ამ წუთებში, ზუგდიდში, აქციის მონაწილეები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. ისინი აპროტესტებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების.
მსვლელობის მონაწილეები პერიოდულად ჩერდებიან და სიმბოლურად, დროებით გზებს კეტავენ.
მანამდე, ისინი სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ.
სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ევროპა უალტერნატივო მომავალია საქართველოსთვის და ამისთვის, მშვიდობიან გარემოში ხელახალი არჩევნების ჩატარებაა აუცილებელი.
„ამ ახალგაზრდებმა ჩვენზე კარგად იციან, რას ნიშნავს კონსტიტუციის სიყვარული, იმიტომ, რომ ესენი სკოლას ამით იწყებენ... როდემდე გინდათ ეს ქვეყანა, საქართველოდან წასულებმა გარედან აშენოთ, როდემდე გინდათ მიწას აბაროთ ღირსეული სტყვის მთქმელები, როდემდე გინდათ ანთიმოზ ივერიელივით, სხვისი ქვეყნის განმანათლებლები გვერქვას და ჩვენს ქვეყანაში, დევნილები“, - განაცხადა ფილოლოგიის დოქტორმა, ბელა მოსიამ.
აფხაზეთიდან დევნილმა, ირაკლი ტაბაღუამ, პროტესტის მონაწილეებს, ექსპრომტად დაწერილი ლექსის სტრიფებით მიმართა:
„მე გუშინწინ შემეძინა ბავშვი, რუსთაველი გუგუნებდა როცა,
ჩემი გოგო დაიბადა მაშინ, მთავრობამ რომ ზურგში ტყვია მოგვცა,
ჩემი გოგო გაიზრდება მაშინ, ვიგუგუნებთ ევროპულად როცა,
ჩემი გოგო გაიზრდება გალში, უკვე დიდხანს არ მოგვიწევს მოცდა“.
ზუგდიდში, უკვე მე-4 დღეა პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. ზუგდიდელებისა და სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია შეაფერხა და ამით, დაუპირისპირდა ქართველი ხალხის ისტორიულ მონაპოვარს.
მოქალაქეები, მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესები საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და კონსტიტუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუხლის დარღვევას ეხება, რომელიც ხელისუფლებას ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ხელშეწყობას ავალდებულებს.
ამავე თემაზე:
სამეგრელო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო)
აბა ულა ევროპაშა - აქცია ჩხოროწყუში (ფოტო)
ზუგდიდელები ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ (ფოტორეპორტაჟი)
დღეს რაც ხდება, ეს არის ერის ღალატი, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა შეკრებილებს მიმართეს (ფოტო/ვიდეო)
ვაპროტესტებთ საქართველოს რუსეთიზაციას, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები