"გრეხილის" ბრენდის ქვეშ დამზადებული განსხვავებული ნაკეთობები (ფოტო/ვიდეო)
15:36 / 30.11.2022
"მგონია, რომ არ არსებობს ადამიანი რაიმე სახის ნიჭისა თუ უნარის გარეშე. უბრალოდ ნიჭს აღმოჩენა სჭირდება. თუ ხელოვანი ვერ იქნები, ხელოსანი მაინც შეგიძლია იყო".
ამ სიტყვების ავტორი რუსუდან შანავა ზუგდიდისა და წალენჯიხის გასაყარზე, ტიპურ მეგრულ ეზოში გვხვდება. მის ზურგსუკან მორცხვად იმალება 4 წლის გაბრიელი.
"ასაკის მიუხედავად, უკვე ყველა ხელსაწყოს და დანადგარის დასახელება იცის", - ეღიმება რუსოს. რუსოს სახელოსნო
ჩვენი მასპინძელი 33 წლისაა. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მუდმივად ეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში.
"გარკვეულწილად ვიცნობ ხელოვნების ისტორიას და შემიძლია მარტივად ავარჩიო ორნამენტი, რომელიც მჭირდება ნაკეთობის გამოსაყვანად", - გვიხსნის ახალგაზრდა ქალი.
ხელსაქმე დედამ შეაყვარა, რომელიც პროფესიით მკერავია. რუსოც და მისი დაც ბავშვობიდან ქარგავენ და ქსოვენ. იხსენებს, რომ პირველი ნამუშევრები მეტწილად საბავშვო ნახატებით დაამზადა, მოგვიანებით კი სასულიერო თემატიკაც აითვისა.
დაახლოებით 8 წელია რუსოს ცხოვრებაში ჯერ ახალი გატაცება, მოგვიანებით კი საქმიანობის ახალი სფერო გაჩნდა - საიუველირო ოსტატობას დაეუფლა. ზუგდიდში გამოცდილი იუველირი იპოვა, რომელმაც გამოცდილება გაუზიარა და პირველი ნივთების დამზადებაში დაეხმარა.
"იუთუბზე წავაწყდი დამზადების პროცესს, როგორ ამუშავებდნენ სამკაულს და მეორე დილით რომ გავიღვიძე, ჩემთვის ვთქვი, რომ ეს უნდა მესწავლა. ვიპოვე ადამიანი, რომელიც უანგაროდ დამეხმარა, პირველ დღეს ვისწავლე სპილენძისა და ვერცხლის შედნობა, დამუშავება. მეორე დღეს კი ესკიზით გამოვცხადდი მასთან. მახსოვს, იუველირთან დავამზადე ცალი საყურე, რომელიც საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ".
შეკვეთებზე მუშაობა მალევე დაიწყო და ასე შეიქმნა სამჭედლო-სახელონო "გრეხილი". რუსოს მომხმარებლები მეტწილად 20-დან 65 წლამდე ქალები არიან. უკვეთავენ ბეჭდებს, საყურეებს, ყელსაბამებს - ნებისმიერ ნივთს, რომელიც მათთვის საინტერესოა.
"გრეხილი" დღესდღეობით ერთ-ერთი პირველი სახელოსნოა, სადაც სამკაულები სხვადასხვა ფაქტურის შერწყმით მზადდება, რაც, რუსოს თქმით, სხვა მცირე მეწარმეებთან თანამშრომლობის შედეგია.
"ეკო-ხელნაკეთთან" ერთად თექა და ვერცხლზე ვმუშაობთ. "ნემო ვუდვორქერთან" თანამშრომლობით ხის დეტალებს ვიყენებ ნაკეთობებში. ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა, რადგან, პირველ რიგში, ვართ მეგობრები. მეორეც, ერთმანეთს ვეხმარებით ნაწარმის პოპულარიზაციაში. სხვადასხვა კონტიგენტი გვყავს მომხმარებლების და ერთობლივად ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია არამარტო რეგიონის მოსახლეობისთვის, არამედ უფრო ფართო მასებისთვისაც იყოს ცნობილი. ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და ვსწავლობთ".
თავს ყველაზე კომფორტულად მაშინ გრძნობს, როცა საიუველირო ნაკეთობებზე მუშაობს. ამბობს, რომ ამ საქმეს დიდი მოთმინება სჭირდება. ზოგჯერ ნივთის დამზადებას მთელ კვირას უთმობს - ეს მინიატურული დეტალების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მისი, როგორც მეწარმის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა სხვადასხვა საგრანტო კონკურსმა და პროგრამამ. მათ შორის გამორჩეულად ახსენებს ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი იდეების მნიშვნელობას.
"მაშინ, როცა ვწერდი, რომ მსურდა სხვადასხვა ფაქტურის გაერთიანება, სხვა დონორი ორგანიზაციები, სავარაუდოდ, ვერ ხვდებოდნენ ჩემს ჩანაფიქრს, პასუხად დაახლოებით ვიღებდი: "იქნებ ერთი მიმართულებით იმუშავოთ?". მაგალითად, ვერ იგებდნენ ორი მიმართულების - ტყავის და ვერცხლის კოლაბორაცია და ამ ორი სამუშაო მასალის ერთად გამოყენება რამდენად იყო შესაძლებელი. ლტოლვილთა დანიის საბჭომ დამიფინანსა ჩემთვის ძალიან საჭირო საქარგავი მანქანა და ტყავზე მუშაობაც მათი მხარდაჭერით შევძელი".
რუსუდანს დიდი სურვილი აქვს საკუთარი ნამუშევრები ჯერ ზუგდიდში, მოგვიანებით კი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გამოფინოს. გეგმავს სტუმრებისთვის ისეთი ნაკეთობების ჩვენებას, სადაც საიუველირო ნაწარმთან ერთად წარმოდგენილი იქნება როგორც ტიხრული მინანქარი, ისე ტყავის ჩანთებიც ხელნაკეთი დეტალებით. ამ მიმართულებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სფეროში მომუშავე ავტორებთან კოლაბორაციას.
სახელოსნოდან გამოსულებს თითქმის მთელი ოჯახი გვაცილებს - უფროსი თაობაც და ყველაზე პატარა გაბიც.
"არაერთხელ ვახსენე, რომ საიუველირო საქმეს სჭირდება ძალიან დიდი დრო. ოჯახთან ერთად საკმაოდ რთულია ამ საქმიანობის გაგრძელება, თავის დამკვიდრება ამ სფეროში, თუმცა მათი უპირობო დახმარებით და სურვილით ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. მინდა წარმატების მაგალითი ვიყო სხვებისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის".
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას ზუგდიდელი ალექსი თირქია დაშავდა. მისი ბიძა, იოსებ ჩანადირი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ 22 წლის ახალგაზრდას ე.წ გაზის კაფსულა წარბის არეში მოხვდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. „პარლამენტის“ რიგგარეშე სხდომა, რომელიც 19 დეპუტატის მოთხოვნით იყო მოწვეული, დღეს გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ გმობენ ძალადობას, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან ევროპული მომავლის დასაცავად.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები