რომ ჩაიკეტა ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებოდნენ - არ ღირს, არ გაგეყიდება, მაინც მომყავდა ნერგები. უამრავი ადამიანი მოდიოდა, კართან სულ რიგი იყო. მარტო 10 000-მდე კიტრის ნერგი მოვიყვანე, უფასოდაც გავეცი, თამამად ვიტყვი, რომ ბევრს დავეხმარე. პანდემიის დროს რძის პროდუქტებზეც გაიზარდა მოთხოვნა, მოდიოდნენ და ტოვებდნენ ბოთლებს ჭიშკართან, ვავსებდი და უკან მიჰქონდათ, განსაკუთრებით კოვიდდაავადებულებისთვის, რადგან რძე ძალიან სასარგებლოა".

ნათია ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით კი მერძევეობის დარგში ქალების ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია.  ახლა მისი საქმიანობა ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

"ბევრ ქალს მინდა მივცე მაგალითი, რომ ამ საქმეში ჩაერთონ. ასეთი ბიზნესი, ზოგადად შენი საკუთარი საქმე და მისი გაფართოება არის პასუხისმგებლობაც და ბედნიერებაც. ოჯახში შენი სიტყვა შემოგაქვს. ამასთან, მგონია, რომ მერძევეობის დარგის განვითარებით არამარტო ჩემი ოჯახისთვის, სოფლისთვის, რეგიონისთვის ვაკეთებ რაღაც კარგს. შრომატევადია, მაგრამ შედეგიანი. დღის ბოლოს როცა ვჯდები დაღლილი, ვაცნობიერებ, რამდენ ადამიანს ვაბედნიერებ. დაღლილობაც კი ქრება, როცა გაქვს შენი საქმე და მიზანი", - ამბობს ნათია.

მას 15, 13 და 3 წლის შვილები ჰყავს. უფროსები საოჯახო საქმიანობაშიც და უმცროსის მოვლაშიც ეხმარებიან.

ფერმერობას ნათია კახათის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლობასაც უთავსებს და ამ სფეროშიც თავს საჭიროდ და ბედნიერად გრძნობს.

"10 წელია, ბაღში ვარ, ისე კი სტომატოლოგი ვარ პროფესიით, რეაბილიტაციის სპეციალისტი . ჩემი შვილები რომ წავიდნენ ბაღში, მაშინ დავინტერესდი სკოლამდელი აღზრდით. ვფიქრობ, ბავშვები ბაღის ასაკიდან უნდა იყვნენ თავისუფლები, ვცდილობ, ბავშვებთან "კომუნისტური" მიდგომები არ მქონდეს და ჩემი აღსაზრდელები ლაღები, ბედნიერები იყვნენ. ვახერხებ მათი ჭკუის ვიყო და ისინიც ასე მპასუხობენ. ივლისში განათლების სამინისტრომ პროგრამის ინოვაციური მეთოდებით განხორციელებისთვის დამაჯილდოვა... ეს ძალიან მაბედნიერებს".


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.