ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილეები სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან მსვლელობით დაიძრნენ ქალაქის ქუჩებში.
ისინი პერიოდულად ჩერდებოდნენ სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, პოლიციის რაიონული სამმართველოსთან, ასევე, ზუგდიდის რაიონის სასამართლოსთან.
დემონსტრანტები გზადაგზა საპროტესტო სტიკერებს არიგებდნენ, რომელზეც "დაიბრუნე ხმა" ეწერა. მსვლელობის მიმდინარეობისას, ავტომობილების მძღოლების ნაწილი პროტესტანტებს ხმოვანი სიგნალებით ამხნევებდა.
მერიის შენობასთან პროტესტის მონაწილეებმა თქვეს, რომ აუცილებელია საჯარო მოხელეების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება, ხოლო სასამართლოს შენობასთან მათ განაცხადეს, რომ მართლმსაჯულების სისტემის არაფორმალური და კლანური დაჯგუფებისგან დახსნა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების წინაპირობაა.
მსვლელობისას, დემონსტრანტები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, შეუერთდნენ პროტესტს, რომელიც მოჰყვა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ.
მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 14 საათზე შეიკრიბნენ.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ზუგდიდის სხვადასხვა ქუჩიდან:
მასალის გამოყენების პირობები