მულტიმედია
მეცხვარე ქალები წალენჯიხიდან (ფოტო/ვიდეო)
წალენჯიხის სოფელ ჯგალში მცხოვრებმა მეგობრებმა, პროფესიით იურისტებმა თეა ცანავამ და მაკა კვარაცხელიამ წელიწადნახევრის წინ, ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, ცხვრის მოშენება გადაწყვიტეს. მაკა იხსენებს, რომ თავიდან მათ წამოწყებას ბევრი გაოცებითა და ირონიით შეხვდა, რადგან სამეგრელოში, ქალები მეცხვარეობას არ ეწევიან, თუმცა როგორც ამბობს, საქმე, რომელსაც შეეჭიდნენ, რთული სულაც არ აღმოჩნდა.
,,ზოგადად, გვინდოდა რაღაც გაგვეკეთებინა, რატომღაც შევარჩიეთ სრულიად უწყინარი არსებები, ცხვრები. არჩევანი განაპირობა იმანაც, რომ გვინდოდა, დაგვემსხვრია სტერეოტიპი „ქალს სამეგრელოში ცხვარი არ ჰყავს“. მართლაც პირველები ვართ. ამ საქმეს დღემდე მივყვებით და ვაგრძელებთ“, - გვეუბნება მაკა.

მას შემდეგ, რაც საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, ფონდ ,,ტასოს’’ დაფინანსებით, მცირე სულადობით იმერულ კოლხური ჯიშის ერთი ვერძი და შვიდი ნერბი შეიძინეს. ინტერნეტით ისწავლეს, როგორ მოევლოთ ცხვრებისთვის, ბევრი რამ კი გამოცდილებამ მოუტანათ.

,,პანდემიის პირველი ტალღის დროს, ივლისში შევიძინეთ ცხვრები. თავიდან ვერ ვხდებოდით, რა წლოვანებისა იყვნენ, ამიტომ შესყიდვის დროს მოხდა ისე, რომ ერთი აღმოჩნდა ძალიან ასაკოვანი. შემდეგ უკვე ნელ-ნელა ვხვდებოდით, რომელი ცხვარი რა ასაკის იყო’’, - იხსენებს მაკა.

სახლის უკან მდგარი ძველი ხის შენობა საკუთარი ხელით შეარემონტეს, იატაკი დააგეს, გატიხრეს და საბატკნეები მოაწყვეს. ცოტა ხანში, თავიანთი სახსრებით რამდენიმე ბატკანი იყიდეს, ორიც ფერმაში შეეძინათ და მათი ცხვრის ფარა 23 სულამდე შეივსო.

,,რადგან ფერმის გაზრდაზე ვიყავით ორიენტირებულები, გვინდოდა, გვყოლოდა ბევრი მდედრი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ გვყავდა მდედრი ცხვარი. შესაბამისად, აგვისტოში, ბიჭები გავყიდეთ. ახლა კი თითქმის ერთი თვეც არ არის გასული და შეგვეძინა ორი პატარა მდედრი ბატკანი. თავიდან ცოტა გვეშინოდა, ძალიან ბევრი ინფორმაციო მოვიძიეთ, მაგრამ ამ უწყინარ ცხოველებთან ურთიერთობა საერთოდ არ გაგვჭირდა, ძალიან მარტივიც აღმოჩნდა. რომ ვთქვათ, რომ რთულია მათი მოვლა, სულაც არა, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვხვდებით როდის არიან ავად, როდის რა სჭირდებათ, დაკვირვებამ გვასწავლა’’, - ამბობს მაკა.

დილაობით ცხვრებს საძოვარზე უშვებენ, პატარებს აპურებენ და სახლის ეზოში ტოვებენ. შემდეგ თივის ზვინს აწყობენ და ფარეხს ასუფთავებენ. ძირითადად თივას, მწვანე ბალახს, იონჯას, სიმინდს და შვრიას აჭმევენ. ამბობენ, რომ ამ საქმეს დიდი სიყვარულით, შრომით და მონდომებით აკეთებენ. თეას და მაკას შემოსავალი უკვე ცხვრის გაყიდვით მიღებული თანხაა, ბაზარზე ცხვრის ფასი 220 ლარიდან 250 ლარამდე მერყეობს.

,,მე და მაკა ვუთანხმებთ ერთმანეთს და საქმეებს ვინაწილებთ. მწყემსობა არც ისე რთულია, მთავარია მონდომება, სიყვარული, სურვილი და შრომა. ჯერჯერობით ორიენტირებულები ვართ გამრავლებაზე, უკვე სიყვარულით ვუყურებთ ამათ და გაყიდვა გვიჭირს. მე, მაგალითად, არც მინახავს როგორ წაიყვანეს, ვიცი, რომ მტკივნეული იქნება. ეჩვევი ამათ და სხვას რომ მიჰყავს ძალიან რთულია’’, - გვეუბნება თეა.

კრუელა, შავი ლამაზმანი, ჭორიკანა, დეიზი, სირიუსი, ტინტილა, კოკო და როკო - ეს ცხვრების სახელებია, რომლებსაც საგულდაგულოდ არჩევს თეას 14 წლის გოგონა თინიკო.

,,ზოგიერთს ძალიან სასაცილო სახელი ჰქვია. ამას ჰქვია კრუელა, ამას შავი ლამაზმანი, ჭორიკანა იმიტომ, რომ ყოველთვის „მეეს“ გაიძახის, ეს არის დეიზი, ერთს კიდევ ჰქვია სირიუსი - ვარსკვლავის სახელი, კიდევ არიან კოკო და როკო. ტინტილა იმიტომ, რომ ყველგან მიდის. რომ მშობიარობენ, პირველი ყოველთვის მე ვნახულობ, ალბათ, გული მიგრძნობს და მერე დედიკოს და მაკას მე ვატყობინებ. პატარა ცხვრები თუ გვყავს, სულ ვეფერები და სახლშიც შემომყავს. ამათ თავიდან ეშინიათ, აინტერესებთ როგორი ხარ, როცა ეფერები გრძნობენ სითბოს და უნდათ, რომ თვითონაც გასიამოვნონ და სულ გეფერებიან თვითონაც’’,- გვიყვება თინიკო.

თეას და მაკას საოჯახო ბიზნესში მაკას პატარა ძმიშვილები ლუკა და ილიაც ეხმარებიან. ცხოველების მოყვარული თინიკო გვიყვება, რომ როცა უფროსებს არ სცალიათ, ცხვრის სადგომს თვითონ ასუფთავებენ და საძოვარზეც გაჰყავთ. გვიმხელს, რომ ხანდახან სახლიდან ცხვრებისთვის შემონახულ სიმინდსაც ,,იპარავს’’ ხოლმე. ღიმილით გვეუბნება, რომ ცოტა ხნის წინ, ერთი თვის სამყოფი სიმინდი ცხვრებს ორ დღეში აჭამა.

მეგობრები მომავალში ფერმის გაფართოებას და ადგილობრივი ქალების დასაქმებას გეგმავენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.