მულტიმედია
კანიონერთა კლუბი ,,ახრა’’ - ჰობით დაწყებული პროფესია (ფოტო/ვიდეო)
ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს სამეგრელოს ჩანჩქერებზე თოკით დაშვება, პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით, უკვე მესამე წელია შეუძლიათ. ამ მომსახურებით სარგებლობა თავგადასავლის მოყვარული ზოგიერთი ადგილობრივისთვის ფუფუნებაა, ნაწილისთვის კი ნაკლებად ცნობილი სპორტის სახეობა.
კანიონერთა კლუბი "ახრა", როცა პანდემია დაიწყო და ტურების ჯავშნები გაუქმდა, შემოსავლის გარეშე დარჩა, თუმცა გამოწვევებს არ შეუშინდნენ და კლუბის შენარჩუნება ჯგუფის წევრებმა 2019 წელს საკუთარი სახსრებით შეძლეს. ინსტრუქტორ-გიდი გიორგი ცირდავა ამბობს, რომ კორონავირუსის პირობებში, გასულ წელს მათი კლუბი შიდა ტურიზმმა, მომსახურების ფასების დაწევამ და სპონსორებმა გადაარჩინა.

,,როცა პანდემია დაიწყო, ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, პირველ რიგში ჩვენი სახსრებით შევძელით ჩვენი კლუბის შენარჩუნება. სოციალურ ქსელებში გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი სერვისი მიგვეწოდებინა ყველასთვის. ფასები დავწიეთ დაახლოებით 50 პროცენტით, რამაც მომხმარებელზე დადებითად იმოქმედა, ჩვენი სპონსორებიც დაგვეხმარნენ’’, - გვიყვება გიორგი.

წლევანდელი წელი ,,ახრასთვის’’ გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა. წელს კანიონერთა კლუბმა 25-მდე ქვეყნის უცხოელ სტუმარს უმასპინძლა.

,,წელს გყავდა ლატვიიდან, ლიეტუვადან, ესტონეთიდან, გერმანიიდან, არაბეთიდან, პაკისტანიდან , ინდოეთიდან, უკრაინიდან, ინგლისიდან და კიდევ სხვა ქყვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები. ძალიან მიხარია, რომ კოვიდპანდემიის ფონზე მაინც მოახერხეს ჩამოსვლა. საზღვრების გახსნა დადებითად აისახა ჩვენს კლუბზე, არ ველოდით ასეთ აქტიურობას’’, - გვიყვება გიორგი ცირდავა.

ამბობს, რომ წელს მსურველები მეტწილად ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში, გვალაშარას, კირზალას, ასევე მარტვილში, თხოპრას კანიონინგით იყვნენ დაინტერესებული.
კირზალას კასკადოვანი კანიონი (ფოტო კლუბ ,,ახრას'' ფეისბუქ გვერდიდან)

,,მუხურში არსებობს სამი კანიონი - საშუალო, საშუალოდ რთული და რთული. საშუალო კანიონი არის გვალაშარას კანიონი, საშუალოდ რთულია კირზალას კანიონი და რთულია ღუნჯის კანიონი, რომელიც უკვე პროფესიონალებისთვისაა. როცა ტურისტი გვიკვეთავს ტურს, ჩვენც ვეკითხებით რა სირთულის კანიონი გინდა, რა სირთულზე შეგიძლია რომ წამოხვიდე. ასაკსაც გააჩნია, ბავშვები თუ მოდიან, ჩვენ ვთავაზობთ საშუალო კანიონს, სასწავლოს, იმიტომ რომ დავიცვათ უსაფრთხოება ყველანაირი. თუ გამოცდილები არიან, მაშინ საშუალოდ რთულ და რთულ კანიონსაც ვთავაზობთ. თვითონ წყვეტს ტურისტი რომელზე წავიდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კანიონზე მოვემსახუროთ ტურისტებს, გვაქვს მაგის შესაბამისი აღჭურვილობა’’, - ამბობს გიორგი.

კლუბი ,, ახრა’’, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2018 წელს გიორგი ცირდავამ ჩამოაყალიბა, ოთხი პროფესიონალი კანიონერი წევრისგან შედგება, (მახო გეთია, ვეფხვია ფიფია, ალექსანდრე შანავა და გიორგი ცირდავა). კლუბს მეგრული სახელი ჰქვია, „ახრა“ კლდეს ნიშნავს.

გიორგი პროფესიით ინჟინერ-არქიტექტორია, ვიდრე სერთიფიცირებული გიდი გახდებოდა, ზაფხულობით, თავისუფალ დროს, მის სოფელში ჩასულ ტურისტებს სხვადასხვა საინტერესო ადგილს აცნობდა.

,,სანამ კლუბს დავაარსებდით, დამოუკიდებლად გიდობას ვეწეოდი, ტურისტები რომ ჩამოდიოდნენ, დავყვებოდი ტბებზე“, - იხსენებს გიორგი.

გვიყვება, რომ USAID zrda-ს კონკურსში მიიღო მონაწილეობა და სამეგრელოში ათდღიანი სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა, შემდეგ კი ორგანიზაციის დაფინანსებით გამოცდილება ევროპის ქვეყნებში მიიღო. ახლა ის პროფესიონალი, სერთიფიცირებული გიდ-ინსტრუქტორია.

,,მაქვს CIC კანიონინგის საერთაშორისო კომისიის სერთიფიკატი, რაც ითვალისწინებს გიდ-ინსტრუქტორობას და უფლება მაქვს გადავამზადო ნებისმიერი მსურველი და გავცე შესაბამისი სერთიფიკატები’’.

კლუბმა, USAID zrda - ს დაფინანსებით მოგზაურებისთვის სრული ეკიპირება, ჰიდროკოსტუმები, ჩაფხუტი, დაცვის ქამარი, კარაბინები და ჰიდრო წინდები შეიძინა.

,,უსაფრთხოების გარანტი ვართ ჩვენ, აქ უსაფრთხოების დაცვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ ყველაფერში ჩვენ გვიწყობს ჩვენი ევროსტანდარტების აღჭურვილობა, რომელიც შეესაბამება ექსტრემალურ სპორტს. ერთდროულად შეგვიძლია 10 მსურველს მოვემსახუროთ, გვაქვს 12 ადამიანი აღჭურვილობა, მათგან ორი ინსტრუქტორისთვის’’.

კანიონერთა კლუბი ექსტრიმის მოყვარულებს ყველა სეზონზე ემსახურება, მთავარია ამინდი უნალექო იყოს.

ხანგრძლივი წვიმების შემდეგ, როგორც კი დათბა, ოქტომბრის ერთ მზიან დღეს, „ახრამ“ რადიო „ათინათის“ გადამღებ ჯგუფსაც უმასპინძლა.

,,ჩვენ დღეს ვიმყოფებით ჩხოროწყუს რაიონ სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, გვალაშარას კანიონზე, უსაფრთხოებას ჩვენ ვუზურუნველყოფთ. უნდა დავეშვათ თოკებით ჩანჩქერებზე, 600 მეტრიანი მონაკვეთია, არის სამი კასკადი, ორი ჩანჩქერი და უნდა ჩამოვიდეთ თოკებით’’, - გვითხრა ინსტრუქტორმა.

გვალაშარას მდინარეში შესვლამდე, მას შემდეგ, რაც 6 კაციანი ჯგუფი ჰიდროკოსტუმებით აღვიჭურვეთ და დაახლოებით ერთი კილომეტრი ფეხით ვიარეთ, ინსტრუქტორებისგან მითითებებიც მივიღეთ.

ადგილობრივი ტურისტი, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ტურის დამწყებამდე შეშინებული ჩანდა. თქვა, რომ ამ დღისთვის დიდი ხანი ფსიქოლოგიურად ემზადებოდა.

,,შემოვუერთდი ამ ექსტრმალური სპორტის სახეობას, ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით წავალ ამ კანიონიდან, მეშინია, მაგრამ მომწონს ეს ადრენალინის გრძნობა, ფსიქოლოგიურადაც დავძლევ ამ შიშს’’, - გვითხრა ათენა წურწუმიამ.

წყალი ცივი იყო, თუმცა ჰიდროკოსტუმები გვიცავდა, ხან სრიალით, ზოგჯერ კი ცურვით ჩანჩქერებამდე მივედით, მერე კი რიგ-რიგობით ჩანჩქერებზე თოკებით დავეშვით. სამი კასკადი და ორი ჩანჩქერი, დაახლოებით 600-მეტრიანი მონაკვეთი დაბრკოლებებით უსაფრთხოდ დავლაშქრეთ და საინტერესო გამოცდილება შევიძინეთ. ბოლოს ისევ საფეხმავლო ბილიკი გავიარეთ, დღის ბოლოსკენ კი სასიამოვნოთ დაღლილებმა და შთაბეჭდილებებით აღსავსეებმა ლუგელას ხეობა დავტოვეთ.

გიორგის თქმით, თუ მზიანი ამინდია, ტურზე ჯავშნებიც არის. კლუბის მიერ დაგეგმილი ერთდღიანი სათავგადასავლო - ექსტრემალური ტურის ღირებულება ერთი ვიზიტორისთვის 200 ლარია.

პროფესიით ინჟინერ-არქიტექტორი ამბობს, რომ გიდობის გარეშე საკუთარი თავი ვეღარ წარმოუდგენია. სამომავლოდ, „ახრა“ სერვისების გაუმჯობესებაზე ფიქრობს, პანდემიის შემდეგ, როცა საქართველოში მეტი ტურისტი ჩამოვა და ადამიანებს ისევ მოუნდებათ ექსტრიმი და გართობა, კლუბს მეტი აღჭურვილობა და მეტი პროფესიონალი გიდი დასჭირდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.