აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები დაწესდა, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ იუწყება.
მათივე ცნობით, „რესპუბლიკის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, 7:00 - დან 21- საათამდე, მოსახლეობას ელექტროენერგია ორჯერ, 2 საათით და 20 წუთით მიეწოდება, 21:00 - დან 7:00 საათამდე კი შეუზღუდავად.
მანამდე, აფხაზურმა ენერგოკომპანიამ განაცხადა, რომ 7 დეკემბრიდან, აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი ამოქმედდება. შეზღუდვის დრო ორი საათით გაიზარდა და დღე - ღამეში შუქი
ექვსი საათით გაითიშება.
უფრო ადრე, „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ „ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკულია“.
მისი თქმით,
„ენგურჰესი“ ავარიული გათიშვის პირასაა, ეს კი ნიშნავს, რომ „აფხაზეთის ნაწილი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს“.
6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს
სრულად შეუჩერა დაფინანსება.
ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმს მოსკოვიდან მოწოდებული ელექტროენერგიისთვის
კომერციული ფასის გადახდა მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები