ევროკომისარი იოჰანეს ხანი ვარაუდობს, რომ შესაძლო დაპატიმრებების
განსახორციელებლად,
ანკარამ წინასწარ შეადგინა თავისი მოწინააღმდეგეების სია. ფედერიკა
მოგერინიმ ანკარას ადამიანის უფლებების და დემოკრატიის პრინციპების
პატივისცემისკენ მოუწოდა. ევროკომისიამ თურქეთის ხელმძღვანელობა
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ
მოსალოდნელი იყო, რომ მის შედეგებზე მუშაობა საერთაშორისო სამართლის
შესაბამისად წარიმართებოდა, „თუმცა, იმის მიხედვით, რასაც ჩვენ
ვხედავთ, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ სინამდვილეში ასე არ ხდება", - ამის
შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეოს საქმეთა
სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, გაფართოებისა და
სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ხანმა
განაცხადა.
მან შეშფოთება გამოთქვა იუსტიციის ორგანოების რამდენიმე ათასი
თანამშრომლის მრავალრიცხოვან დაკავებებთან დაკავშირებით. „ეს სწორედ
ის არის, რისიც გვეშინოდა", - განმარტა მან.
"ის გარემოება, რომ უშუალოდ მოვლენების შემდეგ, უკვე არსებობდა სია,
რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი წინასწარ იყო მომზადებული, მათი
საჭირო მომენტში გამოსაყენებლად", - განაცხადა ხანმა.
"ქვეყანა, რომელიც სიკვდილით დასჯის შემოღებას აპირებს, ევროკავშირში
ვერ შევა",- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა
მოგერინიმ.
16 ივლისს, ღამით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა,
რომლის შედეგად, დაახლეობით 300 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ
ქვეყნის არმიასა და იუსტიციის ორგანოებში მასობრივი წმენდა დაიწყო.
დაკავებულია 6 ათასამდე ეჭვმიტანილი. დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან
დღის წესრიგში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხის განხილვა
დააყენეს.
მასალის გამოყენების პირობები