მულტიმედია
,,წაჩხურობა’’ - აკვანთკურთხევის საუკუნოვანი ტრადიცია მარტვილში (ფოტო/აუდიო)

მარტვილის სოფელ წაჩხურუში, აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, „წაჩხურობის“ დღესასწაულს აღნიშნავენ.


წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ადამიანი საგანგებოდ ჩადის, მათ ლამაზად მორთული აკვნები და სხვადასხვა შესაწირი მიაქვთ ტაძარში, რომელიც საუკუნეებია უშვილოთა შემწედ მიიჩნევა.

ამ დღეს სოფელში აკვანთკურთხევა იმართება, სპეციალური წირვა უშვილო წყვილებისთვის, რომლებიც შემდეგ ეზიარებიან. მომლოცველებს შორის არიან ისინიც, ვინც შვილის გაჩენის შემდეგ მადლიერების ნიშნად, პატარა ბავშვებით ხელში ფეხით გადიან რამდენიმე კილომეტრიან აღმართს ტაძრამდე.

ჩვენი რესპონდენტი ვიქტორია წელს პირველად დაესწრო „წაჩხურობის“ დღესასწაულს. უძველესი ტრადიციის შესახებ მეგობრისგან შეიტყო და გადაწყვიტა, მეუღლესთან, პაატასთან ერთად, ასულიყო მოსალოცად, იმ რწმენით, რომ რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ, წყვილს ნატვრა აუხდება და შვილი ეყოლება.

,,მესამე წელი გახდა დღეს, რომ პატარა არ გყავს. ისეთი მოტივაციით ვიყავით, ისეთი შემართებით გავიარეთ 8 კილომეტრი. ჩვენი აკვანი, რომელიც ვაკურთხეთ ერთ - ერთმა უცნობმა წყვილმა გვთხოვა და ვაჩუქეთ, ჩვენ კი სრულიად მოულოდნელად, ახალგაზრდა ცოლ- ქმარმა, რომელიც ამოსული იყო მადლობის სათქმელად შვილთან ერთად, გვაჩუქა აკვანი პატარა თოჯინით. ძალიან დიდი სიხარული გამომყვა უკან. ვაპირებთ მომოვალ წელსაც წავიდეთ’’, - გვითხრა მან.

38 წლის მანანა აკობიას სჯერა, რომ 10 წლიანი ლოდინის შემდეგ, მათ სასწაული სწორედ “წაჩხურობის” დღესასწაულზე მისვლის შემდეგ ეწვია.

,,შარშან ავედით წაჩხურობაზე, ინტერნეტით გავიგეთ, რომ უშვილო წყვილები ადიოდნენ და ერთ თვეში ორსულად დავრჩი’’, - გვითხრა მან.

ნინო ჯანაშიასა და მისი მეუღლისთვის „წაჩხურობას“ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ტრადიციის შესახებ მათაც არაფერი იცოდნენ, სატელევიზიო რეპორტაჟის ნახვამდე.

„... თუმცა, როცა პირადადად არ გეხება, არ აქცევ ყურადღებას. შარშანწინ ჩამომიყვანა ახლობელმა აკვანი, შარშან მე და ჩემი მეუღლე ავედით, მოვილოცეთ და დაახლოებით 7 – 8 თვეში დავრჩი ორსულად, მალე პატარას ველოდებით’’, - გვახარა მან.

წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა იაკობი ამბობს, რომ რიტუალი ძველი კოლხური ტრადიციაა და მან საუკუნეებს გაუძლო.

,,ადრე ამბობდნენ, რომ დადიანებს ოქროს აკვანი ამოჰყავდათ ხოლმე, როცა შვილი არ ეძლეოდათო და მერე ეძლეოდათო, სიმბოლურია ეს აკვნები, ზოგს მოჰყავს, ზოგს მიჰყავს, ვისაც არ შეხვდება აკვანი, გული არ დაწყდეს, სიმბოლურად ხატი წააბრძანოს აქედან, მთავარია მადლი წაიღოს აქედან’’, - გვითხრა მან და აღნიშნა, რომ წაჩხურუს ტაძრის მოლოცვის შემდეგ ათასობით წყვილი, მათი ოჯახის წევრები და მეგობრები, შინ სასწაულის მოლოდინში იმედითა და რწმენით ბრუნდებიან.

ლიტერატორ ზაალ ჯალაღონიას თანახმად, წაჩხურაში დამკვიდრებული რელიგიური დღესასწაული ,,წაჩხურობა’’, სავარაუდოდ, წარმართული ხანიდან მოდის. მისივე თქმით, მოსქე მეგრულად არის შვილიერი, ,,ძეობის’’ მომცემი და მომნიჭებელი და წაჩხურას ღვთაება მოსქეს უძველესი კულტურის კერაა.

,,წაჩხურა“ არის იგივე ,,წყარჩხურუ’’ ანუ ცივწყალა, ჩხურუ მეგრულად სიცივეს ნიშნავს, ხოლო ,,წა’’ არის წყალი. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წაჩხურას მოსქე’’ მთავარანგელოზთა სამლოცველოთი შეიცვალა და ახლა აქ წარმართულო მოსქეს ნაცვლად მთავარანგელოზებს სთხოვენ შვილის გაჩენას თხოვნის რიტუალი წარმართობიდან დღემდე თითქმის არ შეცვლილა’’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ ზაალ ჯალაღონიამ.მისივე თქმით, მოსქე წაჩხურუს ხატს შვილიერების გარდა ასევე სთხოვდნენ მუცლისა და წელის ტკივილისგან განკურნებას, ბოროტი თვალისგან დაცვას და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ წაჩხურუში რიტუალის დღეს ყველა ოჯახის სახლის კარი სტუმრისთვის ღიაა და ადგილობრივებს სწამთ, რომ ვინც რაოდენობრივად უფრო მეტ სტუმარს მიიღებს, მადლი ამ ოჯახზე გადმოვა.

ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „ათინათი“ და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.



 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.