23 წლის ანი გაბელია შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში ინგლისური ენის პროფესიულ მიმართულებაზე ლექციებს კითხულობს. ის 2020-2021 წლებში გაცვლითი პროგრამით პორტუგალიაში, „პორტოს საერთაშორისო უნივერსიტეტში“ სწავლობდა.
როგორც თვითონ ამბობს, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სპონტანურად მიიღო და აპლიკაციის შევსებისას არ ელოდა პროგრამაში გამარჯვებას.
„არ მეგონა, რომ საკმარისად კარგი ვიყავი ამ პროექტისთვის, მაგრამ ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ის ოფიციალური მეილი, რომელიც ადასტურებდა, რომ ამ პროექტში გავიმარჯვე და რეალურად ეს იყო იმედი იმისა, რომ მომავალში შევძლებდი სხვა პროექტებში ჩართვასაც და მივიღებდი მონაწილეობას არამხოლოდ ადგილობრივ პროექტებში, არამედ საერთაშორისო პროგრამებში. ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, სწავლა გამეგრძელებინა საზღვარგარეთ“, - ეუბნება ანი რადიო
„ათინათს“.ის საქართველოში ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებაზე სწავლობდა, ხოლო პორტუგალიაში სწავლა გააგრძელა ენების, ლიტერატურის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
ანი გვეუბნება, რომ ამ პროცესში მთავარი დაბრკოლება მისი მცირე ასაკი და სხვა ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრება იყო, თუმცა მისი თქმით, პორტოში ჩასვლისას მეგობრულმა ატმოსფერომ მარტო ცხოვრების შიში დააძლევინა და ადაპტაციაც არ გასჭირვებია.
როგორც ანი გვიზიარებს, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ის ერთადერთი უცხოელი იყო და ცდილობდა საკუთარი ქვეყნის კულტურა ადგილობრივებისთვისაც გაეცნო.
„დამხვდა ძალიან მეგობრული ატმოსფერო, ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, სტუდენტები , რომლებიც ჩემსავით იყვნენ ჩასულები იმისთვის, რომ გაეზიარებინათ სხვა ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, ღირებულებები და მიეღოთ განათლება. ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის აღმოჩნდა ის, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენივე გამოცდილება და ინფორმაცია ჩვენივე ქვეყნებზე. ვაწყობდით კულტურათაშორის ღონისძიებებს, საღამოებს, სადაც შემეძლო გამეკეთებინა ჩემი ქვეყნის პრეზენტაცია. ჩემი საუნივერსიტეტო ქალაქი კი ძალიან გამორჩეული იყო.ეს რეალურად ჩემთვის სიახლე იყო, რადგან ჩემი უნივერსიტეტის ფაკულტეტები განაწილებული იყო სრულიად მთელს ქალაქში. მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ არამხოლოდ ჩემს ფაკულტეტზე მესწავლა, არამედ მენახა სხვა ფაკულტეტები, ის სპეციალობები, რომლებიც ამ ფაკულტეტებზე ისწავლებოდა. დავუახლოვდი იმ სტუდენტებს, რომლებიც სრულიად სხვა საჭიროებებით იყვნენ ჩასული პორტუგალიაში", - განმარტავს ის.
ის ასევე ამბობს, რომ ქართველები და პორტუგალიელები გარკვეული თვალსაზრისით ჰგვანან ერთმანეთს და მაგალითად გვისახელებს სტუმართმოყვარეობის, ოჯახისა და მეგობრობის იდენტურ აღქმას.
რაც შეეხება სტუდენტური ცხოვრების ასპექტებს, რომელიც განასხვავებს ქართულ და პორტუგალიურ რეალობას, მისი თქმით, პორტოში ქალაქისა და უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სტუდენტური სერვისები გაცილებით მრავალფეროვანი იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი და განსხვავებული აღმოჩნდა ჩემთვის ის სტუდენტური სერვისები, რომელსაც მთავაზობდა ქალაქი და უშუალოდ უნივერსიტეტი და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითაც ზოგადად ევროკავშირი უსვამს ხაზს, რომ სტუდენტის სტატუსის ქონა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ეს გამოიხატება იმით, რომ გაქვს ძალიან ბევრი სერვისი, როგორც მომსახურების სფეროში, ასევე კულტურის მიმართულებით“, - აღნიშნავს ანი.
დღეს, ის საკუთარ გამოცდილებას უკვე სხვებს უზიარებს, ეხმარება გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს სააპლიკაციო ფორმის შევსებასა და გასაუბრებისთვის მომზადებაში.
„სტუდენტებისგან ძალიან ბევრი კითხვები არის ხოლმე უშუალოდ იმ პერიოდზე. ამან მიბიძგა, რომ მომავალში დავგეგმო საჯარო შეხვედრა ლექციის ფორმატში, სადაც ვისაუბრებ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდულ პროექტებზე. ვაპირებ, რომ „ქეის სთადი“ შემოვიტანო თვითონ სააპლიკაციო ფორმა, რადგან ამაზე ძალიან ბევრი კითხვა არის ხოლმე. ვგეგმავ, რომ სწორედ სააპლიკაციო ფორმის შევსებაც ვასწავლო და გავუზიარო უფრო ვრცელ აუდიტორიას იმის შესახებ ინფორმაცია, თუ რა სახის შესაძლებლობები არსებობს დღესდღეობით".
ანი აღნიშნავს, რომ პორტუგალიაში გატარებულმა პერიოდმა გარდამტეხი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში და პრაქტიკაში ეფექტურად იყენებს ევროპულ განათლებას. ჩვენთან საუბრის ბოლოს კი, ახალგაზრდებს ურჩევს, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც გაცვლითი პროგრამები სთავაზობენ.
მასალის გამოყენების პირობები