"აფეთქების ხმამ გამაღვიძა. სახლის ყველა ფანჯარა ზანზარებდა, ახალგაღვიძებულზე ვერც მივხვდი, რა მოხდა და ინსტინქტურად ტელეფონს გავხედე, სადაც უკვე წერდნენ, რომ ომი დაიწყო.
მალევე გავრცელდა პრეზიდენტის მიმართვა, რომ რუსეთი თავს დაგვესხა". სახლში, სადაც ომს გამოქცეული უკრაინელი ალენა და მისი 4 წლის შვილი თვეზე მეტია იმყოფებიან, ახლა ფორთოხლის ცედრის და დარიჩინის სუნი ტრიალებს. ოთახში შესულს მაგიდაზე უკრაინის დროშის ფერებში გაფორმებული პასკა გვხვდება, ზედ ლურჯი და ყვითელი პეპლებით. "პირველი პასკაა, რომელიც სახლში არ გამომიცხვია", - სევდიანად ეღიმება ჩვენს რესპონდენტს.
კიევთან ახლოს მდებარე ჟიტომირიდან 8 მარტს ერთადერთი ჩანთით ჩამოვიდნენ. უკრაინაში დარჩა ალენას ქართველი ქმარი დავითი, რომელიც ახლა ტერიტორიული თავდაცვის რიგებშია.
"პირველი დღეები ჩვენს ქალაქში შედარებით სიმშვიდე იყო, მერე კი დაიწყეს დაბომბვა რაკეტებით. ვიმალებოდით სარდაფებსა და ბომბდამცავებში. ბოლო წუთამდე არ მიფიქრია ქალაქის დატოვება. ამასთან, ფსიქოლოგიურთან ერთად, ფიზიკურადაც აუტანელი იყო ჩვენი მდგომარეობა, ძალიან ციოდა, ბავშვი ტიროდა - "დედა, არ მინდა განგაშის ხმა"-მეუბნებოდა. გვეძინა ტანსაცმლით, დღე-ღამეში, ალბათ, 2-3 საათი და უკიდურესად დავიღალეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა, მან მიიღო გადაწყვეტილება აქ წამოვსულიყავით. მითხრა, "მე აქ ვრჩები, შენ და ბავშვი კი წახვალთ საქართველოში"...მასაც შეეძლო წამოსვლა, მაგრამ ამაზე არც უფიქრია. ცდილობს ერთხელ მაინც დარეკოს დღის განმავლობაში და გვითხრას, რომ ყველაფერი რიგზე აქვს. მამხნევებს...თვითონ 2 წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად გადმოსახლდა უკრაინაში, აფხაზეთიდან დევნილები არიან. უკრაინაში გაიზარდა, ფაქტობრივად მეორე სამშობლოა მისთვის", - გვეუბნება ქალი.
იხსენებს იმ პერიოდს, როცა დღის განმავლობაში თავისუფალი 1 წუთიც არ ჰქონდა. ომამდე უკრაინის ერთ-ერთ პოპულარულ რადიოში "ლუქს ფმ" სარეკლამო განყოფილების მენეჯერად მუშაობდა. სამსახურის პოვნა საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღეებიდან სცადა, თუმცა ენობრივი ბარიერის გამო, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა.
"არ მიყვარს უსაქმურად ჯდომა, იქ მუდმივად რაღაცას ვსაქმიანობდი, ვიყავი ძალიან აქტიური. აქაც არ ვკარგავ იმედს, რომ რამე გამოჩნდება".
გვიყვება, რომ ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მას ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციის, წმინდა გაბრიელის სახელობის ფონდის დამფუძნებელი სალომე ფაცაცია დაეხმარა. უხარია, რომ მხარდაჭერას და სითბოს გარშემომყოფებისგან მუდმივად გრძნობს.
"როგორც აღმოჩნდა, მე და ილია ვიყავით ერთ-ერთი პირველი უკრაინელები, ვინც აქ ჩამოვიდა. ნათესავებმა მისწერეს სალომეს და შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი, რაც გაგვაჩნია მისი დამსახურებაა. როგორც კი გაიგო ჩვენზე, მოვიდა, გამოაქვეყნა ჩვენს შესახებ ინფორმაცია, რასაც გამოხმაურება მოყვა და ზუგდიდელმა ოჯახმა სახლი უსასყიდლოდ დაგვითმო. ჩვენს გარშემო საუკეთესო ადამიანები არიან, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ქმრისგან ყოველთვის ვიცოდი, რომ ქართველები გამორჩეულები არიან, ახლა კი ჩამოვედი და ვხედავ, ვგრძნობ ამას ყოველ წუთს. სულ ვგეგმავდით ჩამოსვლას, თუმცა მოხდა ისე, რომ ჩემი პირველი ჩამოსვლა საქართველოში, ომმა დააჩქარა", - ამბობს ალენა.
ერთის მხრივ, განტვირთვისთვის, ამასთან კი მცირე შემოსავლის მისაღებად სააღდგომოდ პასკების გამოცხობა გადაწყვიტა. მისი იდეა სალომემაც გაიზიარა და შესაბამისი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გამოხმაურებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა რამდენად მოახერხებს აღდგომამდე დარჩენილ დღეებში რამდენიმე ასეული შეკვეთის მიღებას, ჯერ არ იცის.
"ზოგადად, მიყვარს ტორტების, ფუნთუშეულის ცხობა და ეს ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო მეთოდია. ცხობა მარტომ, აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვისწავლე. რამდენიმე დღის წინ სალომესთან აღვნიშნე ეს და შემომთავაზა, მოდი, ვცადოთ პასკების გამოცხობა სააღდგომოდო. მე სიამოვნებით დავთანხმდი. დავაცხობ უკრაინული მეთოდით და ვეცდები, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს. ვხედავ რომ ბევრი ადამიანი ურეკავს, რაც ძალიან მაბედნიერებს".
კითხვაზე, რამდენმა ადამიანმა გადაწყვიტა ალენას პასკის შეძენა და ამ გზით დევნილი ქალის მხარდაჭერა, სალომე ფაცაცია გვპასუხობს, რომ რამდენიმე ათასი ზარი და შეტყობინება მიიღო, თუმცა ფიზიკურად მხოლოდ რამდენიმე ასეული პასკის გამოცხობა მოესწრება.
"ძალიან დიდი სურვილის შემთხვევაშიც, შეიძლება მოახერხოს 500-მდე პასკის გამოცხობა. თითოეულის ღირებულება 8 ლარს შეადგენს და მხოლოდ სიმბოლურ შემოსავალს დაუტოვებს. ვფიქრობ, კარგი იქნება მათ, ვისაც არ გამოუვა შეძენა მინიმალური თანხით გამოხატონ სოლიდარობა ამ მართლა საოცარი გოგოს მიმართ", - მიიჩნევს სალომე.
ახლა ალენას მეგობრების და თანამშრომლების ნაწილი მის მსგავსად იძულებით გადაადგილებულია, ნაწილი კი ადგილზე რჩება და მოხალისებრივად ეხმარება უკრაინის ჯარს. უკრაინაში რჩებიან მისი მშობლები, რომლებსაც ალენას თქმით, მშობლიური სოფლის დატოვება არც უფიქრიათ.
"მშობლები საკმაოდ ახალგაზრდები არიან, 50-52 წლის...ახლა თქვენთან ვზივარ და ვიღიმი, თუმცა შფოთვა სულ მაქვს. უკვე აღარ მახსოვს, როდის მეძინა მშვიდად. როცა ვიხსენებ ომამდელ პერიოდს, ყველა პრობლემა მეჩვენება იმდენად უმნიშვნელოდ. მაისში გეგმები გვქონდა, რომ ბავშვისთვის დაბადების დღეზე ლამაზი დღესასწაული გვეჩუქებინა, ყველა ჩვენი ჩანაფიქრი თითქოს გაცამტვერდა. ამასთან, ზუსტად ვიცი, რისთვის ვიბრძვით - ეს არის თავისუფლება. ამაყი ვარ, რომ ვარ უკრაინელი. ომის დასრულების დღეს დავბრუნდები სახლში, ვიცი, ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს და სირთულეები იქნება, მაგრამ მზად ვარ ამისთვის. ჩემი გონება და სული ახლა იქაა. მინდა გავიმარჯვოთ და იყოს მშვიდობა, სხვა სურვილი არ მაქვს აღდგომას. თითქოს მარტივი სიტყვებია, მაგრამ ახლა განსხვავებული სიმძაფრე აქვთ ჩემთვის. მშვიდობა ყველაზე მნიშვნელოვანია... აქამდე წარმოდგენაც არ მქონია რას ნიშნავს ეს სიტყვა".
მასალის გამოყენების პირობები