
სევდიანი თვალები არ გამკვირვებია. რთულია სხვა რამეს ელოდო, როცა მოხუცთა თავშესაფარში მიდიხარ. ნამდვილ განცდებს მხოლოდ მაშინ ვხედავდი, როცა კამერა ჩემი მასპინძლების სახეს არ უყურებდა. როგორც კი ობიექტივს მივაბრუნებდი თითქოს თავისუფლდებოდნენ, სახე სევდით, თვალები კი ცრემლებით ევსებოდათ.
ბენეფიციარები და თავშესაფრის თანამშრომლები ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. დროის გასაყვანად ძირითადად ტელევიზორს უყურებენ. დომინოს, ნარდს და ბანქოს კი მოხუცები მედპერსონალთან ერთად თამაშობენ.
თერთმეტი ბენეფიციარიდან ორი მწოლიარეა. ძირითად დროს ოთახში მედპეროსანლის რეგულარული მონიტორინგის ქვეშ ატარებენ. 83 წლის გალინა ღაღანიძეს კამერის დანახვა ძალიან გაუხარდა. ძალები მოიკრიბა და საწოლიდან წამოდგა.
რუხის თავშესაფარში ყველაზე მხცოვანი ბენეფიციარი 96 წლის წალიკ გრიტორიანია. როგორც მედპერსონალმა გვითხრა ბოლო დროს მძიმედ იყო, თუმცა გამოჯანმრთელება შეძლო.
ფოტორეპორტაჟზე მუშაობისას ვცდილობდი, რომ ჩემი მასპინძლები მინიმალურად შემეწუხებინა, კადრს მათ ვარგებდი. როცა დავემშვიდობეთ ერთმანეთს 81 წლის ვარიან ჯინოლია გარეთ გამომყვა და მითხრა ეს ჩემი ოთახის ფანჯარაა და მთხოვა ერთი ფოტო ამ კედელთან გადამეღო.
აქ მათი ყოფნის მიზეზები, ისევე, როგორც განვლილი ცხოვრება, ერთმანეთისგან განსხვავდება. ყოველდღიურად მონატრება, მოლოდინი და რეალობა ერთმანეთს ცვლის. უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები