სამშენებლო მასალით შექმნილი ხელოვნება - ქეთი მელქაძის გალერეა ენგურჰესის ატრაქციაზე (ფოტო/ვიდეო)
12:09 / 27.10.2023
მხატვარ ქეთი მელქაძისთვის ჭეშმარიტება ღვინოში კი არა, ხელოვნებაშია. ამიტომაც ენგურჰესის ატრაქციის ტერიტორიაზე მის გალერეაში რომ შეხვალთ, პირველი ნამუშევარი ამ წარწერით შეგეგებებათ: In art veritas. ქეთისთვის ყველა მისი ნამუშევარი, მისსავე ამბავს ჰყვება სიხარულებისა და წუხილების შესახებ, მათ შორისაა ეს მავთულებისგან შექმნილი კაცი.
„ხელოვნებაშია ჭეშმარიტება - მე ესე ვფიქრობ და ამიტომაც გავაკეთე ეს ფიგურა. ბევრი ადამიანი არ მიცნობს, მაგრამ ჩემს ნამუშევრებს ვინც ნახულობს, მე ყველა მიცნობს, იცის, რა მინდა, რა მაწუხებს და რა მტკივა, მთავარი ეს არის. შეკვეთებს არ ვღებულობ,რადგან არ შემიძლია, არ გამომივა ის, რაც მინდა, ზოგჯერ რა ხასიათზე ვარ, რაზე ვფიქრობ, ყველაფერი აგერ არის“, - იწყებს ჩვენთან საუბარს მხატვარი.
ამის შემდეგ „მის“ ოთახში შევყავართ. ქეთის გალერეას რომ ესტუმრებით, მის პირად სივრცეში თქვენც აუცილებლად მოხვდებით. პროფესიით ქართული ენა-ლიტერატურის ფილოლოგს ბარბარიზმები არ უყვარს, მაგრამ ამტკიცებს, რომ აქ საწოლი კი არა, „კრაოტი“ დგას. აქ ყველა ნივთი და ნამუშევარი ისევ ქეთიზე ჰყვება.
„ეს არის ჩემი ოთახი, ჩემი სამყარო ასეთია, ჩემი ტანსაცმელი, ჩემი ჩემოდანი და დაახლოებით, ასეთ პირობებში ვმუშაობ თბილისში. ბადე აქ დავდე იმიტომ, რომ ყველას აინტერესებს, რისგან ვაკეთებ, შეუძლიათ, ეს ბადე მოჭრან და თვითონაც სცადონ, ამიტომაც არის აქ.
ბევრი მასალით ვმუშაობ. ის ნახატი, მაგალითად, პოლიეთილენის პაკეტებით არის გაკეთებული. ეს საწოლი არ არის ეს ე.წ კრაოტია, ჟანგიანი. ძლივს ვიპოვეთ სადღაც სოფელში. ვერ ვიტან ბარბარიზმებს, მე პროფესიით ფილოლოგი ვარ, არ ვარ მხატვარი, მაგრამ აი, ეს არის „პრუჟინიანი კრაოტი“, აი, ამას ეს უხდება.
ეს ჩემი ტანსაცმელია, დაახლოებით, ასე ვიცვამ მე თვითონ და ეს არის ჩემი ჩემოდანი იმიტომ, რომ ცრემლიანი ადამიანი ძალიან ბევრია და ისეთი ადამიანიც ბევრი უნდა იყოს, ვინც ამ ცრემლს მოწმენდს ადამიანებს. აქვე, ცოტა სიცოცხლე რომ მეტად შემოტანილიყო, წყალი არის იქ...“, გვიხსნის მხატვარი.
გალერეაში თემატიკა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი სამუშაო მასალა - მავთული, ბადე, ცარცი, ფანქარი, რკინა... იქნებ, გაგიკვირდეთ, როცა მათ შორის „აღდგომას“ და „შობას“ ნახავთ იმ სახით, რა სახითაც ქეთიმ შექმნა, თუმცა მას ამის „ქეთისეული“ განმარტებაც აქვს.
„რასაც ვხედავ, იმას ვაკეთებ. ამ ნამუშევრის ახსნას არ დავიწებ, მოთხრობის დაწერა მომიწევს. ეს, როგორც აღდგომა, მე როგორც აღვიქვამ და ჩემთვის შობა ეს არის. შემეძლო გამეკეთებინა ბოსელი, ბეკეკა და ცხვარი, მაგრამ ჩემთვის ეს არის შობა. ბავშვი სადაც გყავს სახლში, შობაა. ხელი რკინის ბადეა, დანარჩენი ნახატი“, - გვესაუბრება თავის ნამუშევრებზე.
თქვენს ყურადღებას გალერეაში აუცილებად მიიპყრობს „ქართული კუთხე“ გალაკტიონთან, ნიკო ფიროსმანთან, სესილია თაყაიშვილთან და სხვებთან ერთად, თითოეული მათგანი მათ ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებთან და როლებთან ერთადაა წარმოდგენილი.
„ფიროსმანი ესე უნდა იყოს, ნუ, მე ვფიქრობ, რომ ასე უნდა იყოს ზურგით და მარგარიტას დეტალები... ეს არის ნიკორა, ვიფიქრე, რომ სათანადო ზომის გამეკეთებინა ეკლესიის მისასვლელ გზაზე ან მონასტერთან , არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ მეტყვიან, დაწერე პროექტი, ამ პროექტს განიხილავენ თუ არა, არ ვიცი... ვინ როგორ ხედავს, ეს ჩემი შეხედულებით ვაჟაა, ეს კი გალაქტიონი. ყველაფერს ისე აკეთებ, როგორც ხედავ ადამიანი. გალაკტიონის სიდიადეზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს არის იისფერი თოვლის ხიდიდან ფენა და დაღლილივით მისვლა ხატებთან. ეს ელენე ახვლედიანი, მარიტა, სესილია. რავიცი, მგონი, გვანან.
ჩემი ნამუშევრებიდან რამდენიმე ქართველის პორტრეტი უკვე გავაჩუქე, მათ შორის, ,,ჯარისკაცის მამა’’. ზოგადად, მე ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, ძალიან გულახდილად გეტყვით, სულ რომ მილიონი დოლარი გადამიხადონ, თუ არ მინდა, ვერ გავაკეთებ, ეს ჩემთვის ბიზნესი არ არის“, - ამბობს ქეთი.
„რაც შეეხება მედეას, რაც შეეხება არგონავტებს, ძაან დიდი თემაა. მედეა არ არის ის ქალი, რომ ვიღაც შეუყვარდა და მერე შვილები მიახოცა.... მედეა არის მედიცინა.
ჩვენ იმდენი რამ გვაქვს ქართველებს საამაყო. ჩვენგან ევროპაში დიდი ცოდნა წავიდა“, - ასე აფასებს მედეას როლს და შემდეგ გვიყვება მის მიერ შემქნილ პორტრეტებზე, ნატურმორტებზე, პეიზაჟებსა თუ ისტორიულ მოვლენებზე. და კიდევ ქარზე. თუ თქვენ არასოდეს გინახავთ, როგორ შეიძლება სამშენებლო ბადით გამოსახო ქარი, ენგურჰესის ატრაქციაზე სტუმრობისას აუცილებლად ნახავთ.
„მეგობარი მეხუმრა, ქარს თუ გააკეთებ ბადისგანო და ეს გავაკეთე. ეს ნახატები არის ყველა ცარცით ნახატი შავ ფურცელზე. ყველაფერს ვცდი, რაც ხელში მომხვდება... რთულია ძალიან, საერთოდ, მე მიყვარს მოხუცები, მაგრამ რთულია დასახატია მოხუცი... ეს პირველი და ერთადერთი ნატურმორტი მაქვს ცარცით ნახატი“, - გვიყვება მხატვარი და ციფრული ოთახისკენ მიგვიძღვის, სადაც სამშენებლო მავთულებით შექმნილი მამაკაცი კედელს მიყრდნობილი და თამბაქოთი ხელში თქვენთან ერთად უყურებს ენგურჰესის კაშხლის ისტორიას.
ქეთი მხატვრის ოჯახში გაიზარდა, თუმცა ხელში ფანქარი არასოდეს სჭერია. პირველად 50 წლის ასაკში სცადა და მას შემდეგ, 7 წელია, ასე მუშაობს, ქმნის ორიგინალური მასალით ორიგინალურ, საინტერესო და ისტორიის მქონე ნამუშევრებს.
„მე განათლებით ფილოლოგი ვარ, საერთოდ ფანქარი არ მჭერია ხელში იმიტომ, რომ არც მაინტერესებდა, ბაბუა 40 წელი იყო სამხატვრო აკადემიაში და არანაირად...
მერე პირველი დავიწყე ბადით მუშაობა, მერე რომ ვცადე, ფანქარი იყო პირველი და მერე წავიდა და წავიდა... ბოლოს ზეთიც.
ზეთით ბადეზეც, მართალი გითხრათ, არ მინახავს, იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ერთადერთი და განუმეორებელი, მართლა მსიამოვნებს ამის კეთება“, - ამბობს მხატვარი და დასძენს, რომ მხოლოდ საქართველოში სურს გალერეა ჰქონდეს, ამიტომაც მაშინვე დათანხმდა შეთავაზებას ატრაქციის ტერიტორიაზე მისი სივრცე მოეწყო.
„არ მინდა არსად, საქართველოს გარდა, მე არ ვაპირებ სადმე ვიცხოვრო. ამიტომაც მაქვს ამდენი ნამუშევარი, ამას ყველაფერს ჩვენთვის ვინახავდი, რომ გამეკეთებინა აქ გალერეა. მქონდა 7 პერსონალური გამოფენა, მინდოდა უფლისციხეშიც გამეკეთებინა, მაგრამ არ გამოვიდა. ეს გალერეა იქნება მუდმივმოქმედი და ეს არის მარტო ჩემი.
როდესაც გააკეთეს ატრაქცია, მითხრეს, რომ იქნებ რაღაც მოგვცეო და ის ბიჭი, კინოთეატრში რომ წევს, ეს ვაჩუქე ატრაქციას. მერე მითხრეს, რომ იქნებ ჩამოხვიდე, რაღაც გვინდა შემოგთავაზოთო...აი, ეს სივრცე უკვე ჩემია. ეს კედლები ჩემია და ჩემს ნამუშევრებს არ უნდა არც სიმდიდრე და არც არაფერი. მე მიყვარს უბრალოება და სისადავე, მაგრამ რაღაც შეიძლება იყოს ძვირფასი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი თანხა დაჯდა ამის გაკეთება“, - დასძენს ჩვენი რესპონდენტი.
სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. სურს, იმავე ტემპში იმუშაოს და თვეში სამი ან ოთხი ნამუშევარი შესძინოს საკუთარ შემოქმედებას. აქვს შეთავაზებები და მიწვევები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, თუმცა მისი მთავარი გეგმები ახლა ენგურჰესის ატრაქციაზე მოწყობილ გალერეას უკავშირდება. ახლა აქ ბოლო დეტალები ზუსტდება ოფიციალურად დამთვალიერებლების მისაღებად, ქეთი აპირებს, მასტერკლასებიც ჩაატაროს და თან ისაუბროს ყველაფერზე, რაც მის ნამუშევრებს ეხება.
„ჩემი ნამუშევრით მე რას ვეუბნები, თვითონ დაინახოს ადამიანმა, თვითონ აღიქვას და ჩემი ნათქვამი ეგ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არ არის არანაირი აგრესია, არანაირი სექსი, მარტო ადამიანური, რასაც განვიცდი, რაც მტკივა და მიხარია, აი, ამას ვაკეთებ“, -ასრულებს ჩვენთან საუბარს ოსტატი და თბილისში მიემგზავრება, სადაც ბადით, მავთულით ან სულაც პოლიეთილენის პარკით გალერეის კიდევ არაერთ ბინადარს შექმნის.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები