დღეს, 8 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის
მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები შეჩერების განახლებული
მექანიზმის კომპრომისულ ტექსტზე წარმატებით დასრულდა და რეგულაციის
საბოლოოდ შეთანხმებულ რედაქციას კენჭი ეყარა სამოქალაქო თავისუფლების,
მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტის
სხდომაზე.
კენჭისყრა
"შეჩერების მექანიზმთან" დაკავშირებით
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მომავალ კვირაში გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მიღწეული შეთანხმება
მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის
თვალსაზრისით და პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის
უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს.
"შეჩერების მექანიზმთან" დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ქმნის
საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის
ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად
გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება.
"მივესალმებით შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ
მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ
ადასტურებს ევროკავშირის ინსტიტუტების ნებას საქართველოს
მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებასთან
დაკავშირებით. საქართველო უკვე ძალიან ახლოსაა საბოლოო მიზანთან და
მოკლე დროში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ
უვიზო მიმოსვლით, რაც პირველი ყველაზე ხელშესახები შედეგი იქნება
საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე", - განცხადებას საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები