როგორ მოხვდნენ სირაქლემები სამეგრელოში (ფოტო/ვიდეო)
18:24 / 21.01.2022
35 წლის ლევან ფაღავამ აფრიკული სირაქლემების მოშენებაზე ფიქრი 3 წლის წინ დაიწყო. საინკუბაციო კვერცხები საზღვარგარეთიდან ჩამოიტანა და პირველი წიწილები თბილისში გამოიჩეკნენ.
თავდაპირველად მათ მრავალსართულიან კორპუსში, საკუთარი ბინის აივანზე ზრდიდა, მოგვიანებით კი მარტვილში ჩაიყვანა. ამჟამად, მცირე ფერმებში, რომლებიც ნაგვაზაოსა და ხახუნაოშია მოწყობილი, 18 ზრდასრული სირაქლემა და 10 წიწილა ჰყავს. გაზაფხულისთვის ვიზიტორების მისაღებად კონტაქტური ზოოპარკის გახსნას გეგმავს. შერეულ მეურნეობაში აფრიკული სირაქლემების გარდა, 30-მდე სახეობის დეკორატიული ფრინველი, მათ შორის, ფარშევანგები და ხოხბები ჰყავს მოშენებული. აქვე ნახავთ ჰოლანდიურ ძროხებს და ვიეტნამურ ღორებსა და თხებს.
"ვფიქრობდი, რა შეიძლება დავიწყოთ ისეთი, რაც საქართველოსთვის ახალი იქნება და ამ ფიქრებმა სირაქლემებამდე მიმიყვანა. მეღვინე ვარ და კახეთში მქონდა ამ იდეის განხორციელების სურვილი, მაგრამ დაემთხვა ისე, რომ არქივში მივაკვლიე, თუ საიდან იყვნენ ჩემი წინაპრები. 4 თაობის განმავლობაში დაკარგული იყო ეს ინფორმაცია. რეპრესირებული იყო ჩვენი ოჯახი. 1921 წელს, ჩემი დიდი ბაბუის მამის მშობლები დახვრიტეს, მაშინ თვითონ 14 წლის იყო და ნათლიამ გაზარდა თბილისში. სამწუხაროდ, იმ დროს შეწყდა ჩვენი სიყვარული და ურთიერთობა სამეგრელოსთან. ასე, რომ ჩამოვედი სამი წლის წინ და ვეღარ მივდივარ, მით უფრო ახლა", - გვიყვება ლევანი.
გვიხსნის, რომ სირაქლემას საინკუბაციო კვერცხების საქართველოში ჩამოტანა საკმად დიდ ბიუროკრატიულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. თავდაპირველად, ევროპიდან ზრდასრული სირაქლემების ჩამოყვანას გეგმავდა, თუმცა ეს დიდ დანახარჯებს მოითხოვდა.
"კვერცხები სათითაოდ ჩამოვიტანეთ... ხან მეგობრებს დავაბარე. შვეიცარიიდან ვინმე თუ მოფრინავდა და მეუბნებოდა, ლევან, მაგარი შოკოლადი უნდა ჩამოგიტანო, ვეუბნებოდი - არ მინდა, ჩამომიტანე სირაქლემას საინკუბაციო კვერცხი. ასე მოვაგროვეთ, გამოიჩეკნენ ადგილზე და ახლა უკვე ზრდასრული სირაქლემები გვყავს. სხვათა შორის, ძალიან მშვიდები არიან, ხმაური არ უყვართ და არც ქვიშაში ჰყოფენ თავს (იცინის). უწყინარი ფრინველები არიან, თუმცა არ ვიცი, როგორები იქნებიან კვერცხდების დროს, ამ წელს უწევთ ეს პერიოდი", - ამბობს ლევანი და დასძენს, რომ არასაკმარისი გამოცდილების და ინფორმაციის გამო, პირველი 100 კვერცხიდან, მხოლოდ 12 წიწილა გამოიჩეკა.
ფერმერის თქმით, ყველაზე რთული სირაქლემების მოვლისას მათი კვებაა - ერთ ზრდასრულ ფრინველს დღეში 2-დან 5 კგ-მდე საკვები სჭირდება, რისთვისაც ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობენ სიმინდსა და ხორბალს. მათთვის 15 კომპონენტიან საკვებს ამზადებენ.
გარდა ამისა, როგორც ამბობს, სირაქლემებს სჭირდებათ დიდი სივრცე, რადგან მათთვის სირბილი ძალიან მნიშვნელოვანია.
"განსაკუთრებული მოვლა 2 თვემდე სჭირდებათ, ფეხები აქვთ ძალიან სუსტი. შემდეგ კი ძალიან გამძლეები არიან დაავადებების მიმართ",- ამბობს ლევანი.
ლევან ფაღავა გაზაფხულისთვის ვიზიტორების მისაღებად ემზადება. ამჟამად, კონტაქტური ზოოპარკის მოწყობის სამუშაოებით არის დაკავებული. გარდა ამისა, სურს ფერმის მიმდებარედ კვების ობიექტი მოაწყოს, სადაც სტუმრებს მხოლოდ ნატურალური პროდუქტით გაუმასპინძლდებიან. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ფრინველების ექსპორტზე ფიქრობს.
"ცალკე კიდევ არის მეხორცული მიმართულება, ასევე ბუმბული. ქონი კი გამოიყენება პარფიუმერიაში. ჩემი საქმიანობა ბიზნესის სახეს ალბათ 2 წლის შემდეგ მიიღებს. ახლა უფრო ზოოპარკის ნაწილის მიმართულებით ვმუშაობ. გაყიდული გვყავს 2 სირაქლემა, დეკორატიული მიმართულებით შეიძინეს ფერმერებმა. რა თქმა უნდა გეგმაში არის, რომ გავყიდოთ, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავიტანოთ ექსპორტზე. ექსპორტთან დაკავშირებული მხოლოდ თეორიული გეგმები არსებობს ამ ეტაპზე, უფრო მომავალში განვიხილავთ, რადგან უკვე ჩვენი გამრავლებული გვეყოლება და უფრო მარტივი იქნება შესაბამისად გასაყიდი რაოდენობის განსაზღვრა. ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე თუ იქნება დაინტერესება, მყავს გასაყიდად 2 მოზარდი", - გვეუბნება ლევანი.
როგორც გაირკვა, აფრიკული სირაქლემები სამეგრელოს ტენიან გარემოს კარგად შეეგუვნენ. წელს გავიგებთ, როგორ გამრავლდებიან ისინი მათთვის უჩვეულო გარემოში და დაიწყებენ თუ არა კვერცხების დადებას.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები