მულტიმედია
რუხის იპოდრომი, როგორც აფხაზებთან შეხვედრის ადგილი და ზუგდიდის ცხენოსნობის მივიწყებული ტრადიცია
"ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როცა ეს იყო, დაახლოებით, ისე როგორც ახლა ფეხბურთია. ყველამ იცოდა ცხენების სახელები. ქალი, კაცი, ბავშვი - ყველა ესწრებოდა შეჯიბრებებს. იყო უდიდესი ემოცია, შეძახილებით გამხნევება. მთელი საქართველოდან ჩამოდიოდნენ ახალგაზრდები. აფხაზეთიდან მუდმივად მონაწილეობდნენ მხედრები, სხვადასხვა ქალაქის გუნდები. გუდაუთა, ოჩამჩირე, სოხუმი, გალი - ყველგან ჰყავდათ გამორჩეული მხედრები".

საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, ზუგდიდელი ოთარ ჭითანავა, ერთ-ერთია, რომელსაც კარგად ახსოვს სტადიონ-იპოდრომი ახლანდელი სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე, იქ ჩატარებული არაერთი მარულა და დოღი. გვიყვება, რომ მაშინ სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი გამორჩეულად დიდი იყო და ცხენოსნობას ადგილობრივებში მიმდევრებიც მრავლად ჰყავდა. ზუგდიდი ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, სადაც 50-60-იან წლებში საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი გაიხსნა, მწვრთნელები კი თითქმის ყველა სოფელს ჰყავდა.

"ტურნირები რომ ტარდებოდა, ყველა მაშინდელი კოლმეურნეობიდან არჩევდნენ ცხენებს და გამოჰყავდათ როგორც გუნდურ შეჯიბრებებზე, ისე დოღზეც. ზუგდიდს ყოველთვის ჰყავდა ძლიერი შემადგენლობა, საუკეთესო მხედრები. იმარჯვებდნენ როგორც საქართველოს, ისე საბჭოთა პირველობებზე. ბევრი ადგილობრივის სახელი და გვარია ქართული ცხენოსნობის ისტორიაში. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რომ სპორტის ეს სახეობა განვითარებული ყოფილიყო", - გვეუბნება ოთარ ჭითანავა.

შეჯიბრი ცხენბურთში კახათის იპოდრომზე. ფოტო: მალხაზ ფიფია

ახლა ზუგდიდელი სახელოვანი მხედრებიდან ცოცხალი აღარავინაა. ჩვენი რესპონდენტი მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა ამბავს გვიყვება, თან ხმაში ბზარი უჩნდება. წუხს, რომ მომავალ თაობებს თითქმის არ აქვთ ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებიც ქალაქის სიამაყედ ითვლებოდა.

"განა მხოლოდ მამაკაცები, ქალი ცხენოსნებიც გვყავდა. ჩემი მოგვარე, თამარ ჭითანავა იყო ერთ-ერთი, რომელმაც ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია, იყო ქვეყნის და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მოგვიანებით, წლების განმავლობაში, ასწავლიდა ზუგდიდის პირველ სკოლაში სპორტს".

საქართველოს ცხენოსანთა ნაკრების წევრები, მარცხნიდან: თამარ ჭითანავა, დომენტი კანკია, აგრა ზარანდია. ფოტო დაცულია ზუგდიდის სპორტის მუზეუმში

სამეგრელოს მსგავსად ძალიან განვითარებული იყო საცხენოსნო სპორტი აფხაზეთშიც, სადაც მხედრები გამორჩეული ოსტატობით იყვნენ ცნობილი, - გვეუბნება ოთარ ჭითანავა და დასძენს, რომ მეზობელი რეგიონიდან ხშირად ჩამოდიოდნენ შეჯიბრებებზე, რასაც გულშემატკივრების დიდი ოვაციები მოჰყვებოდა ხოლმე.

სენაკელი ცხენოსნები ერთ-ერთ შეჯიბრზე, ირაკლი ლაკიას არქივიდან

"ხშირად იმარჯვებდნენ აფხაზები, გუდაუთელები იყვნენ ძალიან მაგრები. სამურზაყანოელებს კარგი გუნდები ჰყავდათ, გალის რაიონი იყო ახლოს და იქ მახსოვს, ძალიან აქცევდნენ ყურადღებას ცხენოსნობას. ერთ-ერთი ძლიერი მხედარი ხარლამ სიმონია  საუკეთესო იყო მაშინ. ჩვენი საშა დარასელია გადავიდა თავის დროზე სოხუმში და იქ მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე, მრავალგზის ჩემპიონი იყო, გამორჩეული ადამიანი".

ირაკლი ლაკიას არქივიდან

80-იან წლებში ზუგდიდის იპოდრომმა ცენტრიდან რუხის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და რამდენიმე მოედანი. სტუმრებს შეეძლოთ სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებისთვის ერთდროულად ედევნებინათ თვალი. აშენდა თავლაც, სადაც რამდენიმე ათეული ცხენი მუდმივად იმყოფებოდა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ახლა მაშინდელი იპოდრომის არსებობაზე მხოლოდ ტერიტორიაზე შემორჩენილი ძველი პანო მიანიშნებს.
"მწვრთნელები, ვეტერინარები, მომვლელები - 60 ცხენზე იყო გათვლილი იქაურობა და უმაღლესი დონის იპოდრომი იყო. მაშინ ენგურჰესზე ვმუშაობდი და აქტიურად ვიყავი ჩართული საორგანიზაციო საკითხებში, ენგურჰესი ამარაგებდა საჭირო სამშენებლო მასალით. ცხენოსნობის კლასიკური სახეობები, გაწვრთნა, კონკური, სამჭიდი... ყველაფრისთვის ცალცალკე მოედანი იყო. დაცული იყო ტრიბუნებამდე დისტანცია და ყველა სტანდარტი. მოეწყო ასევე სასროლეთი, რის მიმართაც ასევე დიდი დაინტერესება იყო და ჩამოდიოდნენ გერმანიიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, მთელი საბჭოთა კავშირიდან გუნდები", - გვიყვება ოთარ ჭითანავა.
პანოს ფრაგმენტი

მოგვიანებით, საკუთარი შვილიც სწორედ რუხის იპოდრომზე არსებულ სკოლაში დაჰყავდა სავარჯიშოდ. ოთარ უმცროსმა არაერთ წარმატებას მიაღწია და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც რამდენჯერმე მიიღო.

რუხის იპოდრომი, მალხაზ ფიფიას ფოტო

"არეულობის წლებში მოიშალა იქაურობა, აღარ ტარდებოდა ტურნირები. მერეც დააგვირგვინეს და იპოდრომის ადგილას საავადმყოფოს აშენება გადაწყვიტეს. ჩემი გადასახედიდან ეს იყო დანაშაული, რადგან დაუკარგეს მომავალი ჩვენს ცხენოსნებს. გული მიკვდება, რომ ასე მოექცნენ იქაურობას".

ოთარ ჭითანავა

ახლა ხელშეწყობა სჭირდება ზუგდიდში არსებულ ერთადერთ საცხენოსნო კლუბს - მიიჩნევს ჩვენი სტუმარი და იმ იმედით გვემშვიდობება, რომ ჩვენი ქალაქი აუცილებლად ისევ გახდება აფხაზი და მეგრელი ცხენოსნების შეხვედრის ადგილი.


მთავარ ფოტოზე: ოჩამჩირელი ცხენოსანი ოთარ ქვაჩახია, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კონკურში და ოთარ ჭითანავა უმცროსი


ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „ათინათი“ და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.