„ოპერაციაში წამიყვანეთ, ოღონდ ვიცოცხლო“, - შოვში გადარჩენილი სენაკელი მამა-შვილის ამბავი (ფოტო/ვიდეო/აუდიო)
17:32 / 10.08.2023
31 წლის სენაკელი გიორგი ადამიას ტელეფონი ინახავს ვიდეოს შოვში, სტიქიის ეპიცენტრიდან, რომელშიც მისი 6 წლის შვილის თომას ხმა ისმის.
თომა ტირის და მისთვის ყველაზე საშიშშზე „ოპერაციაზეც“ კი თანახმაა, „ოღონდ იცოცხლოს“. ამ დროს ვიდეოში მოგლეჯილი ხეები და დამეწყრილი შოვი სჩანს.
თომა და გიორგი რაჭაში, უფრო ზუსტად სოფელ გლოლაში სენაკიდან 2 აგვისტოს, საღამოს ჩავიდნენ და იქ ერთი კვირა უნდა დაესვენათ. მეორე დღეს, 3 აგვისტოს შოვში ავტომობილით წავიდნენ. მამა ამბობს, რომ თომას იქაურობა ძალიან მოეწონა. იღებდნენ ფოტოებს, ვიდეობს, უგზავნიდნენ ოჯახის წევრებს.
ბოლო ასეთი ფოტო 14:54 წუთით თარიღდება.
მომდევნო კი, დაახლოებით, ორ საათშია გადაღებული და მწვანეში ჩაფლული და სიცოცხლით სავსე კურორტის ნაცვლად ტალახით დაფარულ მიწას, კოტეჯებსა და სოფელს ასახავს.
რადიო „ათინათთან“ გიორგი იხსენებს, რომ „სანსეტ შოვის“ ეზოდან სტიქიის დაწყებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე გამოვიდნენ, მანამდე იყვნენ მჟავე წყლებთან და უკვე უკან დაბრუნებას აპირებდნენ, როცა მანქანაში მსხდომებმა ძლიერი ხმა გაიგეს. გიორგიმ რამდენიმე წამით ისიც კი იფიქრა, ომი ხომ არ დაიწყოო, თუმცა მალევე საკუთარი თვალით დაინახა, როგორ მოწყდა ხე.
„სამი საათი ხდებოდა, თან ოჯახის წევრებს ფოტოებს ვუგზავნიდი, სწორედ მაგ დროს გავიგე საზარელი ხმაური, ერთი მომენტი გავიფიქრე, ომი ხო არ დაიწყო-მეთქი, გადმოვედი მანქანიდან, ვფიქრობდი, რამე გადაიფრენს ახლა და ცას ვუყურებდი ზუსტად „სანსეტისკენ“. არ ჩანდა არაფერი, ეს სადღაც 7 წამი გაგრძელდა, სწორედ მაშინ „სანსეტის“ უკან ვნახე, ხეები ეცემოდა და ლეწვის ხმაც მერე გავიგე. მეგონა, სასტუმროს უკან მთა მოდიოდა, დაიძრა მეწყერი, ჩამოწვა ქვემოთ, უცებ ჩავჯექი მანქანაში და ბავშვს ვუთხარი, გავქცეულიყავით. საავტომობილო გზაზე რომ ჩამოვედი, რამდენიმე მეტრში ვნახე ორი უცხოელი, რომელიც ხელს მიქნევდა და მანიშნებდა, გზა არ არისო. დავინახე, რომ მეწყერი იყო ჩამოწოლილი. შემდეგ შოვის მეორე მხარეს მაღლა წავედით, სადაც ვნახეთ წყალი, მანქანა ამოდიოდა და იმათ ვუთხარი, რომ ქვევით არ იყო გზა და ზევით წავსულიყავით, მაგრამ იქაც ჩამოწოლილი იყო უკვე“, - იხსენებს სტიქიას გადარჩენილი.
გიორგი ჰყვება, რომ ხიდთან მანქანიდან გადმოხტომა მოასწრეს, თომას ფეხზე არ ეცვა. მათთან ერთად უკვე იყვნენ ჯელაძეები, ცოლ-ქმარი პატარა ბავშვით. სულ 13 ადამიანი.
„ჩვენ ცოტა ამაღლებული ადგილისკენ მივდიოდით, რა დროსაც დაიყვირეს, მანქანები წაიღოო. ამაღლებულზე რომ ვიდექით, რამდენიმე წამი, დავინახე, რომ ზემოდან მოდიოდა ტალღა. პირველმა ისე გაიარა, არ მახსოვს, რომ შემხებოდა. რამდენიმე წამში მეორდებოდა მეორე დიდი ტალღა, რა დროსაც სიკვდილს ჩავხედე თვალებში, შორიდან რომ დავინახე, მთელ ჰორიზონტზე მოდიოდა და თან მესმოდა კივილი, დავიღუპებითო. მეც ვიფიქრე, რომ ამ ტალღას ვერ გადავურჩებოდით. ამ დროს ბავშვი ჩავიხუტე, რომ არ ეყურებინა, წინიდან ჩავიხუტე და კისერზე მომიჭირა. წამიერად მომაფიქრდა, რომ მოვა ტალღა, გავწვებით-მეთქი. როცა მოაწვა, ზურგზე დავწექი და ალბათ, ოცი მეტრი წაგვიყვანა. ავდექით, ოღონდ ყველგან ვეფლობოდით, ავდექით ყველა ერთად ისევ, ის ვეებერთელა ასასვლელი ტალახის, სადაც ხოხვა-ხოხვით ავიარეთ. ისევ წამოვიდა მეწყერი, მაგრამ ისეთი არა“, - ამბობს გიორგი.
მთელი ეს დრო უფროსებთან ერთად იყვნენ ბავშვები, მათ შორის, თომაც, რომელიც მამას ამხნევებდა, უჯერებდა და ღმერთს გადარჩენას თხოვდა.
„ხან ზურგზე მყავდა, ხან დავსვამდი, მანაც ბევრი იძრომიალა და ხოხვით მოდიოდა, როცა ვეტყოდი, რომ ვეღარ მივდიოდი.. დაახლოებით, ნახევარი საათი მოვუნდით გადასვლას, მივედით იმ ერთადერთ გადარჩენილ სახლში, სადაც ბაბუა დაგვხვდა, მაგრამ ამ სახლთან საძირკველი ჰქონდა გამოცლილი. საბოლოოდ, ავბობღდით ამაღლებულ ადგილას, სადაც მოტიტვლებული ადგილი იყო და მხოლოდ ერთი ხე იდგა. იმ ერთ ხეზე დავსვი თომა, რადგან ტალახი ცივი იყო და ციოდა ბავშვს. იქ, ხეზე ორი საათი იჯდა, მეკითხებოდა, როდის მოვლენო, მცივაო... ისე გმირულად იქცეოდნენ ბავშვები, არცერთს უტირია, პირიქით, აქით გვამხნევებდნენ. დანარჩენები დავსხედით ტალახში. 112-ში უკვე დარეკილი იყო, მეც დავრეკე. გვეუბნებოდნენ, რომ იცოდნენ ყველაფერი და ვერტმფრენი გზაში იყო. ჩვენ ვერტმფრენს ვითხოვდით, რადგან გადარჩენის სხვა გზა არ იყო. ვერტმფრენმა რომ პირველი წრე დაარტყა, იმედი გაჩნდა, მაგრამ უფრო მეტი იმედი ექვსმა რაჭველმა ბიჭმა მოგვცა.ჩვენ იმ ტალახიდან ვერ გადმოვიდოდით ვერაფრით, შორი გაგვატარეს იმ ბიჭებმა, რომლებმაც იქ კოტეჯის მიმოფანტული მასალებით პატარა გზა გაგკვიკეთეს და მიგვიყვანეს იმ ადგილზე, საიდანაც რამდენიმე წუთში უკვე ვერტმფრენმა გადაგვაფრინა სამშვიდობოს“, - ასე გადარჩა სტიქიის ეპიცენტრში 13 ადამიანი.
„ღმერთო, გვიშველე-ასე ვყვიროდთ ყველა და მართლაც ასე მოხდა“, - ამბობს გიორგი. ფიქრობს, რომ ძალა ერთმანეთს სრულიად უცნობმა ადამიანებმა მისცეს, რომლებიც არცერთი წუთით დანებებულან, მათ შორის, ყოჩაღად იყო ყველა ბავშვი, რომელთაგან ყველაზე პატარა 3 წლის იყო.
„მართლა ღმერთმა გადაგვარჩინა, ყველა ერთად ვყვიროდით, როცა მეწყერი მოდიოდა, ზევით ვიხედებოდით და გადარჩენას ვთხოვდით უფალს. უცებ ერთი ოჯახი გავხდით, სადაც მიდიოდნენ, იქით მივყვებოდი და ძალა მომცა იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემთან იყვნენ“, - ყვება გიორგი.
გადარჩენის შემდეგ მამა-შვილი სენაკში დაბრუნდა. თომა მძიმე ისტორიის დავიწყებას თანატოლებთან თამაშით ცდილობს, გიორგი კი ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე წუხს, რომელთაც მათსავით არ გაუმართლათ და მეწყერში მოყოლილებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.
3 აგვისტოდან დღემდე შოვში, სტიქიის ადგილას ნაპოვნია 21 ადამიანის ცხედარი, მათგან 19 იდენტიფიცირებულია, ამ დრომდე ეძებენ 12 დაკარგულს. ფოტო, ვიდეო: გიორგი ადამია
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები